"თამბაქოს ინდუსტრია შორს მიმავალი და სახიფათო მიზნებით "ზიანის შემცირების“ ნიღაბქვეშ ფარულად მოქმედებს. შესაბამისად, თამბაქოს კონტროლის შედეგად წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი, რომელმაც ქართული საზოგადოებრივი სივრცეები კვამლისგან გაათავისუფლა, დღეს ახალი, უფრო ვერაგული გამოწვევის წინაშე დგას. ამჯერად, გლობალური ინდუსტრიის მთავარი სამიზნე ჩვენი შვილები, მოზარდები და ახალგაზრდები გახდნენ“ ,- აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე.
სწორედ მასთან ერთად, ექსკლუზიურად ვცადეთ, გაგვერკვია რა იმალება თამბაქოსა და ნიკოტინის "ალტერნატიული პროდუქტების“ მიმზიდველი შეფუთვისა და არომატების მიღმა, როგორ მუშაობს შეფარული მარკეტინგის მანქანა საქართველოში და რა გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად?
- ბატონო გიორგი, ქრონოლოგიურად მივყვეთ. 2018 წელს ძალაში შესულმა რეგულაციებმა საზოგადოებრივ სივრცეებში მოწევის კულტურა ძირეულად შეცვალა. რა რეალური შედეგები მოგვიტანა ამ კანონმა?
- ათწლეულების განმავლობაში უზარმაზარი შრომა და ბრძოლა დაგვჭირდა საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად. 2017 წელს მიღებულმა და 2018 წლიდან სრულად ამოქმედებულმა ფართომასშტაბიანმა რეგულაციებმა ქართული რეალობისთვის მანამდე წარმოუდგენელი შედეგი გამოიღო: რესტორნებში, ბარებში, ქორწილებსა თუ საზოგადოებრივი თავყრილობის ადგილებში ადამიანებმა დახურულ სივრცეში მოწევას თავი დაანებეს.
ამ კანონს სამართლიანად უწოდებენ "ურთიერთპატივისცემის კანონს“. მან შეცვალა სოციალური ნორმა. დღეს მშობლების უმრავლესობაც საკუთარ ავტომობილში აღარ ეწევა, თუ იქ არასრულწლოვანი ზის, მით უმეტეს, რომ ამაზე მკაცრი საჯარიმო სანქციებიც მოქმედებს. შედეგად, პასიური მოწევა თითქმის სრულად აღმოიფხვრა, რამაც მყისიერად და პოზიტიურად იმოქმედა ჰოსპიტალურ სექტორზე, მკვეთრად შემცირდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე შემთხვევები, ასთმური შეტევები და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები. სხვათა შორის, ინდუსტრიის შიშები სამასპინძლო ბიზნესის გაკოტრებაზეც, როგორც მოსალოდნელი იყო, აბსურდული აღმოჩნდა: სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ობიექტების რიცხვი და ფინანსური ბრუნვა პირიქით, გაიზარდა. მრავალმხრივმა და ეფექტურმა რეგულაციებმა, მათ შორის, გადასახადების ზრდამ, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება ბოლო 10 წელიწადში 9 %-ით შეამცირა და 24%-მდე ჩამოვიდა 2025 წელს. სულ მცირე - 100.000 ადამიანმა შეწყვიტა მოწევა ან ბავშვებმა არ დაიწყეს მოწევა (აქ 18%-დან მოხმარება 11%-მდე შემცირდა).
- თუმცა, ბაზარზე ახალი "ალტერნატივები“ გამოჩნდა. რამდენად საგანგაშოა დღევანდელი სტატისტიკა ელექტრონული სიგარეტების, ე.წ. ვეიპების მიმართულებით?
- ინდუსტრია მარცხს არ შეეგუა და როდესაც კანონით აიკრძალა ტრადიციული თამბაქოს რეკლამა, სპონსორობა, ვიტრინებზე გამოჩენა და შენობებში მოწევა, წინასწარ გამზადებული გეგმა აამოქმედა, ბაზარი „დაბომბა“ გასახურებელი თამბაქოთი და ელექტრონული სიგარეტებით (ვეიპებით).
