ავტორი:

მორიგი "სხოდკა" რომში: ამჯერად ონიან-ჯანგველაძის გარემოცვას 12 ახალი კანდიდატის "კანონიერ ქურდად კურთხევის" გადადება მოუხდა - რა შუაშია შაქრო კალაშოვი და რატომ ვარაუდობენ ახალ "კრიმინალურ ომს"?

მორიგი "სხოდკა" რომში: ამჯერად ონიან-ჯანგველაძის გარემოცვას 12 ახალი კანდიდატის "კანონიერ ქურდად კურთხევის" გადადება მოუხდა - რა შუაშია შაქრო კალაშოვი და რატომ ვარაუდობენ ახალ "კრიმინალურ ომს"?

ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის გარემოცვამ იტალიაში "კანონიერი ქურდების“ კურთხევის ახალი პროცესი წამოიწყო, რითაც, ფაქტობრივად, დაარღვია წლების განმავლობაში მოქმედი შეთანხმება, რომლის დაცვასაც შაქრო კალაშოვი აკონტროლებდა. მედიის ინფორმაციით, რომში გამართული პირველი შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, მეორე შეკრებაც შედგა, სადაც კიდევ 12 კანდიდატის საკითხი განიხილეს. თუმცა კურთხევა მოსკოვიდან მიღებული გზავნილის შემდეგ გადაიდო. გამოცემა Vesti.az-ის საგამოძიებო სტატიის მიხედვით, მომხდარი შესაძლოა პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სამყაროში გავლენების ახალი განაწილებისა და ძველი დაპირისპირების დაბრუნების დასაწყისი გახდეს.

"კანონიერი ქურდი" ილია სიმონია (მახო)

მოკლედ, 5 ნოემბერს აზერბაიჯანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ვრცელი საგამოძიებო სტატია, სათაურით: "უთანხმოების გვირგვინები: რომაული კურთხევა და კრიმინალური კლანების ახალი ომი“, რომელშიც აღწერილია, როგორ გააქტიურდა ძველი დაპირისპირება და რატომ შეიძლება რომში გამართული შეხვედრები კრიმინალურ სამყაროში ძალთა ბალანსის შეცვლის მიზეზი გახდეს.

გამოცემის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს რომში მეორე შეკრებაც გაიმართა, რომელზეც კიდევ 12 ახალი "კანონიერი ქურდის“ კანდიდატურა განიხილეს. კურთხევის ცერემონიის გამართვამდე მერაბ ჯანგველაძემ შეკრებილებს მოსკოვიდან მიღებული გზავნილი გააცნო.

შაქრო კალაშოვი

შაქრო "მალადოი" და ბადრი კოღუაშვილი ახალი კურთხევებისგან დროებით თავის შეკავებას ითხოვდნენ. მიზეზად პირველი ცერემონიის გარშემო ატეხილი დიდი აჟიოტაჟი სახელდებოდა. თხოვნა გაითვალისწინეს და გადაწყვეტილება ერთი თვით გადაიდო - ნოემბრის ბოლომდე.

გამოცემის შეფასებით, შაქრო კალაშოვმა მხოლოდ გადაწყვეტილების გადადებას მიაღწია და არა მის გაუქმებას. ეს კი შესაძლოა ნიშნავდეს, რომ მოსკოვის გავლენა კრიმინალურ იერარქიაში ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორიც ადრე იყო.

  • რვა ქართველი და რომში გამართული კურთხევა

იტალიაში პირველი შეკრება, ოქტომბრის ბოლოს გაიმართა. ახალი "კანონიერი ქურდების“ კურთხევა ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის გარემოცვამ მოაწყო. ორივე ეს კრიმინალური ავტორიტეტი დიდი ხანია დაკავშირებულია დაპირისპირებასთან, რომელმაც თავის დროზე პოსტსაბჭოთა კრიმინალური სამყარო ორ ბანაკად გაყო.

მათი კონფლიქტი ასლან უსოიანის, იგივე დედ ჰასანის გარემოცვასთან წლების განმავლობაში გრძელდებოდა და თან ახლდა მკვლელობები, ურთიერთბრალდებები და ბრძოლა იმისთვის, თუ ვის უნდა ჰქონოდა უფლება, გადაეწყვიტა, ვინ იმსახურებდა "კანონიერი ქურდის“ სტატუსს.

  • რატომ დაიწყო დაპირისპირება და რას ნიშნავდა 2013 წლის აკრძალვა?

2000-იანი წლების ბოლოს პოსტსაბჭოთა კრიმინალური სამყარო, ფაქტობრივად, ორ ბანაკად გაიყო. ერთ მხარეს ასლან უსოიანი და მისი გარემოცვა იდგნენ, მეორე მხარეს კი - ტარიელ ონიანი და მისი მოკავშირეები, რომელთა შორის მნიშვნელოვან როლს მერაბ ჯანგველაძე ასრულებდა. კონფლიქტის მიზეზები, Vesti.az-ის შეფასებით, ფინანსური ინტერესები, გავლენის სფეროები, კომერციული სტრუქტურების კონტროლი და კრიმინალურ სალაროებში შესული შემოსავლების განაწილება იყო.

