ლეგენდარული იტალიელი რეჟისორი ტინტო ბრასი, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ცნობილი იყო ისტორიული, ეროტიკული ფილმებით. ტინტო ბრასმა გადაიღო "კალიგულა".
რეჟისორის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა იტალიურ საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს დაუდასტურა.
ტინტო ბრასი 1933 წელს მილანში, ხელოვანთა ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად სამართალს სწავლობდა, თუმცა 1950-იანი წლების ბოლოს კინოს სფეროთი დაინტერესდა. მოგვიანებით პარიზში რობერტო როსელინი გაიცნო და მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაღებულ დრამაში, "გენერალი დელა როვერე“ რეჟისორის ასისტენტად იმუშავა.
1983 წელს ბრასმა გადაიღო ფილმი "გასაღები“ - იაპონელი მწერლის, ჯუნიჩირო ტანიძაკის რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლს სტეფანია სანდრელი ასრულებდა. ამ ნამუშევრით რეჟისორი უფრო დახვეწილი, მაღალი ესთეტიკის ეროტიკული კინოს მიმართულებით წავიდა, რამაც საერთაშორისო აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა.
მას მოჰყვა სხვა ფილმებიც, რომლებიც ქალი პერსონაჟების სექსუალური გათავისუფლებისა და თვითშემეცნების გზას ასახავდა. მათ შორისაა "შავი ანგელოზი“ (2002) და "გააკეთე ეს“ (2003).