"მე ვარ ამირან გამყრელიძე, ექიმი - უკვე საკმაოდ ხანგრძლივი სტაჟითა და გამოცდილებით. ჩემი საექიმო საქმიანობა ნახევარ საუკუნეზე მეტს მოიცავს“, - ასე დაიწყო საუბარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ გადაცემაში "სახალხო ინტერვიუ“, რომელიც Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტია. მან მკითხველის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.
გთავაზობთ ტელეინტერვიუს საინტერესო ეპიზოდებს:
დავითი:
- ბატონო ამირან, მოგესალმებით. რას საქმიანობთ ამ ეტაპზე?
- ახლა სადაც ეს გადაცემა იწერება, ეს არის საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა, სწორედ აქ ვარ გლობალური ჯანმრთელობის მიმართულებით პროფესორი. ამ სკოლაში არის პატარა ინსტიტუტი, რომელსაც ჰქვია "გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და მეცნიერების კვლევები“ - სწორედ ამ ინსტიტუტის დირექტორი გახლავართ. გარდა ამისა, მაქვს გარკვეული პროექტები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პერიოდულობით კონსულტაციებს ვეწევი. ამასთანავე, თითქმის ორი წელია, ჟურნალისტიც გავხდი, BMG TV-ზე მიმყავს გადაცემა "ჯანდაცვის სტანდარტი“, ჟურნალისტ ნინი ლონგურაშვილთან ერთად.
ნინი:
- გული არ გწყდებათ იმაზე, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი დატოვეთ?
- გული მწყდება იმ ფორმაზე, რა ფორმითაც, მომიწია იმ სამსახურის დატოვება, თორემ 10 წელიწადი საკმაოდ დიდი დროა, ერთ ორგანიზაციაში სამუშაოდ. ამიტომ ვფიქრობდი, რომ უკვე დრო იყო, წამოვსულიყავი და ასპარეზი ახალგაზრდებისთვის დამეთმო. ვფიქრობდი, ორი დიდი პროექტის დასრულებაზეც: ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოს, სავიზიტო ბარათია მთელ მსოფლიოში და მეორე - ე.წ. ადამიანის გენომის განვითარება ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც სერიოზული საფუძველი ჩავუყარეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. სამწუხაროდ, არ დამცალდა...
- ექიმობა ბავშვობიდან გინდოდათ, თუ შემდგომ გარემოებამ გიბიძგათ ამისკენ, რომ ექიმი გამხდარიყავით?
- ალბათ, მაინც სკოლის ასაკიდან, თუმცა არის ჩემს არქივში ფოტოები, სადაც საბავშვო ბაღში სტეტოსკოპი მიჭირავს, თუმცა არ ვიცი, რატომ. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ ძირითადად სტეტოსკოპი იყო მიღებული, რითაც ფილტვებს უსმენდნენ. სახლში მყავდა ექიმი დედა, ექიმები იყვნენ მამიდა, ბიძა... გარდა ამისა, სამწუხაროდ, მამა ადრეულ ასაკში დაავადდა და ჩვენთან სახლში ხშირად იყო ხოლმე კონსილიუმები - ექიმები იკრიბებოდნენ. აქედან გამომდინარე, სკოლის ასაკიდან გადავწყვიტე, მეც ამ პროფესიას გავყოლოდი.
მკითხველი:
- გვიამბეთ ოჯახზე, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ?
- დავიბადე თბილისში. დედა, როგორც გითხარით, ექიმი გახლდათ, პოლიკლინიკაში მუშაობდა. მამა ინჟინერი იყო და მთელი თავისი ცხოვრება ერთ-ერთ დიდ სამრეწველო ობიექტს ხელმძღვანელობდა. საშუალო შესაძლებლობის ოჯახი გვქონდა. მყავს ჩემზე უმცროსი და-ძმა. იმ პერიოდში მშობლები ყოველმხრივ ხელს გვიწყობდნენ, რომ ნორმალური განათლება მიგვეღო. სკოლის გარდა ვსწავლობდით ენებს, მუსიკას. სამწუხაროდ, მუსიკიდან არაფერი გამოვიდა...

ნიკოლოზი:
- რეპრესირებული რაჭველი ბაბუის ისტორია მოკლედ რომ მოგვიყვეთ?
