დონალდ ტრამპმა აშშ-ის მომავალ პრეზიდენტებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ცვლილებების შეტანა ოფიციალურად აუკრძალა. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წერს.
დონალდ ტრამპმა აშშ-ის მომავალ პრეზიდენტებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ცვლილებების შეტანა ოფიციალურად აუკრძალა. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წერს.
მან ხელი მოწერა სპეციალურ განკარგულებას, რომლის თანახმადაც, მისივე ინიციატივით განახლებული ოვალური კაბინეტი ახლა უკვე ეროვნულ ძეგლად არის გამოცხადებული.
"ჩვენ მას ეროვნულ ძეგლის სტატუსს ვანიჭებთ და არავის მიეცემა უფლება, ხელი ახლოს, დაანგრიოს ან შეცვალოს იგი - როგორც ეს შეიძლება ვინმე სულელ ადამიანს მოენდომებინა, რომელსაც აქ სხვა ფორმის რამის აშენება სურს“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ახალი დოკუმენტი კრძალავს ისეთ ქმედებებს, რომლებიც კაბინეტის ისტორიულ სტრუქტურასა და არქიტექტურულ იერსახეს არსებითად დააზიანებს, თუმცა პრეზიდენტებს კვლავ უტოვებს უფლებას, შეცვალონ ინტერიერი, ავეჯი ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე დეტალები. დონალდ ტრამპის თქმით, რემონტამდე ოვალური კაბინეტი "მძიმედ დაზიანებულ“ მდგომარეობაში იყო - გატეხილი ფანჯრებით, კედლებზე ბზარებით და დაზიანებული ქვის ელემენტებით.
მისი მმართველობის პერიოდში თეთრ სახლში, ასევ ამ კაბინეტში უკვე არაერთი ცვლილება განხორციელდა: შესასვლელთან გამოჩნდა ოქროსფერი წარწერა "ოვალური კაბინეტი“, ცნობილი "ვარდების ბაღის" ბალახის საფარი ბრტყელი ფილებით შეიცვალა. ასევე აშენდა ვერტმფრენის ახალი მოედანი.
რამდენიმე თვის წინ ტრამპმა თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის სრული დემონტაჟის განკარგულება გასცა. პროექტი აშშ-ის კონგრესს არ დაუმტკიცებია. ახლა იქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, გეგმაში კი ამ სივრცის ახალ საბანკეტო/საბალო დარბაზად გადაქცევაა.

როგორც პრეზიდენტს, ტრამპს აქვს უფლებამოსილება, შექმნას ეროვნული ძეგლები - ობიექტები, რომელთა სტატუსიც ახლოსაა ეროვნული პარკების სტატუსთან.
ხოლო აღმოსავლეთ ფრთის სრული დემონტაჟისა და ახალი საბანკო დარბაზის მშენებლობის პროექტი კონგრესის თანხმობის გარეშე დაიწყო.
კანონმდებლობისა და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების ექსპერტები ტრამპის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. Cultural Heritage Partners-ის იურისტის, გრეგ ვერკჰაიზერის თქმით, ეს ნაბიჯი"თვალთმაქცურია", რადგან პარალელურად მიმდინარეობს ძალისხმევა ქალაქის სხვა ისტორიული ობიექტებისა და კანონების შესუსტებისკენ - მათ შორისაა გახმაურებული პროექტი "ტრამპის თაღი“, რომლის მშენებლობაც, კრიტიკოსების აზრით, ხედს გადაუკეტავს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოს. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატებმა მკაცრად გააკრიტიკეს ტრამპის "ოქროს“ ინოვაციები; მაგალითად, ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირონიულად აღნიშნა, რომ ახალი დიზაინის გამო თეთრი სახლი "ისე გამოიყურება, თითქოს სადამ ჰუსეინმა რესტორანი გახსნა“.
მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, შეძლებენ თუ არა მომავალი პრეზიდენტები ამ განკარგულების გაუქმებას, ტრამპი დარწმუნებულია, რომ თავისი ნაბიჯით ამ "განსაკუთრებულ სივრცეს“ სამუდამოდ დაიცავს.