მხოლოდ ბოლო წლებში, კერძოდ, 2021-დან 2025 წლამდე, ელექტრონული სიგარეტების მოცულობა ბაზარზე ოთხჯერ გაიზარდა. ევროპული კვლევის (ESPAD) მიხედვით, თუ 15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 2019 წელს 7% იყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი გაორმაგდა (14%), ხოლო დღეს, 2026 წლისთვის, მაჩვენებელმა 20%-ს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეხუთე მოზარდი ვეიპდამოკიდებულია, რომელშიც ნიკოტინი ან მისი ანალოგი მაღალი კონცენტრაციითაა. გამუდმებით ეწევიან, რაც მალევე უძლიერეს ფიზიკურ და ქცევითდამოკიდებულებას იწვევს. ეპიდემია რეალურად უკვე გვაქვს ბავშვებში.
- კანონმდებლობით ინტერნეტშიც აკრძალულია თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების რეკლამა. თუმცა, ინდუსტრია მაინც ახერხებს სულ უფრო პოპულარული გახდეს. როგორ მიაღწიეს ამ მასშტაბის ზრდას?
- ინდუსტრია მილიონობით ლარის უკანონო რესურსს დებს ამ პროდუქტების პოპულარიზაციაში. მთავარი იარაღი გახდნენ უპასუხისმგებლო, სოციალური მედიის ინფლუენსერები, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან თამბაქოსა და ნიკოტინის მწარმოებლებისგან. Facebook-ის, Instagram-ის, TikTok-ის, Youtube და სხვა არხების საშუალებით, ისინი ყოველდღიურად, თითქოსდა "ცხოვრების სტილის“ ნაწილად აჩვენებენ კონკრეტულ ბრენდებს. მეტიც, აღნიშნულ პლატფორმებზე ფუნქციონირებს გადაცემები, სადაც სტუმრებს ღიად, ეთერში სთავაზობენ სხვადასხვა გემოს მქონე ელექტრონული სიგარეტების გასინჯვას.
აქ პრობლემა აღსრულებაშია. შემოსავლების სამსახური არის პასუხისმგებელი, აღმასრულებელი სტრუქტურა, მაგრამ რეაგირება მინიმალურია. თვე არ გავა, რომ ჩვენმა ალიანსმა 20-30 უკანონო რეკლამის ფაქტი არ გამოავლინოს და არ მიაწოდოს უწყებებს, თუმცა ინფლუენსერების მიმართ რეაგირება ფაქტობრივად არ ხდება. ამ სამსახურში ბოლო დროს რამდენიმეჯერ შეიცვალა ხელმძღვანელი პირი და იმედია, ამჯერად მაინც მიაქცევენ ამ მიმართულებას მნიშვნელოვან ყურადღებას. აქ ყველას მოზარდი შვილია მოწყვლადი, მათ შორის, აღსრულების პროცესში ჩართული პირებისაც. კანონი კანონია, როგორც ციფრული მედიისთვის, ისე ინფლუენსერისთვის და ყველა ერთნაირად უნდა აგებდეს პასუხს.
- ინტერვიუმდე საუბარში ახსენეთ, რომ ამ პროცესში ყველაზე ამაზრზენი სამედიცინო სფეროს ნაწილის ჩართვა იყო. კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- ეს არის თამბაქოს ინდუსტრიის ყველაზე ვერაგული ტაქტიკა. 2020 წლის ბოლოდან ციფრულ მედიაში მასობრივად გაჩნდა შეკვეთილი, ფსევდომეცნიერული სტატიები ე.წ. თამბაქოს ზიანის შემცირების კონცეფციაზე. სავალალოა, რომ ამ სტატიებს ხელს აწერდნენ ცნობილი ქართველი კარდიოლოგი, ტოქსიკოლოგი, ნარკოლოგი, ონკოლოგი, ფსიქიატრი, სხვა დარგის წარმომადგენლები და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი. ისინი საკუთარი სამედიცინო ავტორიტეტით თამბაქოსა და ნიკოტინის ახალი პროდუქტების უკანონო რეკლამა პოპულარიზაციას ეწევიან. 2021 წელს კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, მსგავსი პირდაპირი სტატიები ნაწილობრივ აღიკვეთა და შემოსავლების სამსახურმა მაშინ ეფექტურად იმოქმედა, თუმცა ისეთი გიგანტები, როგორიცაა "ფილიპ მორისი“ და მასთან დაკავშირებული კვლევითი თუ მარკეტინგული კომპანიები, დღესაც გამუდმებით ეძებენ ახალ, შენიღბულ ფორმებს ამ პროპაგანდის გასაგრძელებლად.
