ავტორი:

მიზანში მიყოლებით იღებდნენ ხან ერთ ავიაკომპანიას თუ აეროპორტს და ხან - მეორეს: ცრუ განგაში ევროპის ცაში - ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?

მიზანში მიყოლებით იღებდნენ ხან ერთ ავიაკომპანიას თუ აეროპორტს და ხან - მეორეს: ცრუ განგაში ევროპის ცაში - ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?

5 ოქტომბერს, ევროპის რამდენიმე აეროპორტსა და ავიაკომპანიას ბომბის მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს. გაფრთხილებები სწრაფად და ნაკადად შედიოდა; მიზანში მიყოლებით იღებდნენ ხან ერთ ავიაკომპანიას თუ აეროპორტს და ხან მეორეს... შედეგად, სულ მცირე, 21 რეისი შეფერხდა. მუქარების უმეტესობა იმდენად სერიოზულად მიიჩნიეს, რომ თვითმფრინავები სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. იტალიაში კი ერთ-ერთი რეისის თანხლების მიზნით სამხედრო გამანადგურებლებიც ააფრინეს. გამონაკლისი იყო ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, სადაც მუქარას მსგავსი რეაგირება არ მოჰყოლია.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ყველა შეტყობინება ცრუ განგაში იყო.

ინციდენტების ერთდროულმა და კოორდინირებულმა ხასიათმა გააჩინა კითხვა, ხომ არ დგას მათ უკან რუსეთი.

ეჭვს აძლიერებს ევროპაში ბოლო პერიოდში მომხდარი სხვა შემთხვევებიც: კიბერშეტევები მნიშვნელოვან ობიექტებზე, დრონების გამოჩენა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. ბოლო დღეებში ჰაკერული შეტევის სამიზნე გახდა სუპერმარკეტების საყინულეები და სისხლის ბანკი. აგვისტოში კი დრონებით თავდასხმა მოხდა გერმანიის ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტზე, რაშიც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯაროდ მოსკოვი დაადანაშაულა.

  • შესაძლოა, ეს ყველაფერი რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილი იყოს?

ასეთი ვარაუდის მომხრეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქმედებები ე.წ. ჰიბრიდული ომის მაგალითია. ამ ტერმინით აღწერენ პროპაგანდისტულ თუ სხვა ტიპის თავდასხმებსა, ასევე სხვა მავნე მოქმედებებს, რაც ქვეყნის ინფრასტრუქტურას ან საზოგადოებას აზიანებს, თუმცა მათი ორგანიზატორების ვინაობის დადგენა რთულია. ასეთი ოპერაციები ხშირად ისე იგეგმება, რომ პასუხისმგებლობის უარყოფა შესაძლებელი იყოს და დასავლეთის ქვეყნებს საპასუხო სამხედრო მოქმედებების დაწყების საფუძველი არ მიეცეთ.

5 ოქტომბრის საღამოს მდგომარეობით, არ არსებობდა მყარი მტკიცებულება, რომელიც ავიაკომპანიებისა და აეროპორტების წინააღმდეგ მიმართულ მუქარებს რუსეთთან, ირანთან ან მათთან დაკავშირებულ ჯგუფებთან დააკავშირებდა.

ერთ-ერთი საყურადღებო შემთხვევა რომში დაფიქსირდა. ხუთშაბათს დილით, რომის აეროპორტის ადმინისტრაციამ ელექტრონული ფოსტით მუქარის შემცველი წერილი მიიღო, რომლის ავტორებიც საკუთარ თავს "მამაკაცთა სახელმწიფოს მებრძოლებს“ უწოდებდნენ.

ეს სახელწოდება, სავარაუდოდ, რუსულ ულტრამემარჯვენე დაჯგუფება "მუჟსკოი ლეგიონს“ ანუ "მამაკაცთა ლეგიონს“ უკავშირდება. ჯგუფი იმდენად ექსტრემისტული შეხედულებებით გამოირჩეოდა, რომ მოსკოვის სასამართლომ 2021 წელს აკრძალა. მიუხედავად ამისა, Telegram-ზე ათიათასობით მიმდევარი ჰყავდა და 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას ღიად უჭერდა მხარს.

ამ ეტაპზე სამართალდამცველებისა და აეროპორტების ადმინისტრაციების მთავარი ამოცანა არა სავარაუდო დამნაშავის ამოცნობა, არამედ რეალური მტკიცებულებების მოძიებაა. მათ უნდა დაადგინონ, ვინ ავრცელებს ცრუ მუქარებს, რა მიზნით აკეთებს ამას და როგორ შეიძლება მსგავსი შემთხვევების განმეორებისას მათი გავლენის შემცირება.

წყარო