- დედის მხრიდან იაშვილი ვარ - ანუ ჩვენი ორივე გვარი - გამყრელიძეც და იაშვილიც წარმოშობით რაჭული გვარებია და რაჭიდან მოვდივართ. ყოველმხრივ რაჭველი ვარ, ანუ დედა, მამა, ბებია-ბაბუები - ორივე მხრიდან... დედის მხრიდან ჩემი ბაბუა, მარკოზ-იოანე მასწავლებელი იყო, სოფელში რუსულს ასწავლიდა. იაშვილი წარჩინებული გვარია და გასაბჭოების შემდეგ, როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ, ისე მოხდა, რომ ბაბუა 37 წელს გაასამართლეს... ოჯახში ვიცოდეთ, ვინ დაასმინა და "ჩაუშვა“ და რატომ დაიჭირეს. მაგრამ როცა მაღალ თანამდებობაზე ვიყავი, ვთხოვე და ამოვიღე მისი გასამართლების ოქმი და იქ ეწერა: "ის თავადაზნაურთა წრიდანაა და ცუდად მოიხსენიებს კომკავშირს“... ასეთი იყო მისი ბრალდება და 5 შვილის მამა 37-ში დაიჭირეს.
დედაჩემს ოთხი და ჰყავდა. სამწუხაროდ, ბებია, რომელსაც გულის მანკი ჰქონდა, რამდენიმე თვეში ბაბუის გადასახლებიდან, დაიღუპა და ხუთი შვილი დაობლდა. მძიმე ცხოვრება ჰქონდათ - ბავშვებზე ზრუნვა მეზობლებმა, ნათესავებმა და ახლობლებმა გადაინაწილეს. ვიდრე ბაბუა დაბრუნდებოდა, ისინი მათთან იზრდებოდნენ. როგორც მიყვებოდნენ ბაბუა და მისი ახლობლები, ჩვენი ოჯახი აღიარებული იყო როგორც "მტრის ოჯახი“. არ შეიძლებოდა მათთან გასვენებასა და სამძიმარზე ვინმეს მისვლა. ამიტომ როდესაც ბებია დაიღუპა, სამძიმარზე მხოლოდ ოთხი ადამიანი მისულა, ყველაზე ახლობლები. ამავე მიზეზით, ბებია რაჭაში, ჩვენს ეზოში დაასაფლავეს.
გადასახლებიდან დაბრუნებულმა ბაბუამ დიდხანს - 90 წელი იცოცხლა... მაგ დროს უკვე ექიმი ვიყავი. იმ პერიოდში პირველ საკანდიდატო დისერტაციას ვიცავდი და ბევრი რამ მომიყვა. თან დისერტაციის ავტორეფერატი ჩავუტანე და ვაჩვენე... მითხრა, - ბაბუა, შეიძლება სერიოზული კარიერა გქონდეს ცხოვრებაში, კარგი განათლება გაქვს მიღებული და ერთ თხოვნა მექნება - ვიცი, შენც იცი, ჩვენი ოჯახი ვინ გააუბედურა, მაგრამ არასოდეს იფიქრო შურისძიებაზე. თორემ მერე ისეთ სპირალში შეიყვან ოჯახსა და გვარს, საიდანაც ვერ გამოვალთო. იმას, ვინც ამას გააკეთებს, ღმერთი გადაუხდისო... საავადმყოფოში იწვა, ეს რომ მითხრა... ძალიან ჭკვიანი და ბრძენი კაცი იყო - ახლაც მახსოვს მისი შეგონებები.
ლიკა:
- მინისტრობის პერიოდი რა ეტაპს იკავებს თქვენ კარიერაში და რა გამოცდილება იყო?
- ძალიან რთული პერიოდი იყო. მეორეს მხრივ, ძალიან საპასუხისმგებლო. მინისტრობით ჩემი კლინიკური და პრაქტიკული სამედიცინო მუშაობის ეტაპი შეიცვალა. საქართველო მაგ დროს უკვე დამოუკიდებელი იყო. სამინისტროში 1993 წელიდან მივედი როგორც მინისტრის მრჩეველი, შემდეგ ინსტიტუტის დირექტორი გავხდი, შემდეგ მოადგილე, პირველი მოადგილე და ბოლოს მინისტრი... 10 წელი დავყავი სამინისტროში. ყველაფერთან ერთად, ერთგვარად საამაყოც იყო, რადგან ახალი დამოუკიდებელი საქართველო შენდებოდა. და, როგორც მინისტრი, მონაწილე ვიყავი ახალი დამოუკიდებელი საქართველოსი და მისი ჯანდაცვის სისტემის მშენებლობისა თუ განვითარების. ეს, რა თქმა უნდა, უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ამავე დროს პატივი იყო... იმ დროს შეიქმნა მთლიანად ახალი სამართლებრივი ბაზა, ქვეყანა გადავიდა ცენტრალიზებული ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე და შესაბამისად, ჯანმრთელობაც უნდა მიჰყოლოდა ამას. მაგრამ რთული პერიოდი იყო, ქვეყანაში არაფერი არსებობდა, ფული საერთოდ არ იყო. არადა, ჯანდაცვას ცარიელი ხელებით ვერ მართავ... პაციენტს სჭირდება წამალი, გამოკვლევა, კვება...