- მითი, რომელსაც ინდუსტრია ავრცელებს, არის ტემპერატურული სხვაობა: ტრადიციული სიგარეტი იწვის 700 გრადუსზე, ხოლო გასახურებელი თამბაქო 350-ზე და ელექტროსიგარეტი 110-150-ზე ხურდება, რაც თითქოს უსაფრთხოა. რა ხდება რეალურად ორგანიზმში ამ დროს?
- ეს არის აბსოლუტური, მარკეტინგულად შეფუთული სიცრუე! ელექტრონულ სიგარეტებში, როგორც კი ტემპერატურა 100-105 გრადუსს აჭარბებს, ცივ მდგომარეობაში სრულიად უწყინარი ქიმიური გამხსნელები პროპილენგლიკოლი და გლიცერინი თერმული დაშლის შედეგად გარდაიქმნებიან ტოქსიკურ ნივთიერებებად და კანცეროგენებად. ამას ემატება სინთეზური ქიმიური არომატიზატორები და დანამატები, რომლებიც ცივ მდგომარეობაშიც ტოქსიკურია და ტემპერატურული რეჟიმის შედეგად უფრო მეტად ტოქსიკური და კანცეროგენური ხდება, რასაც მძიმე მეტალებიც ემატება.
გასულ წელს დადასტურდა, რომ ის დაავადებები, რაც ასოცირდება სიგარეტთან ასევე ასოცირდება ელექტროსიგარეტთან და ორივე ან სამივე პროდუქტის პარალელური მოხმარება უფრო მძიმე შედეგებს იწვევს.
ორივე ტიპის ახალ პროდუქტში ნიკოტინის კონცენტრაცია კრიტიკულად მაღალია. ნიკოტინი კი არის ძლიერი ნეიროტოქსინი და კარდიოტოქსინი. მოზარდის ტვინის განვითარება 25 წლამდე გრძელდება. ნიკოტინის სისტემატური მიღება ამ ასაკში პირდაპირ აქვეითებს კოგნიტურ (შემეცნებით) უნარებს, იწვევს უკონტროლო აგრესიას, ხოლო კარდიოტოქსიკური ბუნების გამო, ყოველდღიურ რეჟიმში წამლავს და აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ამას ემატება სხვა სახის ტოქსინები, კანცეროგენები და მძიმე მეტალები, რომელთა უსაფრთხო დოზა დადგენილი არაა და შესაბამისად საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის!
- ბოლო პერიოდის კიდევ ერთი საშიში ტრენდია ე.წ. ნიკოტინის პაკეტები (ბალიშები), რომლებსაც ღრძილით მოიხმარენ. რატომ არის ეს პროდუქტი განსაკუთრებით სახიფათო სკოლის მოსწავლეებისთვის?
- იმიტომ, რომ ეს პროდუქტი არის აბსოლუტურად უხილავი! მას არ აქვს კვამლი, ბავშვს შეუმჩნევლად უდევს პირში და მასწავლებელი ან მშობელი ვერაფერს ამჩნევს. ინდუსტრია აქაც მანიპულირებს, ამბობენ, რომ რადგან ფილტვის კიბოს არ იწვევს, უსაფრთხოა. მაგრამ რატომ დუმან პირის ღრუს კიბოზე?!
