დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, ცხრა მამაკაცის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ ბრალად ედებათ ქალის გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში მონაწილეობა, ასევე დანაშაულის ინტერნეტით წახალისება. ქალის ქმარმა, რომელიც 60 წელს გადაცილებულია, მეუღლის წინააღმდეგ ჩადენილი 60-ზე მეტი დანაშაული უკვე აღიარა. გამოძიების თანახმად, ის სხვა მამაკაცებს სახლში იწვევდა, ცოლს აუპატიურებინებდა, ცოლი კი სექსუალური ძალადობის დროს უგონო მდგომარეობაში იყო.
საქმეზე ცხრა მამაკაცია ბრალდებული. მათ ნაწილს ქალზე უშუალო სექსუალურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად, დანარჩენებს კი - დანაშაულის ინტერნეტით წახალისება და შეთქმულებაში მონაწილეობა.
პროკურორმა ლუიზ ოკლიმ სასამართლოს განუცხადა, რომ ქმარი საკუთარ "გარყვნილ სურვილებს“ იკმაყოფილებდა და სახლში სულ უფრო მეტ მამაკაცს იწვევდა.
"როგორც ჩანს, 2025 წლის დასაწყისში მას არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ახალი წლიდან ცოლის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედებები შეეწყვიტა. პირიქით, საკუთარი გარყვნილი სურვილების დაკმაყოფილებას აგრძელებდა და სულ უფრო მეტი ადამიანის მისვლაზე თანხმდებოდა“, – განაცხადა პროკურორმა.
ერთ-ერთ შეტყობინებაში მან ქალის ქმარს მისწერა: "უგონო მდგომარეობაში მყოფი აშკარად უკეთესია“, სხვა შეტყობინებაში კი იმედი გამოთქვა, რომ ქალი იმ ღამესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა.
მიმოწერიდან ირკვევა, რომ ქმარი მას სხვა მამაკაცების მიერ ცოლის გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველ მასალებს უგზავნიდა. რეინერი დაინტერესდა, იცოდა თუ არა ქალმა, რომ მას ტანსაცმელი გახადეს და მასზე სექსუალურად იძალადეს. ქმარმა დაადასტურა, რომ ცოლს ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა.
სასამართლოს ინფორმაციით, 2025 წლის დასაწყისში ქალზე ერთ ღამეში ორმა მამაკაცმა იძალადა. ერთ-ერთი მათგანი 59 წლის ფილიპ უაილდი იყო, მეორე კი - 28 წლის მოჰამედ საბირი.
პროკურორის განცხადებით, უაილდმა კარგად იცოდა, რომ ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და სექსუალურ აქტივობაზე თანხმობის მიცემა არ შეეძლო. მისი თქმით, მამაკაცი მანამდეც ყოფილა ამ სახლში და ქალის მდგომარეობა მისთვის უცხო არ ყოფილა.
საბირიმაც იცოდა, რომ საძინებელში შესვლისას ქალი გონზე არ იყო. პროკურატურის მტკიცებით, მას არც უცდია ქალთან კომუნიკაცია ან მისი თანხმობის მიღება.
მოგვიანებით ქალის ქმარმა საბირის სთხოვა, გაცნობის ვებგვერდზე მომხდარის შესახებ შეფასება დაეტოვებინა. სასამართლოს წარუდგინეს კიდეც მისი გამოხმაურება:
"შეხვედრის მოწყობა ძალიან მარტივი იყო. პირველად მქონდა გამოცდილება, როცა სხვის ცოლთან მისი ქმრის თანდასწრებით ვიწექი. ამისთვის მადლობა. იმედი მაქვს, მალე კიდევ შევხვდებით“.
საბირი გაუპატიურებასა და გაუპატიურების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობას უარყოფს.
კიდევ ერთი შემთხვევა 2025 წლის მაისში მოხდა. სასამართლოს ინფორმაციით, ქალის ქმარი გაცნობის ვებგვერდზე 31 წლის ჯორდან უოლესს დაუკავშირდა. მამაკაცი მანჩესტერის რაიონ უაითენშოუში სამშენებლო მასალების კომპანიაში მუშაობდა.
უოლესმა მსხვერპლი ქალის ქმარს მისწერა, რომ ნასვამი იყო და სთხოვა, მანქანით მისულიყო მის წასაყვანად. ერთ-ერთ შეტყობინებაში ის წერდა, რომ 13 წუთში მივიდოდა და მის ცოლთან ერთად "გარყვნილად გაერთობოდა“. როდესაც ქმარმა მისი წაყვანა არ ისურვა, უოლესმა განაცხადა, რომ მისამართზე ველოსიპედით მივიდოდა.
პროკურორის თქმით, უოლესმა იცოდა, რომ ქალი უგონო მდგომარეობაში იყო და თანხმობის მიცემა არ შეეძლო.
"რა ჯანდაბას აკეთებ?“ – უთქვამს ქმარს მისთვის და გაუფრთხილებია, რომ ქალს გააღვიძებდა.
უოლესმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, თუმცა ქმარს მის მიერ გადაღებული ვიდეოების გაგზავნა სთხოვა. მამაკაცმაც მასალა გაუგზავნა.