ვინი:
- 3 წელი კოვიდპანდემიასთან ბრძოლას ადამიანურად როგორ გაუძელით?
- ყოველმხრივ რთული პერიოდი იყო მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის. პირველ ეტაპზე, აბსოლუტურად შიშველი ხელებით ვიყავით, არ იყო წამალი (კოვიდის საწინააღმდეგო წამალი ან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა). არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე, რა ვირუსი იყო...
ამასთანავე ვხელმძღვანელობდი დაწესებულებას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი იყო - დაავადებასთან ბრძოლის, ფრონტის წინა ხაზზე გახლდათ. პანდემიებსა და ომებს ხშირად ერთმანეთს ვადარებ. პანდემიების დროს უფრო მეტი ადამიანი იღუპება მსოფლიოში, ვიდრე, ომის დროს. მაგალითად, ესპანკა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, დიდი პანდემია იყო, 50 მილიონი ადამიანი შეიწირა, ხოლო პირველ მსოფლიო ომში 15 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.
მსოფლიოში კოვიდპანდემიამ დაახლოებით, 7 მილიონ-ნახევარი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს დადასტურებული ციფრია, ხოლო შეფასებითი ციფრით - 20 მილიონამდე ადამიანია დაღუპული. გარდა, ოფიციალური მონაცემებისა - 700-ზე მეტ მილიონ ადამიანს დაემართა კოვიდი, ანუ შეფასებითი ციფრის მიხედვით - მოსახლეობის ნახევარს.
ამიტომ, შენს ქვეყანაში, ამ ყველაფრის შუაგულში რომ ხარ, ძალიან რთული გადასატანია... ეს იყო მუშაობა 24/7-ზე. თქვენი საშუალებით, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ორგანიზაციას, სადაც ვიყავი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის მთელ კოლექტივს, რომელიც იმ პერიოდში მართლა 24/7-ზე მუშაობდა... ამიტომ იმ ყველაფერმა ჩემზე როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად იმოქმედა - ჩემთვის ძალიან რთული იყო.
თმენის ვალდებულება ყოველთვის მქონდა და მაქვს, მაგრამ სოციალურ ქსელში ზოგჯერ გაქებენ, ზოგჯერ ძალიან გაგინებენ, ზოგჯერ მიწაში ჩაგდებენ, მაგრამ, იძულებული ხარ, ამ ყველაფერს გაუძლო. არაფერს უპასუხო და გააგრძელო შენი საქმე, ადამიანებს უთხრა სიმართლე, როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ.
და პირველ წელიწადს, სექტემბრის ბოლომდე სერიოზული შედეგი გვქონდა - საქართველო საუკეთესო შედეგებით პირველ ხუთეულში იყო (1500 შემთხვევა გქონდა და 19 გარდაცვალება). მერე აირია ყველაფერი და ვეღარ დავიჭირეთ, ხელიდან გაგვექცა...
ნინო:
- თქვენს ოჯახზე - მეუღლეზე, შვილებსა და შვილიშვილებზე რას გვეტყვით? როგორი მამა და ბაბუა ხართ?

- ჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს, განსაკუთრებული არაფერი. ჩემი მეუღლეც ექიმია, ტრადიციული საექიმო ოჯახის წარმომადგენელი - კვეზარელი-კოპაძეები არიან გვარად, ეს პედიატრების დინასტიაა. მისი ბებია იყო ცნობილი და ერთ-ერთი პირველი პედიატრი საქართველოში, ევგენია კვეზერელი-კოპაძე. მამამისი კიდევ უფრო ცნობილი პედიატრი ქვეყანაში და თვითონაც პედიატრია... მან ბევრი რამე ჩადო იმაში, რომ ეს გზა ერთად გაგვევლო, მაგრამ თავისი კარიერის დიდი ნაწილი გადმოიტანა ჩემზე. უკვე 50 წელზე მეტია ერთად ვართ... მადლობელი ვარ ჩემი მეუღლის, რომ ჩვენ ერთად ასეთი შეწყობილი ოჯახი გვქონდა და გვაქვს...