ეს პაკეტები შეიცავს ნიკოტინის ძალიან მაღალ დოზას და არომატიზატორებსა და დანამატებში არსებული ტოქსინების გარდა დაფიქსირებულია კანცეროგენების სპეციალური ჯგუფის - ნიტროზამინების შემცველობა, ასევე შეიცავს მძიმე მეტალებს. პირველ რიგში, ის ფიზიკურად აზიანებს პირის ღრუს ჯანმრთელობას, იწვევს მწვავე ანთებებსა და წყლულებს, საიდანაც ინფექცია და ტოქსინები პირდაპირ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ვრცელდება. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ე.წ. კარიბჭე ნარკოტიკი. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მოზარდი, რომელიც ნიკოტინის ბალიშებს მოიხმარს, ოთხჯერ უფრო მარტივად გადადის ტრადიციულ სიგარეტსა და სხვა მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებზე. ამ პროდუქტის მომხმარებელთა 90%-ს სწორედ ბავშვები შეადგენენ.
· როგორ გადავარჩინოთ მომავალი თაობა? შექმნილი კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ? რა არის თამბაქოს კონტროლის ალიანსის სამოქმედო გეგმა?
- ჩვენ გვჭირდება არა კოსმეტიკური, არამედ გადამჭრელი, მკაცრი და კომპლექსური ზომები. სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა გაატაროს შემდეგი რეფორმები:
1. სრული აკრძალვა: ერთჯერადი ვეიპები (ნიკოტინის, სინთეზური ნიკოტინის, ნიკოტინის ანალოგის თუ მსგავსი მოქმედების მქონე ნივთიერების შემცველობით) და ნიკოტინის პაკეტები (ბალიშები) ქვეყანაში სრულად უნდა აიკრძალოს, ისევე, როგორც ეს ჩვენს სამეზობლოში გააკეთეს აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ყაზახეთმა, ასევე ევროპის მრავალმა ქვეყანამ, სადაც მოსახლეობის ჯანმრთელობა ინდუსტრიის მოგებაზე მაღლა დააყენეს.
2. არომატიზატორების ვეტო: ელექტრონულ სიგარეტებში უნდა აიკრძალოს ყველა სახის, მათ შორის, ხილის, ტკბილეულისა და მენთოლის არომატი. ერთადერთი დაშვებული გემო მრავალჯერად ელექტროსიგარეტებში შეიძლება იყოს მხოლოდ ტრადიციული თამბაქოს გემო, რათა პროდუქტმა დაკარგოს მიმზიდველობა ბავშვებისთვის.
3. სპეციალიზებული რეალიზაცია: ეს ლეტალური პროდუქცია არ უნდა იყიდებოდეს სუპერმარკეტებში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებსა თუ კომპიუტერულ სალონებში. გაყიდვა უნდა დაიშვას მხოლოდ სპეციალიზებულ, ლიცენზირებულ და მკაცრად კონტროლირებად პუნქტებში.
4. ასაკობრივი ცენზი: ნიკოტინის შემცველი ნებისმიერი პროდუქტის ლეგალური მიყიდვის ასაკი 18 წლიდან მინიმუმ 21 წლამდე უნდა გაიზარდოს.
5. სანქციების გაორმაგება: ინტერნეტსივრცეში უკანონო რეკლამირებისა და მოწევის წესების დარღვევისთვის დაწესებული ფინანსური ჯარიმები რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს.
6. სამედიცინო სექტორის გაფილტვრა: სამედიცინო საქმიანობის შესახებ კანონმდებლობაში მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს: ნებისმიერ ექიმს, რომელიც ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ თამბაქოს ინდუსტრიის დაკვეთით ფსევდომეცნიერულ პროპაგანდასა და ლობირებას ეწევა, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეს და განმეორებისას ჩამოერთვას.
თუ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს არ გამოვიყენებთ და ამ პროცესს კანონმდებლობის დონეზე დროულად არ შევაჩერებთ, მომავალ თაობას უმძიმესი დრამატული და შეუქცევადი შედეგები ელის.