უოლესი გაუპატიურებისა და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებებს არ აღიარებს.
2025 წლის ივნისში ქმარმა ცოლზე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში განახორციელა დამამცირებელი და ხანგრძლივი სექსუალური ძალადობა. იმავე საღამოს მან სახლში ზედიზედ ორი მამაკაცი მიიწვია.
ერთ-ერთი მათგანი 42 წლის ალან კილინი იყო, რომელიც სამრეწველო დასუფთავების კომპანიაში მუშაობდა. პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცი უგონო ქალს ზემოდან მოექცა, ქალის შავი საცვალი ეცვა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება სცადა. როდესაც ეს ვერ შეძლო, ქალზე სხვა ფორმით იძალადა.
კილინი სექსუალური ძალადობის ბრალდებებს უარყოფს.
2025 წლის ივლისში ქმარი კვლავ დაუკავშირდა სხვა მამაკაცს - 38 წლის რიჩარდ ტაუნსენდს. სასამართლოს ინფორმაციით, მან იცოდა, რომ ქალი გონზე არ იყო, თუმცა ქმრის დახმარებით მასზე სექსუალურად იძალადა. როდესაც ქალმა ფეხი გაამოძრავა და მოუსვენრობა დაეტყო, ორივემ გადაწყვიტა, რომ იმ ღამისთვის საკმარისი იყო და ტაუნსენდი სახლიდან წავიდა.
ის სექსუალური ძალადობის ბრალდებას არ აღიარებს.
საქმეში კიდევ ერთი განსაკუთრებით შემაშფოთებელი ეპიზოდი 43 წლის ჯონათან კირკს უკავშირდება, რომელიც სტოკპორტიდანაა და პარამედიკოსად მუშაობდა. პროკურორის განცხადებით, კირკი სხვა ბრალდებულებთან შედარებით უფრო ფრთხილობდა და თავდაპირველად ქალის ქმარს საკუთარი სახლის მისამართზე შეხვედრა შესთავაზა.
2025 წლის აგვისტოში ქმარი მასთან მივიდა და უგონო მდგომარეობაში მყოფი ცოლის ფოტოები აჩვენა, რომლებშიც ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ქმარმა ასევე უთხრა, რომ მეუღლისთვის ნარკოტიკული ნივთიერების მიცემას განიხილავდა. კირკმა გააფრთხილა, რომ ეს შესაძლოა ძალიან საშიში ყოფილიყო. მოგვიანებით კირკი ტაქსით თავად მივიდა მამაკაცის სახლში.
"როგორც გამოცდილ პარამედიკოსს, მას არ შეიძლებოდა ვერ შეემჩნია, რომ ქალი გონზე არ იყო. მას ამის ამოცნობა პროფესიულად ევალება. სიმართლე ისაა, რომ მან იცოდა ეს და სწორედ ასეთ მდგომარეობაში სურდა ქალის ნახვა“, – განაცხადა პროკურორმა.
სასამართლოს ინფორმაციით, ქალთან სქესობრივი კავშირის შემდეგ კირკი წამოდგა, აღფრთოვანება გამოხატა და სახლიდან წავიდა.
კირკი გაუპატიურებისა და გაუპატიურების მიზნით შეთქმულების ბრალდებებს უარყოფს.
საქმეში გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჟურნალისტებმა, რომლებმაც Telegram-ზე დახურულ ჯგუფში შეღწევა შეძლეს. ჯგუფის წევრებს განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ მძინარე ან უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალებთან სექსუალური კავშირის მიმართ. სწორედ ამ ჯგუფში აღმოაჩინეს ქალის ქმარი, რომელიც მეუღლის ფოტოებსა და ვიდეოებს სხვა წევრებს უზიარებდა. მასალებში ჩანდა, როგორ ხდებოდა ქალზე სექსუალური ძალადობა მაშინ, როდესაც მას მომხდარის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა.
პოლიციამ მამაკაცი ჯგუფში გავრცელებული მასალების საფუძველზე ამოიცნო.
2025 წლის ოქტომბერში პოლიცია წყვილის სახლში მივიდა და ქმარი დააკავა. სწორედ მაშინ შეიტყო ქალმა, რომ მეუღლე მასზე სექსუალურად ძალადობდა და ამ პროცესში წლების განმავლობაში სხვა მამაკაცებსაც რთავდა.
პროკურორმა ლუიზ ოკლიმ სასამართლოზე განაცხადა, რომ ქალის აქამდე არსებული ცხოვრება იმ მომენტში დასრულდა, როდესაც პოლიციამ კარზე დააკაკუნა და ქმრის დანაშაულების შესახებ აცნობა.
ქალმა არ იცოდა, რომ მეუღლე მას 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებდა. პროკურატურის მტკიცებით, ფარულად აძლევდა სხვადასხვა პრეპარატს, ზოგჯერ ალკოჰოლთან ერთადაც.
პოლიციამ მამაკაცის ტელეფონი ამოიღო. მასში მილიონზე მეტი ფოტო და ვიდეო აღმოაჩინეს, რომლებიც ქალზე თავად ქმრისა და სხვა მამაკაცების მიერ განხორციელებულ ძალადობას ასახავდა.