ავტორი:

რასელ ბრენდი სექსუალური ძალადობის 4 ეპიზოდში, მათ შორის გაუპატიურებაში ცნეს დამნაშავედ - რა სასჯელი ელის ბრიტანელ მსახიობს?

რასელ ბრენდი სექსუალური ძალადობის 4 ეპიზოდში, მათ შორის გაუპატიურებაში ცნეს დამნაშავედ - რა სასჯელი ელის ბრიტანელ მსახიობს?

ლონდონის საუთუორკის რაიონის სამეფო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ცნობილი ბრიტანელი მსახიობი და კომიკოსი, 51 წლის რასელ ბრენდი დამნაშავედ ცნეს წაყენებული ბრალდების ოთხ მუხლში: გაუპატიურების ერთ და სექსუალური შევიწროების სამ ეპიზოდში. საქმე ოთხ სხვადასხვა ქალს შეეხება. მსახიობს შესაძლოა, რვა-ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. ამის შესახებ ბრიტანელმა იურიდიულმა ექსპერტმა, კალი საჰოტამ, გამოცემა Page Six-თან საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, საბოლოო სასჯელს მოსამართლე განსაზღვრავს, თუმცა კომიკოსს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.

საჰოტას განმარტებით, ინგლისსა და უელსში გაუპატიურებისთვის კანონით სამუდამო პატიმრობაც არის გათვალისწინებული, თუმცა ბრენდის შემთხვევაში ასეთ სასჯელს არ ელოდება. მისი შეფასებით, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ყველაზე სავარაუდო სასჯელი რვა ან ცხრა წელია. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს როგორც გაუპატიურების, ისე სექსუალური ძალადობის სხვა ეპიზოდები და განსაზღვროს, სასჯელები ერთდროულად მოიხადოს ბრენდმა თუ ერთმანეთის მიყოლებით.

ადვოკატის თქმით, თუ ბრენდს რვა-ცხრა წლით პატიმრობა მიესაჯა, შესაძლოა, ციხეში სასჯელის დაახლოებით ორი მესამედის მოხდა მოუწიოს. ეს დაახლოებით ხუთი წელი და ოთხი თვიდან ექვს წლამდე პერიოდია. დარჩენილ ვადას ის გათავისუფლების შემდეგ, საზოგადოებაში ზედამხედველობის ქვეშ გაატარებს. თუმცა პირობითი გათავისუფლება სრულ თავისუფლებას არ ნიშნავს - პირობების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, პატიმარი ციხეში დააბრუნონ.

საჰოტამ განმარტა ისიც, რომ თუ ადამიანი ცნობილია, ეს ციხეში მის მიმართ განსაკუთრებულ მოპყრობას არ განაპირობებს. ინგლისსა და უელსში პატიმრებს უსაფრთხოების კლასიფიკაციის, რისკებისა და თავისუფალი ადგილების გათვალისწინებით ანაწილებენ. სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმარი შესაძლოა, სხვა პატიმრებისგან განცალკევებულ განყოფილებაში მოათავსონ, თუ მისი უსაფრთხოება რისკის ქვეშ იქნება, თუმცა ეს ავტომატური გადაწყვეტილება არ არის.

ბრენდის წინააღმდეგ ბრალდებები საჯარო 2023 წლის სექტემბერში გახდა, როდესაც The Sunday Times-მა და Channel 4-ის გადაცემამ Dispatches რამდენიმე ქალის მონათხრობი გამოაქვეყნეს. ისინი კომიკოსს სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. ბრენდმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მისი ყველა ურთიერთობა თანხმობაზე იყო დაფუძნებული.

წყარო