აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, ველური ბუნების გადარჩენის ცენტრის სპეციალისტებმა წითელმკერდა ქორი გადაარჩინეს, რომელმაც ფრენის უნარი დაკარგა. მიზეზი არა ტრავმა ან დაავადება, არამედ რამდენიმე კვირის განმავლობაში მეზობლის ქათმების უზომო ჭამა და ძილი აღმოჩნდა.
სახლის მფლობელმა საკუთარ ეზოში ქორი იპოვა, რომელიც მიწაზე იჯდა და აფრენას ვერ ახერხებდა, რის შემდეგაც როანოკის ველური ბუნების ცენტრს დაუკავშირდა. ექსპერტებმა ფრინველი შეამოწმეს მოტეხილობებზე, ტყვიით მოწამვლაზე, თვალის პრობლემებზე, თავის ტრავმასა და შინაგანი ორგანოების დაზიანებაზე, თუმცა ქორი სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა.
“ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ იგი ფრენისთვის ძალიან მსუქანი გახლდათ, ცხიმის სქელი ფენის გამო მისი მკერდის ძვლის გასინჯვაც კი ვერ შევძელით“, - განაცხადეს ცენტრში.

ჩვეულებრივ, ამ სახეობის ქორები დაახლოებით 450–680 გრამს იწონიან, ნაპოვნი ქორის წონა კი ბევრად აღემატებოდა აღნიშნულს. ველურ ბუნებაში ცხოველების ასეთი სიმსუქნე ადამიანის ჩარევის გარეშე უიშვიათესი მოვლენაა.
“ეს “დედოფალი“ ყოველ დილით გაშვებული ქათმების “ბუფეტით“ იკვებებოდა, მუცელს ამოივსებდა, შემდეგ იქვე ხეზე იძინებდა და პროცესს კვლავ იმეორებდა“, - აღნიშნეს ველური ბუნების ცენტრში.
მიუხედავად იმისა, რომ ისტორია კომიკურად ჟღერს, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. ფრენის უნარის დაკარგვის გამო ქორი უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა და უფრო დიდ მტაცებლებს იოლად შეეძლო მისი განადგურება.
ველური ბუნების ცენტრის წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ “ნუ გამოკვებავენ ველურ ცხოველებს!“