ავტორი:

“სიკვდილის არ მეშინია, მჯერა იქ, ზემოთ, დიდი ღმერთის...“ - კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ და გენიალური შემოქმედება, რომელიც მან სამშობლოს აჩუქა

“სიკვდილის არ მეშინია, მჯერა იქ, ზემოთ, დიდი ღმერთის...“ - კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ და გენიალური შემოქმედება, რომელიც მან სამშობლოს აჩუქა

5 ნოემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა გენიალური ქართველი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი, რომლის შემოქმედება ქართული კულტურის, კერძოდ, ქართული მუსიკის განუყოფელ ნაწილია. მისი ნამუშევრები სხვადასხვა თაობის მსმენელმა დიდი ხანია შეიყვარა და სიყვარულით ასრუებენ.

2 წლის წინ გადაცემაში “ნოესთან“ ამბობდა, რომ ასაკს ვერ გრძნობდა: “დაახლოებით, 20 წლით უფროსი ვარ 70-ზე. სანამ ამას დავუფიქრდი, არ ვამბობდი, რომ 90 წლის ვიყავი. მავიწყდებოდა და როგორც კი დავფიქრდი, ჩემს თავს ვუმეორებდი, რა 70 და 80, 90 წლის ხარ-მეთქი. ძალიან ბევრს რომ ვლაპარაკობ, ახლა მჯერა, რომ 90 წლის ვარ. როგორ შეიძლება ამაზე დიდხანს ვიყო. სიკვდილის არ მეშინია, მე მჯერა იქ, ზემოთ, დიდი ღმერთის...“

კომპოზიტორის სიმღერები მრავალფეროვანია და სწორედ ამიტომ ჭირს კონკრეტული მიმართულების ჩარჩოში მათი მოქევა... ნუნუ დუღაშვილი მუსიკით ბავშვობიდან დაინტერესდა. ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ პირველი ნაწარმოები “პატარა მწყემსის სიმღერა“ 5 წლის ასაკში დაწერა. ეს კი მის გამორჩეულ ნიჭიერებას უსვამს ხაზს.

კონსერვატორიაში სწავლისას ჯაზით იყო სერიოზულად გატაცებული. უკრავდა ჯაზს და ისე ძლიერად, რომ ამბობდნენ, რომ ასე ჯაზს მხოლოდ მამაკაცები უკრავენო... მის მიერ დაწერილი სიმღერით ჯაზის ქართველმა შემსრულებელმა გიული ჩოხელმა, პრაღაში, მსოფლიო ფესტივალზე გამართულ კონკურსში, რომლის თავმჯდომარე ელა ფიცჯერალდი იყო, პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ჰანგებით ჯაზის დედოფალი ელა ფიცჯერალდი მოიხიბლა.

კომპოზიტორის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ეროვნული კოლორიტი, ხალხურ მელოდიებთან სიახლოვე. ნუნუ დუღაშვილი თავისი სიმღერების საუკეთესო ინტერპრეტატორი გახლდათ.

უზომოდ უყვარდა თავისი ქვეყანა და ალბათ ამიტომაც იყო, რომ თითქმის ყველა კუთხეს ჰიმნი დაუწერა. მის სიმღერებს დიდი სიყვარულითა და სიამოვნებით ასრულებენ არა მარტო ქართველი მომღერლები, ზოგადადმღერიან. ესენია - “იმერეთის ნიავო“, “ბათუმი რად ღირს მარტო?“ და “გადამრიე, გადამრიე“... “კახეთო“ კი მისი შემოქმედების გვირგვინია.

ქართველი კომპოზიტორის, ნუნუ დუღაშვილის ინტერვიუებიდან და სატელევიზიო გამოსვლებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავია რამდენიმე ეპიზოდი, სადაც მისი იუმორი, სიცოცხლის სიყვარული და შინაგანი სილაღე ჩანს.

  • სიცოცხლე, გარდაუვალობა და რწმენა

კომპოზიტორს თავისი ფილოსოფიური ხედვა ჰქონდა სიცოცხლესა და გარდაცვალებაზე:

“სიკვდილის არ მეშინია... მე მჯერა, იქ ზემოთ დიდი ღმერთის. აქ რაც ხდება, ეს დროებითია, მაგრამ სანამ ვართ, სიცოცხლე უნდა გვიყვარდეს და სიყვარული უნდა გავცეთ.“

  • მუსიკის შექმნის პროცესი და პროფესიული გზა

“საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემებსა და რადიოინტერვიუებში (“მუსიკის 12 მოციქული“, “პიკის საათი“) ის ხშირად იხსენებდა თავისი შემოქმედების დასაწყისს:

იხსენებდა პირველ ნაბიჯებს, თუ როგორ იბადებოდა მისი პირველი მელოდიები ბავშვობაში და როგორ იქცა მუსიკა მის ერთადერთ ბუნებრივ მდგომარეობად.

დიდი სიყვარულით საუბრობდა იმ პერიოდზე, როდესაც მისი სიმღერები ლეგენდარულ ანსამბლებს (“ორერას“, “ვია 75-ს“) და ქართული ესტრადის ვარსკვლავებს მიჰქონდათ. აღნიშნავდა, რომ კომპოზიტორისთვის უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც მისი დაწერილი მელოდია ხალხის საკუთრება ხდება და ქუჩაში მღერიან.

  • ბავშვები და საბავშვო მუსიკა

ნუნუ დუღაშვილს განსაკუთრებული სითბო ჰქონდა საბავშვო სიმღერების მიმართ. ინტერვიუებში ხაზს უსვამდა, რომ ბავშვისთვის მუსიკის წერა ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს:

“ბავშვს ვერ მოატყუებ. საბავშვო სიმღერა უნდა იყოს უმარტივესი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ღრმა და მელოდიური, რომ პატარას გულში პირველივე მოსმენით ჩაჯდეს.“

ნუნუ დუღაშვილი დაიბადა 1933 წლის 7 თებერვალს. პირველი ნაწარმოები, “პატარა მწყემსის სიმღერა“ 5 წლის ასაკში შექმნა. სწავლობდა ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში, 1959 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1959-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად. 1962 წლიდან ეწოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1965-2002 წლებში საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსიც იყო...

მისი შემოქმედება და საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა რამდენიმე სიმღერამ მოუტანა, მათ შორისაა: “ქუთაისო“, “იმერეთის ნიავი“, “ღმერთი სიყვარულისა“, “ბათუმი რად ღირს, მარტო“, “ჩემი სიმღერა“, “კახეთო“, “სამშობლო“, “თბილისო, სიყვარულო“. დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისათვის. ნუნუ დუღაშვილის სიმღერები გამოირჩევა ეროვნული კოლორიტით და ხალხურ მელოდიებთან სიახლოვით. 2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.

ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს კომპოზიტორის ოჯახს, მუსიკოსებს და ქართულ ხელოვნებას.