სამი შვილი მყავს, ასე ვამბობ: ერთი ცაშია. ორი კი დამოუკიდებელი ადამიანია. ნიკა გამყრელიძემ, სამედიცინო დაამთავრა, მაგრამ ექიმობა არ უნდოდა, ბიზნესი უნდოდა. ამიტომ სამედიცინო ბიზნესში უზარმაზარი გზა განვლო... დიდი ხნის განმავლობაში კომპანიის ხელმძღვანელი და თვალსაზრისით ვითარდება. ოთხი შვილი ჰყავს სოფოსთან ერთად და ზრდიან ოთხ შვილს, ჩემს ოთხ შვილიშვილს - გამყრელიძეებს.
მეორე შვილია ჩემი თამუნია, რომელიც, თავის მეუღლესთან - ცნობილ ექიმ ნეიროქირურგ შოთა ინგოროყვასთან ერთად, სამ ბიჭს ზრდის. "ინგოროყვას კლინიკას“ რომ ამბობენ, ის მამამისია. გოჩა ჩემი მძახალი და მეგობარია, ერთად ვმუშაობდით რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ვამაყობ იმით, რომ ორივე შვილმა გამიმართლა. ვეცადეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რომ მათთვის კარგი განათლება მიგვეცა - კარგად ისწავლე თბილისშიც, და შემდგომ ერთმა ბრიტანეთში, მეორემ გერმანულენოვან ქვეყნებში (გერმანია, ავსტრია) და არიან თავისი დარგის სპეციალისტები. კარგად უძღვებიან ოჯახსაც და თავის საქმიანობასაც... შვიდი შვილიშვილი მყავს. უფროსი შვილიშვილი უკვე სტუდენტია, წელს მეორეც უნდა გახდეს და ასე მივდივართ წინ. მთავარია, რომ არ შეარცხვინონ გვარები და იყვნენ თავისი ქვეყნის პატრიოტები.
ციცი:
- რა არის თქვენი ყველაზე დიდი ნატვრა, სურვილი?
- ბევრი მაქვს... მთავარი ის არის, რომ არ მინდა, ისევ უკან დავბრუნდეთ, იმ ქვეყანაში, სადაც 40 წელიწადი ვიცხოვრე. იმ ქვეყანაში აღარ მინდა დაბრუნება - ეს არის ჩემი მთავარი ნატვრა.
მეორე აფხაზეთს უკავშირდება. იქ ორი დეიდა იყო გათხოვილი, ბიჭვინთასთან ახლოს ლიძავაში. დედის ოჯახი რაჭიდან იქ გახლდათ გადასახლებული. ძალიან მინდა ოდესმე იქ დავბრუნდე...
ჩვენთვის, რაჭველებისთვის, განსაკუთრებით ზემო რაჭისთვის, საიდანაც მე ვარ წარმოშობით და ძალიან მიყვარს იქაურობა... რაჭველებს ცხინვალიდან მოკლე გზა გვქონდა რაჭაში წასასვლელად. ამ ახალი ავტოსტრადებით უფრო ადრეც შეიძლება ჩასვლა, მაგრამ გული მტკივა, რომ ცხინვალის გავლით რაჭაში ვეღარ მივდივართ... პირველი კონფლიქტების შემდეგ, 90-იან წლებში, ჩვენი შერიგების ღონისძიებებში მონაწილეობა მაქვს მიღებული. იმ ცხინვალის გზით ექიმები გადამყავდა რაჭაში. ახლა იქ აღარ მიშვებენ... მინდა, ისევ მოვესწრო იმას, რომ ცხინვალის გზით გადავიდე ჩემს რაჭაში.
ამასთანავე სხვა საზოგადო სურვილებიც მაქვს - ადამიანი მაინც გარკვეულად ეგოისტია და მინდა, რომ ოჯახში მეტი განვითარება მქონდეს და დიდხანს... ვუყურო ჩემს შთამომავლობას, რაც მაქსიმალური შესაძლებლობა იქნება მით უმეტეს ჩემს ასაკში უკვე ამას ფიქრობ. დანარჩენი - ჯანმრთელობა, განვითარება ოჯახში და რა ყველაზე მთავარი - ქვეყნის მშვიდობა.