ერთ-ერთ ინსტრუმენტად ახალი "კანონიერი ქურდებისთვის“ სტატუსის მინიჭება იქცა. თუ ადრე ასეთი წოდების მიღება უკვე მოქმედი ქურდების აღიარებას, შესაბამის რეპუტაციასა და გარკვეული წესების დაცვას მოითხოვდა, დაპირისპირების პერიოდში ეს მოთხოვნები უკანა პლანზე გადავიდა.

ჯგუფებს საკუთარი ადამიანები სჭირდებოდათ. ახალი "კანონიერი ქურდი“ შეიძლებოდა მფარველი ჯგუფის ინტერესებს წარმოედგინა, დავების მოგვარებაში მონაწილეობა მიეღო, კრიმინალური შემოსავლების განაწილებაზე გავლენა მოეხდინა და კონკრეტულ რეგიონში დაჯგუფების პოზიციები გაეძლიერებინა.

2012-2013 წლებში კურთხევებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. 2012 წლის ბოლოს დუბაიში გამართულ დიდ შეკრებაზე ერთბაშად 16 ადამიანი აკურთხეს, რომელთა უმრავლესობა საქართველოდან იყო. დედ ჰასანი ამ კურთხევების "კანონიერების" ეჭვქვეშ დაყენებას აპირებდა, თუმცა ეს ვერ მოასწრო. 2013 წლის 16 იანვარს ასლან უსოიანი მოსკოვის ცენტრში, პოვარსკაიას ქუჩაზე მდებარე რესტორნის მახლობლად მოკლეს.

დედ ჰასანის გარდაცვალების შემდეგ გავლენისთვის ბრძოლა არ შეწყვეტილა. პირიქით, ერთ-ერთი მთავარი ფიგურის გაქრობამ ახალი გადანაწილებისთვის დამატებითი შესაძლებლობები შექმნა.

2013 წელს, კრიმინალური სტატუსი, სულ მცირე, 77-მა ადამიანმა მიიღო. ზოგი მათგანის წოდებას აღიარებდნენ, სხვები კი კურთხევებს უკანონოდ მიიჩნევდნენ. ძველი სისტემა სულ უფრო კარგავდა მართვის უნარს. სწორედ ამ ვითარებაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წინააღმდეგობების მოგვარებამდე ახალი "კანონიერი ქურდები“ აღარ ეკურთხებინათ. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შაქრო კალაშოვმა შეასრულა, რომელიც ესპანეთის ციხიდან დაბრუნების შემდეგ, დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის თანდათან ერთ-ერთ მთავარ შუამავლად იქცა.

აკრძალვას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა: ის უკვე არსებულ ძალთა ბალანსს ამყარებდა. მათ, ვისაც კრიმინალურ სამყაროში სტატუსი და გავლენა ჰქონდათ, საკუთარი პოზიციების შენარჩუნება შეეძლოთ, ხოლო ახალი წევრების მიღება ვიწრო წრის თანხმობაზე იყო დამოკიდებული.

შაქრო კალაშოვისთვის ეს გავლენის დამატებით ბერკეტს ნიშნავდა. მას შეეძლო ყველა ბაზარი, დაჯგუფება ან შემოსავლის წყარო უშუალოდ არ ეკონტროლებინა, თუმცა კურთხევების შეთანხმებაში მონაწილეობა კრიმინალური ძალაუფლების სტრუქტურაზე ზემოქმედების საშუალებას აძლევდა.

ახლა კი სწორედ ეს სისტემა აღმოჩნდა საფრთხის წინაშე.

  • ვაჟა სულამანიძე, შაქრო "მალადოისთან" შეხვედრა და მოსკოვში დაკავება

Vesti.az განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთ ახალ "კანონიერ ქურდზე“ - ქუთაისელ ვაჟა სულამანიძეზე. გამოცემის ინფორმაციით, კურთხევამდე ცოტა ხნით ადრე სულამანიძე მოსკოვში ჩავიდა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის შაქრო კალაშოვს ("მალადოისა") და ბადრი კოღუაშვილს შეხვდა.

თუმცა ამ შეხვედრიდან მალევე, 16 ოქტომბერს, სულამანიძე რუსეთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა. რამდენიმე დღის შემდეგ კი იტალიაში გამართულ შეკრებაზე ის უკვე აკურთხეს "კანონიერ ქურდად". "ეს შემთხვევა კარგად აჩვენებს შაქრო "მალადოის" დღევანდელ მდგომარეობას: მის აზრს ჯერ კიდევ ითვალისწინებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა ყოველთვის აღარ შეუძლია", - წერს გამოცემა.

