ავტორი:

"ორივე პალატაში ბევრი გამოძიება დაიწყება... გამოიძიებენ ტრამპის კავშირებს რუსეთთან" - როგორ შეცვლის აშშ-ის პოლიტიკას დემოკრატების გამარჯვება, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით?

"ორივე პალატაში ბევრი გამოძიება დაიწყება... გამოიძიებენ ტრამპის კავშირებს რუსეთთან" - როგორ შეცვლის აშშ-ის პოლიტიკას დემოკრატების გამარჯვება, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით?

აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა და კონგრესზე სრული კონტროლი დაამყარა შუალედური არჩევნების შედეგებით, დემოკრატიულმა პარტიამ სენატში 54 ადგილი მოიპოვა, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში, სულ მცირე, 225 მანდატი დაისაკუთრა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორი წლის განმავლობაში სერიოზული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგება - დემოკრატების ამ გამარჯვებამ შესაძლოა შეცვალოს ძალთა ბალანსი ვაშინგტონში, ხოლო შედეგები გასცდეს აშშ-ის შიდა პოლიტიკას და გავლენა იქონიოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზეც.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიზეზი, რის გამოც რესპუბლიკურმა პარტიამ შუალედური არჩევნები წააგო და როგორც სენატზე, ასევე წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დაკარგა, ირანთან ომია.

"ჩვენი წაგების მიზეზი ომია. პრეზიდენტმა თავად თქვა ეს გუშინ ღამით“, - წერს ვენსი სოციალურ ქსელში.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: “მე საარჩევნო ბიულეტენში არ ვიყავი, რომ ვყოფილიყავი, დამაჯერებელი გამარჯვებით მოვიგებდით!“.

მოგვიანებით New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ, აბსოლუტურად, მზად არის არჩევნების შედეგების მისაღებად და ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის.

საერთაშორისო ექსპერტების უმრავლესობა დემოკრატიული პარტიის სრულ გამარჯვებას ტრამპის არათანმიმდევრულ, ქაოსურ და არასერიოზულ პოლიტიკას უკავშირებს, რაც დანარჩენ ევროპაზეც აისახა.

რა შეიცვლება დემოკრატების გამარჯვებით ამერიკაში როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე, რა გალენას იქონიებს არჩევნების შედეგი აშშ-ს პოზიციაზე რუსეთ-უკრაინის ომში და რა თქმა უნდა, საქართველოზე, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:

- ეს ყველაფერი უნდა შევაფასოთ არა მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში, არამედ იმითაც, თუ რა ეკონომიკური შედეგები დადო ამ ყველაფერმა. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, აშშ-ში ყველაფერი გაძვირდა, ხოლო ირანთან ომის საკითხმა ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. გარდა ამისა, ტრამპის დაპირებები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით, რომ ომებს აღარ დაიწყებდა, ომებს მალე დაამთავრებდა, რომ უკრაინის ომსაც მალე დაასრულებდა და მშვიდობის პრემიასაც მოიპოვებდა, ფაქტია, არათუ არ გამართლდა, ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო. ტრამპის არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო აშშ-მა საკუთარი საგარეო ორიენტაცია და საგარეო ორბიტა ვერ დაიცვა და რუსების ინტერესებს უფრო მეტად ატარებს, ვიდრე თავისას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია სატარიფო პოლიტიკა, რომელიც მან შეიმუშავა და რომელმაც ძალიან მძიმე შედეგი დადო ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით - ტარიფების დაწესებამ კიდევ უფრო მეტად გააძვირა ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამასთან, ალბათ ერთ-ერთი საკვანძო საკითხი არათანმიმდევრულობაა - მათ შორის უკრაინა-რუსეთის ომთან და ირანთან მიმართებით (ტრამპი ირანთან უფრო კრიტიკული უნდა ყოფილიყო და უფრო ნათელი გეგმა ჰქონოდა. ფაქტია, რომ მას ამ მხრივ გეგმა საერთოდ არ ჰქონდა). ეს ყველაფერი კომბინაციაში, რა თქმა უნდა, იწვევს უარყოფით განწყობებს იმიტომ, რომ ისინი ეკონომიკურად ძალიან ცუდად აისახება ადამიანებზე. ძალიან ბევრ რესპუბლიკელს და უფრო მეტ კონსერვატორს უნდოდათ ენახათ ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატები საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. ეს შედეგი არ დადგა და ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლები (მეორე ბუშზე მაქვს საუბარი) და ოჯახის წევრებიც კი ღიად ლაპარაკობდნენ, რომ ტრამპის ქმედებები იყო დანაშაულებრივი, რომლებიც ამერიკის საგარეო პოლიტიკას აზიანებდა. საერთო სურათი მისმა პოლიტიკამ შეცვალა, რა თქმა უნდა.

წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში თვითონ ტრამპმა თქვა, "ჩათვალეთ, რომ თავად მე ვარ ბიულეტენშიო“. ფაქტია, ის ცდილობს დაზიანებული მძიმე შედეგის გამოსწორებას, რაც არ გამოვა იმიტომ, რომ თავად რესპუბლიკურ პარტიას მოუწევს არჩევნის გაკეთება: არის ის მართლაც კონსერვატორების პარტია, თუ კონკრეტულად ტრამპის პარტია? ამას დაემატა ეპშტეინის ფაილების ამბავიც - ეპშტეინის ფაილებმა ძალიან ცუდად იმუშავა ნამდვილ კონსერვატორებზე. შეიძლება ტრამპის MAGA ამომრჩევლისთვის ამ ფაილებს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ კონსერვატორებისთვის ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, მათთვის ოჯახური ღირებულებები გულწრფელად მნიშვნელოვანია და ტრამპი ყველაფერს გამოხატავს გარდა ოჯახური ღირებულებებისა.

- რა რისკები ახლავს თან დემოკრატების გამარჯვებას? ამბობენ, რომ შესაძლოა დაპირისპირება და ანტიდემოკრატიული პროცესები წავიდეს ორივე პალატაში და ზოგადად, ამერიკაშიც სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს საქმე...

- ეს ის შემთხვევაა, როდესაც, სავარაუდოდ, ქვედა და ზედა პალატის მხრიდან ძალიან ბევრი გამოძიება დაიწყება, ასევე, გამოძიებულ იქნება ტრამპის კავშირები რუსეთთან, ტრამპის ქმედებები, რიგი გადაწყვეტილებები და მას და მის გუნდს ბევრ საკითხზე მოუწევთ პასუხის გაცემა. არ მგონია, რომ ამან გამოიწვიოს პროცესების შეფერხება, პირიქით, რესპუბლიკურ პარტიასაც მოუწევს გადაწყვეტილების მიღება: უღირს თუ არა ტრამპს ჩაჰყვეს ბოლომდე, თუ ურჩევნია რაღაც უფრო გამჭვირვალე პროცესებში შევიდნენ. დემოკრატიული პარტია კი უფრო მეტად იჩქარებს და შეეცდება ძალიან ბევრი რამ გამოიძიოს და წინ წამოწიოს. რაც შეეხება თავად ტრამპს, საგარეო პოლიტიკაში ტრამპი მაინც შეუვალი იქნება, ამიტომაც ნაკლებად გამოვრიცხავ, რომ ტრამპმა საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე უარი თქვას, ან რაღაც შეამციროს.

- შესაძლოა უკრაინის მიმართ პოლიტიკა არც შეიცვალოს და არც დახმარება გაიზარდოს?

- ორი წყაროა - საპრეზიდენტო და საპარლამენტო. საპარლამენტო წყაროდან ყველაფერი იქნება კარგად და ეს მნიშვნელოვანია. დონალდ ტრამპს აქვს და ჯერჯერობით ექნება სრული კარტ-ბლანში საგარეო პოლიტიკაში - ის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს თავად ის ფაქტორი, რომ დონალდ ტრამპის თითოეულ ქმედებას მაინც ექნება პასუხისგების მექანიზმი სენატში და კონგრესში. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, ეს ყველაფერი იქნება უფრო მოზომილი და უფრო ფრთხილი. არ გამოვრიცხავ, რომ ტრამპი უფრო მეტად ფოკუსირდეს ამერიკის კონტინენტზე, კუბის და ასევე, ნიკარაგუას საკითხის გადაჭრაზე. ის ალბათ შეეცდება ფოკუსი იქამდე გაასწოროს, სანამ ჯერ კიდევ აქვს საშუალება ამ მიმართულებით იმუშაოს, თან აქვეა მარკო რუბიოს საკითხიც, რომელიც ამასთანავე შეეცდება, რომ ტრამპი მხოლოდ საგარეო პოლიტიკისკენ მიმართოს, რამდენად გამოუვა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. საკმაოდ რთული ვითარებაა, მოკლე დეფინიცირებული შეჯამება, რომ გავაკეთოთ, ტრამპს რეალურად წაერთვა ხელები საშინაო პოლიტიკაში და მისი მხრიდან საგარეო პოლიტიკის განხორციელებასაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

რესპუბლიკელებსაც მოუწევთ არჩევნის გაკეთება: უღირთ თუ არა ბოლომდე გაყვნენ ტრამპს იმიტომ, რომ მარტივად რომ ვთქვათ, ამ არჩევნებით ნათელი გახდა, რომ შემდგომ არჩევნებში დონალდ ტრამპი აღარ იქნება. შესაბამისად, არჩევნის გაკეთება ყველას მოუწევს: უღირთ თუ არა დონალდ ტრამპს გაყვნენ, როცა ორ წელიწადში მისი საკითხი აღარ იდგება დღის წესრიგში?

- საქართველოსთან მიმართებაში რას შეცვლის დემოკრატების გასვლა და როგორ აისახება ეს ჩვენს ქვეყანაზე, ასევე - ევროპაზეც?

- თვითონ დემოკრატიულ პარტიას აქვს თავისი ღირებულებები, მან ბევრი ღირებულების ხელახლა გადაფასება მოახდინა, რაც ძალიან კარგია. რესპუბლიკური პარტია ძალიან ვიწროდ ორიენტირებული იყო მხოლოდ და მხოლოდ უმცირესობის უფლებებზე, მაგრამ ახლა მის დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდა ზოგადად დემოკრატია - როგორც ღირებულება და ფასეულობა, ის უფრო ძირითადი გახდა, რომელიც ყველას ეხება მსოფლიოში - უმცირესობასაც და უმრავლესობასაც. შესაბამისად, ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ დემოკრატიის, როგორც ღირებულების დაცვა და გავრცელება მთელ მსოფლიოში პრიორიტეტი იქნება როგორც საგარეო, მათ შორის საშინაო პოლიტიკაში. ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ვიცით, დემოკრატიას უკვე ათწლეულების განმავლობაში უჭირს და ახლა ამერიკაში დემოკრატების გამარჯვება ერთის მხრივ, ამ გაჭირვებიდან გამოსვლაში შეიძლება დაეხმაროს და პროცესების განვრცობა-გაგრძელებასაც სხვა დანარჩენ ქვეყნებში. ეს ერთგვარი სტიმული და მუხტი იქმნება ყველა ქვეყნისათვის იმიტომ, რომ ფაქტია, დონალდ ტრამპთან აფილირება და ასოცირება კარგი შედეგების მომტანი არ არის. ძალიან ბევრი ცდილობდა, დონალდ ტრამპთან აფილირებული ყოფილიყო, მაგრამ ახლა მიხვდნენ, მათ შორის კანადაში, რომ ეს ასე არ არის. ახლა ამას შეიძლება მიხვდნენ გერმანიაშიც, მათ შორის - იტალიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც დონალდ ტრამპი იყო მთავარი მისაბაძი ფიგურა. იმიტომაც არის ეს საკვანძო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

რაც შეგვეხება ჩვენ, ნათელია, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან საქართველოზე ყურადღება სავსებით დაკარგულია, მან ელჩიც კი არ დანიშნა, რაც ძალიან ცუდის ნიშანია. ვიცით, რომ ტრამპთან დაპირისპირებული იყო ასევე უკრაინაში ამერიკის ელჩიც და ის ამიტომაც გადადგა (წინა ელჩზე მაქვს საუბარი). თვისებრივად ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა ნებისმიერი ფიგურის დანიშვნაზე სენატის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება იქნება ბევრად უფრო დეტალური და სკურპულოზური, ვიდრე აქამდე იყო. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ იმიტომ, რომ უფრო მეტი საშუალება იქნება, რაღაცა გადამოწმდეს, ან დაიბლოკოს.

თუ დონალდ ტრამპს, მაგალითად, სულ არ აინტერესებს და არ ადარდებს ავტოკრატიები, ამერიკის ქვედა და ზედა პალატაში ბევრად უფრო მეტი ინტერესი იქნება ავტოკრატიების შეკავებაზე - ნებისმიერი ავტოკრატიის წინააღმდეგ გამოსვლა მათთვის პრიორიტეტი გახდება. დემოკრატიული პარტია ცდილობს, რომ დაიბრუნოს თავისი, როგორც ერთადერთი დემოკრატიული ღირებულების მქონე პარტიის პოზიციები, რომელიც მან ობამას პერიოდში დაკარგა, რამაც მერე დონალდ ტრამპის მოყვანა განაპირობა.

- პუტინის იმედებიც, როგორც ჩანს, დაიმსხვრა, ერთგვარად...

- პუტინის მთელი სურვილი, ხომ ის იყო, რომ ამერიკაში ყოფილიყო დონალდ ტრამპი, რომელსაც ექნებოდა ყველაფერში კარტ-ბლანში, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ვლადიმირ პუტინისთვის მოტივაცია იყო და არის კვლავ ქაოსი, დაძაბულობა და ის, რომ მისთვის არ ეცალოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკამ მისთვის არ მოიცალოს, მაგრამ დაპირისპირების ქაოსს კი მიიღებს აშშ-ს შიდა პოლიტიკაში. აი, ეს კი მოცემულობა იქნება. ახლა, რა თქმა უნდა, პუტინისთვის არის ცუდი შედეგი, მაგრამ არა კატასტროფული იმიტომ, რომ მას რაღაცა საშუალება მაინც ექნება, ქაოსის გაგრძელება შეძლოს ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში.