ბოლო წლებია დავით არახამია უკრაინის პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურად მიიჩნევა. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველი პარტიის, "ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობს და უკრაინის ხელისუფლების მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობს. ახლა კი მისი სახელი კორუფციულ სკანდალს დაუკავშირდა - 4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ ანტონ კოვალსკის დაავალა, ერთიან რეესტრში შეეტანა ინფორმაცია არახამიას შესაძლო დანაშაულის შესახებ. გადაწყვეტილება ანტიკორუფციული ორგანიზაციის, "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის“ საჩივრის საფუძველზე მიიღეს.
როგორც მედია წერს, უკრაინის "ანტიკორუფციულმა ცენტრმა" 19 ოქტომბერს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით განცხადებით მიმართა.
კერძოდ, საქმე შეეხება დავით არახამიას მიერ უკრაინის უმაღლეს რადაში ხმების სავარაუდო მოსყიდვას.

უკრაინის ანტიკორუფციული ცენტრი აცხადებს, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მხოლოდ გენერალურ პროკურორს შეუძლია.
არახამიას ბიოგრაფია არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე მისი პოლიტიკური კარიერა. ქართული წარმოშობის პოლიტიკოსი სოჭში დაიბადა, ბავშვობა გაგრაში გაატარა, აფხაზეთის ომის შემდეგ ოჯახთან ერთად იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. მოგვიანებით უკრაინაში დასახლდა, წარმატებული IT-ბიზნესი შექმნა და მოხალისეობრივი საქმიანობიდან ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში აღმოჩნდა.
მისი პოლიტიკური გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თანამდებობა დატოვა. თუმცა უკრაინული მედიის ყურადღება ახლა არახამიას არა მხოლოდ პოლიტიკურ გავლენას, არამედ მის შესაძლო კავშირსაც უკავშირდება კორუფციულ სქემასთან, რომლის ფარგლებშიც, გამოძიების ვერსიით, დეპუტატებს პარლამენტში სასურველი გადაწყვეტილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ ფულს უხდიდნენ.

მაგრამ ვინ არის პოლიტიკოსი, რომლის ოჯახური ისტორია აფხაზეთის ომს უკავშირდება, როგორ მოხვდა ის უკრაინაში და როგორ იქცა წარმატებულ ბიზნესმენად, მოხალისედ და შემდეგ ზელენსკის გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად?
დავით არახამია 1979 წლის 23 მაისს რუსეთის ქალაქ სოჭში დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი წარმოშობით საქართველოდანაა, თავად კი ბავშვობა აფხაზეთში, გაგრაში გაატარა. 2019 წელს "რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში არახამიამ თავად განმარტა, რატომ არის მის დაბადების ადგილად სოჭი მითითებული: დედა სოჭსა და გაგრას შორის იმყოფებოდა, როდესაც მშობიარობა დაეწყო. სასწრაფო დახმარების მანქანამ ის სოჭის სამშობიაროში გადაიყვანა.
"მე გაგრიდან ვარ. სოჭიდან 50 კილომეტრშია. დედაჩემი ამ ორ ქალაქს შორის იყო, როდესაც მშობიარობა დაეწყო“, - ამბობდა ის ინტერვიუში.
არახამია ასევე იხსენებდა, რომ თბილისში ნათესავები ჰყავს და საქართველოში ბოლო პერიოდში ორჯერ იყო ნამყოფი. მისი თქმით, საქართველო მისთვის ბავშვობის მოგონებებთან ასოცირდება.
ოჯახის ცხოვრება 1992 წელს, აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა.
BBC-ის უკრაინული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში არახამია იხსენებდა, რომ ომამდე ოჯახი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა. მათ ჰქონდათ ორი ავტომობილი, სამსართულიანი სახლი გაგრაში, კიდევ ერთი სახლი მთაში და საცხოვრებელი შავი ზღვის სანაპიროზე.
ომის დაწყებისას მისი მამა ადგილობრივ წინააღმდეგობას ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი ტყვედ ჩავარდა. ოჯახის წევრებმა მის გასათავისუფლებლად დაახლოებით 50 ათასი დოლარი გადაიხადეს - იმ დროისთვის ოჯახის მთელი დანაზოგი.
არახამიას მონათხრობის მიხედვით, ამის შემდეგ ოჯახს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. ისინი გარკვეული პერიოდი ნაცნობებთან ცხოვრობდნენ და სხვადასხვა ადგილას გადაადგილდებოდნენ. თავდაპირველად პენზაში აღმოჩნდნენ, შემდეგ რიგაში, საბოლოოდ კი უკრაინაში, ნიკოლაევში დასახლდნენ. დავით არახამია იმჟამად, დაახლოებით, 13 წლის იყო.
მისი თქმით, ოჯახის მიერ განვლილი გზა და ბავშვობაში სახლის დაკარგვა დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის დამოკიდებულებაზე სამშობლოსა და იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ცხოვრება გააგრძელა.
"როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს კარგავ, მისი ფასი უფრო მეტად გესმის. მაგალითად, მე სახლი დავკარგე... არ მინდა დავკარგო ის ქვეყანაც, რომელიც ჩემს სახლად იქცა“, - ამბობდა ის ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში.
უკრაინაში გადასვლის შემდეგ არახამიას ოჯახს ახალი ცხოვრების დაწყება, პრაქტიკულად, ნულიდან მოუწია.
The Kyiv Independent-ის 2026 წლის 14 ივლისის ვრცელ პორტრეტში ჟურნალისტი კატერინა დენისოვა წერს, რომ ნიკოლაევში ჩასვლისას არახამიას უკრაინის მოქალაქეობა და სკოლაში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებიც კი არ ჰქონდა. დედამ ის ადგილობრივ, 36-ე სკოლაში მიიყვანა და დირექტორს სთხოვა, მოზარდი სასწავლებელში მიეღო. სკოლის მაშინდელმა დირექტორმა, გამონაკლისი დაუშვა და არახამია სკოლაში ჩაირიცხა.
დირექტორის თქმით, დავითი გამორჩეული მოსწავლე იყო და სკოლა უმაღლესი აკადემიური შეფასებით დაამთავრა. თუმცა ოქროს მედლის მიღებაც კი პრობლემური აღმოჩნდა - ერთ-ერთი ადგილობრივი მოხელე მის დაჯილდოებას ეწინააღმდეგებოდა, რადგან მოზარდს უკრაინის მოქალაქეობა არ ჰქონდა. დირექტორი ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მოსწავლისთვის დამსახურებული მედლის გადაცემას მიაღწია.
მოგვიანებით არახამია ბიზნესით დაინტერესდა და IT-სფეროში წარმატებული კარიერა შექმნა.
ის ცნობილი გახდა David Braun-ის სახელით. 2019 წელს "რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას მან განმარტა, რომ ეს ფსევდონიმი ამერიკაში ცხოვრებისას აიღო, რადგან უცხოელ პარტნიორებს მისი ქართული გვარის წარმოთქმა უჭირდათ. გვარი "ბრაუნი“ კი შემთხვევით შეარჩია - მაშინ, როდესაც საპარსზე წარწერას შეხედა.
არახამია საერთაშორისო IT-კომპანია Template Monster-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. The Kyiv Independent-ის ინფორმაციით, მან კომპანია 2013 წელს დაახლოებით 100 მილიონ დოლარად გაყიდა. მოგვიანებით კი კიდევ ერთი პროექტი, ვებსაიტების შექმნის პლატფორმა Weblium დააფუძნა. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მისი, როგორც წარმატებული მეწარმის სახელი. პოლიტიკაში მოსვლამდე ის საკუთარ თავს ბიზნესგარემოს წარმომადგენლად მიიჩნევდა და არა პროფესიონალ პოლიტიკოსად.
დავით არახამიას პირადი ცხოვრებაც არაერთ საინტერესო დეტალს მოიცავს. ის ორჯერ იყო დაქორწინებული და ექვსი შვილი ჰყავს. მისი ამჟამინდელი მეუღლე ვიქტორია არახამიაა, რომელთანაც პოლიტიკოსი უკვე წლებია ცხოვრობს.

2020 წელს უკრაინულ გადაცემაში "ცნობილი ადამიანების ცხოვრება“ არახამიამ მეუღლესთან ერთად მაყურებელს ოჯახური გარემო გააცნო, რომლის დროსაც ვიქტორიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად ქმრის დატვირთული გრაფიკისა, მათ ოჯახში ერთი ტრადიცია უცვლელია - შაბათის ერთობლივი საუზმე, რომლისთვისაც არახამია დროს ყოველთვის პოულობს.

პოლიტიკოსს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს. როგორც თავად ჰყვებოდა, ყოფილ მეუღლესთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა. მისი თქმით, ყოფილი და ამჟამინდელი მეუღლე მეგობრობენ, ბავშვებიც ერთმანეთთან ურთიერთობენ და ერთად დასასვენებლადაც დადიან.
არახამიასა და ვიქტორიას ოჯახში კიდევ ხუთი შვილი იზრდება და ყველა შვილის სახელი დ - ასოზე იწყება. ერთ-ერთ შვილს კი მამის სახელი ჰქვია. დავითი, დანიელი, დანა, დარიკა, ტყუპი - დემი და დენის არახამიები მცირეწლოვნები არიან.
2014 წელს, უკრაინაში ევრომაიდნის მოვლენებისა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, არახამია მოხალისეობრივ მოძრაობაში ჩაერთო.
მან ნიკოლაევში პროუკრაინულ აქტივისტებთან ერთად დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი დააფუძნა ორგანიზაცია "სახალხო პროექტი“, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საჭირო აღჭურვილობითა და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფდა. The Kyiv Independent-ის ცნობით, ორგანიზაცია სამხედროებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად თანხებს აგროვებდა. 2014 წელს არახამია ნიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი გახდა მოხალისეობრივ საკითხებში, მოგვიანებით კი თავდაცვის მინისტრის მრჩევლისა და მოხალისეთა საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციები დაიკავა.
2015 წელს მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
მისი პოლიტიკური კარიერა 2019 წელს, ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო გამარჯვების შემდეგ დაიწყო. "რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში არახამია იხსენებდა, რომ ზელენსკი მას არჩევნების შემდეგ თავად დაუკავშირდა. პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრის შესარჩევად სხვადასხვა ადამიანთან საუბარი სურდა და არახამიაც სწორედ ამ საკითხზე მიიწვია. თავდაპირველად არ ეგონა, რომ პოლიტიკაში ასეთ მნიშვნელოვან პოზიციას დაიკავებდა. თუმცა საბოლოოდ "ხალხის მსახურის“ საარჩევნო სიაში მეოთხე ნომრად აღმოჩნდა.
2019 წლის აგვისტოში ის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელად აირჩიეს.

უკრაინული მედია წერს, რომ არახამიას პოლიტიკური გავლენა გაცილებით დიდია, ვიდრე მისი საჯარო აქტიურობა აჩენს. ის უკრაინის პარლამენტში ერთგვარი საკვანძო ფიგურაა, რომელიც მმართველი ფრაქციის ერთიანობის შენარჩუნებასა და სხვადასხვა პოლიტიკურ ცენტრს შორის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
2025 წლის ნოემბერში, როდესაც უკრაინის ხელისუფლება წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კორუფციულ სკანდალში გაეხვა, ზელენსკის გუნდში ერმაკის გავლენის შემცირების საკითხი გააქტიურდა. არახამია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პრეზიდენტს ერმაკის თანამდებობიდან გათავისუფლების აუცილებლობაზე ესაუბრა.
ერმაკის წასვლის შემდეგ არახამიას გავლენის გაფართოების შესაძლებლობა მიეცა. 2026 წლის იანვარში ის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში პარიზში გამართულ მოლაპარაკებებს შეუერთდა, სადაც ამერიკელ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდნენ. ივნისში კი ის ზელენსკის თან ახლდა დიდი შვიდეულის და ნატოს სამიტებზე. ის პრეზიდენტის დელეგაციაში ერთადერთი პარლამენტარი იყო.
პოლიტიკოსები და ექსპერტები მის მიდგომას მენეჯერულს უწოდებენ. მათი შეფასებით, არახამიასთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, შეთანხმებების მიღწევა და სხვადასხვა გავლენიან ჯგუფთან სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება. ის იშვიათად ხდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებისა თუ მედიის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი, თუმცა მისი გავლენა ხშირად კულისებში ვლინდება.
2025 წლის დეკემბერში უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ გამოავლინეს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც მოქმედი პარლამენტარები შედიოდნენ.
გამოძიების ვერსიით, ჯგუფის წევრები სისტემატურად იღებდნენ უკანონო ანაზღაურებას უკრაინის უმაღლეს რადაში კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და კანონპროექტების სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ.
საქმეზე ხუთ დეპუტატს წარუდგინეს ბრალი. უკრაინული მედიის ცნობით, მათ შორის არიან "ხალხის მსახურის“ წევრები: ევგენი პივოვაროვი, იგორ ნეგულევსკი, იური კისელი, ოლგა სავჩენკო და მიხაილ ლაბა.
უკრაინული მედიის ცნობით, დეპუტატებისთვის გადაცემული თანხები 2 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობდა.
2025 წლის ბოლოს ამ საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა არახამიას თანაშემწის სახლშიც.

2026 წლის 19 ოქტომბერს "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრმა“ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ ანტონ კოვალსკის მიმართა და მოითხოვა არახამიას შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის ერთიან რეესტრში შეტანა.
ორგანიზაციის განცხადებით, მისი ანალიზის მიხედვით, არახამიას შესაძლო ქმედებებში იკვეთებოდა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
ანტიკორუფციული ცენტრი ეჭვობს, რომ არახამია შესაძლოა დეპუტატებისთვის ე.წ. კონვერტებით თანხების გადაცემის ორგანიზებაში მონაწილეობდა.
ორგანიზაციის ვარაუდი ეფუძნება სასამართლო დოკუმენტებს, რომლებშიც სავარაუდო ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელად მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული პირია მოხსენიებული. ამავე დოკუმენტებში ლაპარაკია 85 ათას დოლარზე, რომელიც ჯგუფის ხელმძღვანელს, სავარაუდოდ, სხვა დეპუტატებისთვის შემდგომი გადაცემის მიზნით ჰქონდა მიღებული.
ანტიკორუფციული ცენტრის შეფასებით, საქმეში ნახსენები პირი შესაძლოა სწორედ არახამია იყოს, ხოლო მისი თანაშემწე - ჯგუფის ხელმძღვანელთან დაკავშირებული ნდობით აღჭურვილი პირი.
თუმცა ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ არახამიას შესაძლო მონაწილეობა მხოლოდ წინასასამართლო გამოძიების შედეგად შეიძლება დადგინდეს.
საქმის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურასა და ანტიკორუფციულ ცენტრს შორის უთანხმოება წარმოიშვა.
26 ოქტომბერს გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ცენტრისგან მიღებული დოკუმენტების ასლები ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს გადაუგზავნა. უწყების განმარტებით, განცხადებაში აღწერილი ფაქტები უკვე იყო ბიუროს მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების საგანი.
თუმცა ანტიკორუფციული ცენტრის განცხადებით, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ინფორმაცია ერთიან რეესტრში არ შეიტანა.
ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ მოქმედი სახალხო დეპუტატის შესაძლო დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის წარმოების რეგისტრაციის უფლებამოსილება მხოლოდ გენერალურ პროკურორს ჰქონდა. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროც, მათი განმარტებით, ადასტურებდა, რომ შესაბამისი ინფორმაციის რეესტრში შეტანის გარეშე არახამიას შესაძლო ქმედებებს ვერ გამოიძიებდა.
4 ნოემბერს მოსამართლე მარკიან გალაბალამ საჩივარი დააკმაყოფილა და გენერალურ პროკურორს დაავალა, რეესტრში შეეტანა ინფორმაცია "ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელის შესაძლო დანაშაულის შესახებ.
ამჟამად, დავით არახამიას ბიოგრაფიაში ახალი ეტაპი იწყება: ადამიანი, რომელმაც ბავშვობაში აფხაზეთის ომის გამო სახლი დატოვა, უკრაინაში ბიზნესმენისა და მოხალისის კარიერა შექმნა და ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად იქცა, ახლა თავად აღმოჩნდა შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების ცენტრში...