ვაჟა სულამანიძე, 2026 წლის 23 ოქტომბერი

შეკრებაზე კიდევ ერთი საინტერესო ფიგურა გამოჩნდა - ილია სიმონია, ცნობილი მეტსახელით "მახო". მისი სახელი რუსულ კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ, ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე "იაპონჩიკის", მკვლელობას უკავშირდება. სიმონიას ურთიერთობა იაპონჩიკის გარემოცვასთან ჯერ კიდევ 1993 წელს დაიძაბა. ივანკოვთან კონფლიქტის შემდეგ მას "კანონიერი ქურდის“ სტატუსი ჩამოართვეს. თუმცა 26 წლის შემდეგ, 2019 წელს, ტარიელ ონიანმა და მერაბ ჯანგველაძემ ეს სტატუსი აღუდგინეს.

ახლა კი მახო იტალიური კურთხევის მონაწილეებს შორის აღმოჩნდა. Vesti.az-ის შეფასებით, მისი გამოჩენა ონიანისა და ჯანგველაძის მოწინააღმდეგეების ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა, რადგან ეს ფიგურა ძველ კრიმინალურ დაპირისპირებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ახალ "კანონიერ ქურდებს“ შორის გამოცემა ნოდარ ნიშიანიძესაც ასახელებს, რომელიც კიევში ირაკლი მალანიას მკვლელობის საქმეზე საერთაშორისო ძებნაში იმყოფება. ქართულ მედიაში მალანიას ლაშა შუშანაშვილის გარემოცვასთან დაახლოებულ პირად მოიხსენიებდნენ.

  • ფული, გავლენა და ევროპაში გადანაწილებული ინტერესები

იტალიაში გამართული კურთხევების უკან მხოლოდ კრიმინალური იერარქიის საკითხი არ დგას. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ფინანსურ ინტერესებსა და ევროპაში მოქმედი პოსტსაბჭოთა დაჯგუფებების გავლენის სფეროებზეც. ბოლო წლებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა, საბანკო გადარიცხვების შეზღუდვებმა და სავაჭრო მარშრუტების ცვლილებამ ჩრდილოვანი ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა.

რუსეთში კრიმინალური ავტორიტეტებისთვის სამართლებრივი გარემო გამკაცრდა. 2019 წლიდან რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში მოქმედებს 210.1 მუხლი, რომელიც დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობის დაკავებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. შესაბამისად, ადამიანის "კანონიერ ქურდად“ აღიარება შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველიც გახდეს.

შაქრო კალაშოვი კრასნოდარის მხარეში მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან მხოლოდ 2024 წლის მარტში გათავისუფლდა. გამოძალვის საქმეზე მას თითქმის რვა წელი ჰქონდა გატარებული ციხეში. მანამდე კი ესპანეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და რუსეთში 2014 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა.

Vesti.az-ის შეფასებით, ბოლო ორი ათწლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი შაქრომ ციხეში გაატარა. ამ პერიოდში კი მისი ძველი მოწინააღმდეგეები არ გამქრალან, მათი საქმიანობის გეოგრაფია კი რუსეთის ფარგლებს გასცდა.

  • მთავარი გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლოს უნდა მიიღონ

Vesti.az-ის ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის გარემოცვამ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ახალი "კანონიერი ქურდების“ კურთხევას. შაქრო მალადოიმ პროცესის ერთი თვით გადადებას მიაღწია, თუმცა მანამდე მიღებული გადაწყვეტილებები არ გაუუქმებია.

13 წლის წინ მასობრივი კურთხევები ბაზრებსა და კრიმინალურ შემოსავლებზე გავლენის მოპოვებას უკავშირდებოდა. დღეს კი ამ ინტერესებს საერთაშორისო ლოგისტიკა, სანქციების ეკონომიკა და ახალი ფინანსური ინსტრუმენტებიც ემატება.

გამოცემის შეფასებით, თუ ტარიელ ონიანი და მერაბ ჯანგველაძე კურთხევებს გააგრძელებენ, შაქრო კალაშოვსაც მოუწევს ან ახალი წესრიგის აღიარება, ან მოწინააღმდეგეების გადაწყვეტილებებთან დაპირისპირება.

მეორე სცენარი კი შესაძლოა იმ დაპირისპირებების დაბრუნების საფრთხეს შეიცავდეს, რომელთა შეკავებასაც კრიმინალური სამყარო 13 წლის განმავლობაში ცდილობდა.

რომში გამართული შეხვედრები და რვა ახალი "კანონიერი ქურდის“ გამოჩენა შესაძლოა მხოლოდ დასაწყისი იყოს იმ პროცესისა, რომელიც პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სამყაროში გავლენის სფეროების ხელახლა გადანაწილებას გამოიწვევს.

წაიკითხეთ ასევე: