ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
"დადგა დღე, როდესაც უნდა დავაბრუნო ეროვნული ნაკრების 7-ნომრიანი მაისური, მაისური, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. არასდროს მიგრძნია, რომ ეს მაისური მხოლოდ ჩემი იყო, თუმცა 23 წლის განმავლობაში მქონდა პრივილეგია და პასუხისმგებლობა, მეტარებინა იგი, დამეცვა და მსოფლიოს სხვადასხვა სტადიონზე გამეტანა.
დადგა დრო, ეს მაისური მომავალ თაობას გადავაბარო. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებსაც მხოლოდ გონებით კი არა, გულითაც იღებ.
2003 წლის აგვისტოში დაწყებული გზა, რომელმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა, დასასრულს უახლოვდება. როდესაც უკან ვიყურები და ვფიქრობ ყველაფერზე, რაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად გამოვიარე, მხოლოდ მატჩები, გოლები, რეკორდები და ტიტულები არ მახსენდება. მე ადამიანებს ვხედავ. ვხედავ ემიგრანტებს, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში თავს ცოტათი უფრო ახლოს გრძნობდნენ პორტუგალიასთან. ვხედავ მილიონობით პორტუგალიელს, რომლებსაც პირადად არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ჩემი ცხოვრების ნაწილი იყვნენ. რადგან, საბოლოო ჯამში, ფეხბურთი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში.

სანაკრებო კარიერის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი, საკუთარ შესაძლებლობებს გავცდენოდი. მინდოდა გამარჯვება, მინდოდა საუკეთესო ვყოფილიყავი, მინდოდა ისტორიის შექმნა. საკუთარი თავისგან ყოველთვის ბევრს ვითხოვდი. ყოველთვის მეტი მინდოდა და ყოველთვის მჯეროდა, რომ უფრო შორს წასვლა შეგვეძლო.
იყო იდეალური შუადღეები და დაუვიწყარი ღამეები, გამარჯვებები, რომლებსაც არასდროს დავივიწყებ. იყო მარცხიც, რომლის გახსენებაც დღესაც მტკივნეულია. მეც დავმარცხებულვარ, მეც განმიცდია ტკივილი და ყოფილა მომენტები, როდესაც პორტუგალიელ ხალხს ის ვერ მივეცი, რაც ასე ძალიან სურდა. მაგრამ არასდროს დავნებებულვარ. და, რაც მთავარია, არასდროს შემიწყვეტია სიამაყის განცდა იმის გამო, რომ პორტუგალიას წარმოვადგენდი.
თუ ოდესმე გაგახარეთ, თუ ჩემi რომელიმე გოლის შემდეგ ვინმეს გადაეხვიეთ, დაგავიწყათ საზრუნავი ან საკუთარი ქვეყნით სიამაყის განცდა მოგანიჭეთ, მაშინ ამ ყველაფერს აზრი ჰქონია. რადგან სწორედ ეს არის პორტუგალიელობა: ერთად ვიტანჯებით, ერთად ვდგებით ფეხზე და კვლავ ერთად ვიწყებთ რწმენით.
პორტუგალიას ყოველთვის დასჭირდება ახალგაზრდები, რომლებიც მისთვის ოცნებობენ, ფეხბურთელები, რომლებიც არასდროს ნებდებიან, ახალი თაობები, რომლებსაც სჯერათ, რომ შესაძლებელია იქ მისვლა, სადაც მანამდე არავის მიუღწევია. რადგან ქვეყანა, რომელიც ახალ გმირებს მუდმივად ზრდის, არის ქვეყანა, რომელსაც საკუთარი თავის რწმენა არასდროს დაუკარგავს.
ჩემი თანაგუნდელებისთვის კი რამდენიმე განსაკუთრებული სიტყვის თქმა მინდა. მადლობა ყოველი გარბენისთვის, ყოველი ჩახუტებისთვის, ყოველი კამათისთვის, მოედანზე გასვლის წინ გაზიარებული ყოველი დუმილისთვის. ყოველი გამარჯვებისთვის, რომელიც ერთად აღვნიშნეთ, და ყოველი მარცხისთვის, რომელმაც უფრო ძლიერები გაგვხადა. მქონდა პრივილეგია, ვყოფილიყავი თქვენი კაპიტანი. მაგრამ არცერთი კაპიტანი არ მიდის მარტო. თქვენ ჩემი ისტორიის ნაწილი ხართ.

ყველა მწვრთნელს, გუნდის ხელმძღვანელობას, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს, ეკიპირების თანამშრომლებს, პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობდა - მადლობა. ბევრი თქვენგანი ფოტოებზე არასდროს გამოჩენილა, მაგრამ თქვენს გარეშე არცერთი ეს ფოტო არ იარსებებდა.
ჩემო ოჯახო, მადლობა, რომ ეს ოცნება ჩემთან ერთად გაიზიარეთ. მადლობა, რომ გესმოდათ ჩემი არყოფნა, მსხვერპლი და ის მომენტები, როდესაც ეროვნულ ნაკრებს თქვენი კუთვნილი დროც უნდა დაეთმო. თუ აქამდე მოვედი, ეს იმიტომ, რომ ყოველთვის ხელიხელჩაკიდებულები მივდიოდით.
პორტუგალიელ ხალხს, მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ პორტუგალიელს კი ბოლოს ერთი რამ მინდა ვუთხრა - არსებობს ერთი სურათი, რომელსაც სამუდამოდ თან წავიღებ - მომენტი, როდესაც ეროვნული ჰიმნი იწყებს გაჟღერებას.
ირგვლივ ვიყურები, ვხედავ ჩემს თანაგუნდელებს, ტრიბუნებს, ბავშვებს, დედებს, მამებსა და ბებია-ბაბუებს. ვხედავ პორტუგალიელებს, რომლებმაც მხოლოდ იქ ყოფნისთვის ამხელა გზა გამოიარეს. და ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩვენს შორის განსხვავებები ქრება. აღარ არსებობს კლუბები, ფერები, სოციალური ფენები, პროფესიები თუ განსხვავებული შეხედულებები. არსებობს მხოლოდ ერთი ვნება - პორტუგალია.
ეს არის გრძნობა, რომელსაც მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში თან ვატარებ.
დღეს ჩემი სანაკრებო გზა მოედანზე სრულდება. მივდივარ თავაწეული, ამაყი განვლილი გზით და სუფთა სინდისით, რადგან ვიცი, რომ პორტუგალიისთვის ყველაფერი გავიღე. მაგრამ არასდროს შევწყვეტ თქვენიანად ყოფნას. კვლავ თქვენთან ერთად ვინერვიულებ, თითოეულ ემოციას გავიზიარებ და პორტუგალიის ყოველ გამარჯვებას ჩემი შეძახილით - "Siu!“ — აღვნიშნავ.
მადლობა ამ 23 წლისთვის. მადლობა, რომ გჯეროდათ ჩემი. მადლობა, რომ მომეცით შესაძლებლობა, ამეხდინა ოცნება, რომელიც მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი მადეირაში და ბურთს დავდევდი.
7-ნომრიანი მაისური უკან რჩება, მაგრამ მისი ტარებით მიღებული სიამაყე სამუდამოდ ჩემი იქნება.
პორტუგალია ყოველთვის იქნება ჩემს გულში.
მშვიდობით".