თოდუას კლინიკის ყბა-სახის ქირურგიულ დეპარტამენტს ახალი სერვისი - დენტალური იმპლანტაცია დაემატა. პროცედურებს ყბა-სახის ქირურგი გიგა ტორაძე ატარებს.

დენტალური იმპლანტაცია დაკარგული კბილის ჩანაცვლების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მეთოდია. პროცედურა ყბის ძვალში ტიტანის იმპლანტის, ანუ ხელოვნური ფესვის ჩანერგვას გულისხმობს, რომელზეც შემდგომში კბილის გვირგვინი ფიქსირდება. მეთოდის მთავარი უპირატესობაა კბილის ფუნქციისა და ესთეტიკის აღდგენის შესაძლებლობა მეზობელი ჯანსაღი კბილების დაზიანების გარეშე.
თოდუას კლინიკაში დენტალური იმპლანტაციის პროცესი მაღალტექნოლოგიური 3D დიაგნოსტიკით იწყება, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, დეტალურად შეაფასოს ყბის ძვლის მდგომარეობა და ქირურგიული ჩარევა მილიმეტრული სიზუსტით დაგეგმოს. ამ მიმართულებით კლინიკას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს და დიაგნოსტიკური კვლევებისთვის პაციენტებს სხვა სტომატოლოგიური კლინიკებიც ამისამართებენ.
დენტალურ იმპლანტაციასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ყბის ძვლის სხვადასხვა ტიპის დეფექტის აღდგენა ხელოვნური ძვლის მასალის გამოყენებით.
ქირურგიული ჩარევები ტარდება როგორც ადგილობრივი ანესთეზიით, ისე, შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში, ზოგადი ანესთეზიით, რაც პროცედურის დროს პაციენტის ტკივილისგან დაცვას უზრუნველყოფს.
სერვისის ფარგლებში გამოიყენება საერთაშორისო მწარმოებლების მაღალი ხარისხის დენტალური იმპლანტები და შესაბამისი სამედიცინო მასალები, რომელთა შერჩევაც თითოეული პაციენტის ინდივიდუალური კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხდება.
ახალი სერვისის დანერგვა პაციენტების საჭიროებებზეა ორიენტირებული და მათ საშუალებას აძლევს, დენტალური იმპლანტაციისთვის საჭირო დიაგნოსტიკური და ქირურგიული მომსახურება ერთ სამედიცინო სივრცეში მიიღონ.
R