30 წლის ხესუს დე მიგელის გარდაცვალებამ ესპანეთის კანარის კუნძულ ტენერიფეზე საყოველთაო გლოვა გამოიწვია. ფეხბურთელის დაღუპვის შემდეგ სტადიონი, სადაც ის ბოლოს თამაშობდა, ხსოვნის მემორიალად იქცა - გულშემატკივრებს ყვავილები, სანთლები, ფოტოები, შარფები და ბავშვების ნახატები მიაქვთ. ტრაგედიის შემდეგ პირველად ისაუბრა მეკარე ხესუს ოვონომაც, რომლის წინააღმდეგ თამაშის დროსაც ფეხბურთელი მატჩის დროს მძიმედ დაშავდა.

საბედისწერო ეპიზოდი შეხვედრის მიწურულს მოხდა. "ანდორას“ მეკარე ხესუს ოვონო ბურთის მოგერიებას ცდილობდა, თუმცა ფეხი ბურთს ასცდა და დარტყმა "ტენერიფეს“ თავდამსხმელს გულ-მკერდის არეში მიაყენა.
დე მიგელი მოედანზე უგონოდ დაეცა. მას გული გაუჩერდა. ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს, თუმცა ფეხბურთელი მეორე დღეს, 3 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარის შემდეგ ოვონოს მიმართ სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკა დაიწყო. მეკარეს ანგარიშების დროებით გაუქმებაც მოუხდა, რათა აგრესიული შეტყობინებებისა და ბრალდებებისგან თავი დაეცვა.
რამდენიმე დღის შემდეგ მან დუმილი დაარღვია და გარდაცვლილ ფეხბურთელს ემოციური პოსტი მიუძღვნა.
"ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. მიჭირს სიტყვების მოძებნა და ძალიან რთულია მომხდარის გააზრება. ხესუსის გარდაცვალების გამო უდიდეს ტკივილს განვიცდი. მასზე, მის ოჯახსა და ყველა იმ ადამიანზე ვფიქრობ, ვისაც ის უყვარდა.
ვიცი, რომ ბევრი საკითხია გასარკვევი და ნებისმიერ შედეგს პატივისცემით მივიღებ. თუმცა ახლა, გულწრფელად რომ ვთქვა, ხესუსისა და იმ ტკივილის გარდა, რომელსაც ყველა განვიცდით, სხვა არაფერზე ფიქრი არ შემიძლია. განისვენე მშვიდად, ხესუს“, - წერს ოვონო.

მეკარის მოქმედებას სამართლებრივი შეფასებაც უნდა მიეცეს. ესპანეთში მომხდარის გარემოებებს იძიებენ, თუმცა ამ ეტაპზე ოვონოს ბრალეულობა დადგენილი არ არის. ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მეკარე ოთხი წლით დააპატიმრონ.
"ელიოდორო როდრიგეს ლოპესის“ სტადიონი გულშემატკივრებისთვის ხსოვნის ადგილად იქცა. ბოლო დღეების განმავლობაში იქ ასობით ადამიანი მივიდა. სტადიონის მე-9 შესასვლელთან ყვავილების თაიგულები, ლოცვის ბარათები, ფეხბურთელის ფოტოები, ბავშვების ნახატები და საფეხბურთო შარფები დააწყვეს.
ადამიანები ჩუმად დგანან, კითხულობენ დატოვებულ წარწერებს და ცდილობენ გააცნობიერონ, რომ ფეხბურთელი, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ ამავე მოედანზე გულშემატკივრობდნენ, აღარასოდეს დაბრუნდება.
მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ჩვეულებრივი საფეხბურთო საღამო ასეთი ტრაგედიით დასრულდებოდა.
"არასოდეს გვიფიქრია, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. მივხვდით, რომ მდგომარეობა სერიოზული იყო, როდესაც ფეხბურთელები მის გარშემო შეიკრიბნენ. მაგრამ ფეხბურთელების ტირილისა დანახვა ძალიან ემოციური იყო. როდესაც მეორე დღეს მომხდარის შესახებ გავიგეთ, ეს ყველაფერი გაცილებით მძიმედ გავიაზრეთ“, - იხსენებენ ისინი.
ლი ამბობს, რომ სტადიონზე ატმოსფერო მძიმე და თითქმის სრულიად მდუმარე იყო. მაყურებელი ელოდა, რომ ფეხბურთელი გადარჩებოდა.
"ყოველთვის გგონია, რომ ადამიანი მდგომარეობიდან გამოვა. მეორე დღეს კი ეს ამბავი რომ გავიგეთ, უბრალოდ დაუჯერებელი იყო“, - ამბობს ის.
ოთხშაბათს წყვილი სტადიონზე დაბრუნდა და ხესუს დე მიგელის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად "პორტ ვეილის“ მაისური დატოვა. ეს მათი საყვარელი ინგლისური კლუბია.

ხესუს დე მიგელის დაკარგვა განსაკუთრებით მტკივნეულია მათთვის, ვინც მას წლების განმავლობაში იცნობდა და მის გვერდით თამაშობდა.
კარლოსი, რომელიც "ტენერიფეს“ შშმ პირთა გუნდში თამაშობს, ფეხბურთელის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად სტადიონზე დროშით მივიდა.
"სიმართლე გითხრათ, მის აღსაწერად სიტყვები არ არსებობს. ის საოცარი ადამიანი იყო“, – ამბობს კარლოსი.
"მან ამ მაისურისთვის ფაქტობრივად გული და სული გაიღო. ის უკვე კლუბის ლეგენდაა. რამდენიმე წლის წინ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავით და სწორედ ის დაგვეხმარა სირთულის დაძლევაში. ვფიქრობ, დღეს იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ“, - იხსენებს კარლოსი.
"როდესაც სტადიონი დავტოვე, ვკანკალებდი და ეს შეგრძნება საათების განმავლობაში არ გამქრალა. ახლა ძალიან გვტკივა და წარმოუდგენლად სევდიანები ვართ. მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო მის ოჯახსაც. მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, რა მდგომარეობაში იქნებიან ისინი“, - ამბობს სპორტსმენი.
გლოვა მხოლოდ გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს არ ეხებათ. ტენერიფეს ტრაგედიას მთელი კანარის კუნძულები განიცდის. კანარის კუნძულების განათლებისა და სპორტის მინისტრმა პოლი სუარესმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ტენერიფე გლოვაშია.
"კანარის სპორტი განადგურებულია. კლუბი გატეხილია. სრულიად განადგურებულია“, - აღნიშნა მან.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გარდაცვლილის ოჯახზე გაამახვილა. მისი თქმით, ყველაზე მძიმე დანაკარგი ხესუსის მეუღლეს, ქალიშვილსა და ოჯახის სხვა წევრებს დაატყდათ თავს.
კუნძულების მთავრობამ კლუბს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერა აღუთქვა. სუარესის განცხადებით, დე მიგელი მხოლოდ ფეხბურთელი არაა - ის კანარის კუნძულების სპორტული ისტორიის ნაწილად იქცა.

"ხესუს დე მიგელის დაკარგვა ჩვენი ისტორიის ნაწილია. არა მხოლოდ მისი გარდაცვალების გარემოებების გამო, არამედ იმ სიყვარულის გამოც, რომელსაც ის ყოველთვის გამოხატავდა ჩვენი კუნძულისა და თავისი კლუბის მიმართ“, - განაცხადა მინისტრმა.