ავტორი:

"1933 წელს მან სათაფლიაში დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინა - ამ სიტყვების მიღმა საოცარი ამბავია" - ვინ იყო ქუთაისელი კაცი, რომელმაც უნიკალურ ნაკვალევს მიაკვლია

"1933 წელს მან სათაფლიაში დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინა - ამ სიტყვების მიღმა საოცარი ამბავია" - ვინ იყო ქუთაისელი კაცი, რომელმაც უნიკალურ ნაკვალევს მიაკვლია

"...დღეს სათაფლიაში მისული ბავშვი დინოზავრის ნაკვალევთან ჩერდება და გაოცებული უყურებს. შესაძლოა, ჯერ არც იცოდეს, ვინ აღმოაჩინა იგი. ამიტომ პეტრე ჭაბუკიანის სახელის გახსენება ჩვენი ვალია. იმ გაოცებას, იმ ცოდნასა და იმ სიხარულს, რომელსაც ეს ადგილი გვანიჭებს, მისი შრომის დიდი წილი ახლავს", - ამბობს დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის ხელმძღვანელი, რამაზ ობოლაძე, რომელიც პეტრე ჭაბუკიანის შესახებ გვიამბობს.

- კიდევ ერთი კარგი ქუთაისელი მინდა გაგახსენოთ - მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანი. კაცი, რომელმაც ჩვენი მიწის წარსულს მთელი ცხოვრება შეალია და საქართველოს ისეთი მემკვიდრეობა დაუტოვა, რომლის სანახავადაც დღეს სათაფლიას უამრავი ადამიანი სტუმრობს. მისი სახელი ამ ადგილს სამუდამოდ დაუკავშირდა.

სათაფლიის მღვიმე, დინოზავრების ნაკვალევი, ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვისთვის გაწეული შრომა, ამ ყველაფრის უკან იდგა ადამიანი, რომელსაც ძიების სურვილი და საკუთარი მხარის სიყვარული გზაზე ისევ და ისევ აბრუნებდა.

1933 წელს პეტრე ჭაბუკიანმა სათაფლიაში დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინა.

ამ სიტყვების მიღმა საოცარი ამბავია: ჩვენს ნაცნობ მიწაზე მილიონობით წლის წინანდელი სიცოცხლის კვალი აღმოჩნდა. უძველეს ზედაპირზე შემორჩენილმა ანაბეჭდებმა შორეული სამყარო ხელშესახები გახადა. ის, რაც მანამდე მხოლოდ წარმოსადგენი იყო, ახლა თვალწინ იდო, ნაკვალევად, რომელსაც დრო ვერ მოერია. ამ კვალის დანახვასა და ამოცნობას ცოდნა, დაკვირვება და შეუპოვრობა სჭირდებოდა.

პეტრე ჭაბუკიანს ეს თვისებები ჰქონდა. მისი აღმოჩენები წლების ძიებასა და შრომას ეყრდნობოდა.

1924 წელს თეთრამიწაზე ქვის ხანის ნამოსახლარს მიაკვლია. იქ აღმოჩენილი იარაღები ქუთაისისა და მისი შემოგარენის უძველესი ადამიანების ცხოვრებაზე გვიამბობდა, მათ შრომაზე, ყოფაზე, ამ მიწასთან კავშირზე. 1925 წელს სათაფლიის მღვიმე აღმოაჩინა, ბუნების მიერ საუკუნეების განმავლობაში შექმნილი მიწისქვეშა სამყარო, რომელიც შემდეგ მისი ზრუნვისა და საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ადგილად იქცა.

თეთრამიწა, სათაფლიის მღვიმე, დინოზავრების ნაკვალევი, სამი აღმოჩენა, რომლებმაც ჩვენი მხარის წარსულის შესწავლას ახალი შესაძლებლობები გაუხსნა.

პეტრე ჭაბუკიანი ნაპოვნს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. მღვიმის კეთილმოწყობაზე ზრუნავდა, დამთვალიერებლებს მასპინძლობდა, ძეგლის მნიშვნელობას აცნობდა. მისთვის აღმოჩენის სიხარულს ყოველდღიური მოვლა და დაცვა მოსდევდა. ასეთივე გულისყურით უყურებდა ქუთაისის ისტორიულ მემკვიდრეობას. იკვლევდა ძველ ნაგებობებს, აგროვებდა წარსულის შემორჩენილ ნიშნებს.

ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ მოძიებული ჩუქურთმიანი ფრაგმენტებით მისი აღდგენის საქმეს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. ქალაქის სიყვარული სწორედ ასეთ შრომაშიც ცხოვრობს, ნაპოვნი ქვის გაფრთხილებაში, ძველი ძეგლის მოვლაში, მოსწავლისთვის გაზიარებულ ცოდნაში, მომავლისთვის შენარჩუნებულ ისტორიაში.

დღეს სათაფლიაში მისული ბავშვი დინოზავრის ნაკვალევთან ჩერდება და გაოცებული უყურებს. შესაძლოა, ჯერ არც იცოდეს, ვინ აღმოაჩინა იგი. ამიტომ პეტრე ჭაბუკიანის სახელის გახსენება ჩვენი ვალია. იმ გაოცებას, იმ ცოდნასა და იმ სიხარულს, რომელსაც ეს ადგილი გვჩუქნის, მისი შრომის დიდი წილი ახლავს.

- თქვენ მის ოჯახთან ახლობლობა გაკავშირებდათ...

- დიახ, პეტრე ჭაბუკიანთან დაკავშირებით ბევრი რამ შემიძლია გავიხსენო, ჩვენს ოჯახთან მეგობრობდა. წყალტუბოს რაიონში, სოფელ ბანოჯაში გვაქვს საგვარეულო სახლ-კარი და ბებიაჩემის დედას, თამარს კარგად ახსოვდა პეტრე ჭაბუკიანი. პეტრე რომ სათაფლიაზე დადიოდა, იქ 1940-იან წლებში ფერმა გაიხსნა, სადაც საქონელთან ერთად თხები ჰყავდათ. თხებმა ნაკრძალის ტერიტორიაზე მცენარეები დააზიანეს და პეტრემ ბროწეულის ნერგები მოითხოვა, რომლითაც თავის ხელით შეაკავა სათაფლიის ნაკრძალის სამხრეთ ნაწილი.

ამ ბროწეულებთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი იყო: ბებიაჩემის დედას - თამარას, როგორც ომში დაღუპულის ქვრივს, მიწის შეღობვის უფლება მისცეს. თამარამ პეტრე ჭაბუკიანს სთხოვა ბროწეულის ნერგები და პეტრეს რომ უკითხავს, რად გინდაო (რადგან ბროწეულის ძირების გამოთხრა საწვალებელი იყო), თამარს უთქვამს, სხვა ღობეს დრო გაანადგურებს და ბროწეულის ხეების ღობე შთამომავლობას დარჩება, სადავო არ იქნებაო.

წლების შემდეგ, ჩემს მეხსიერებაშიც დარჩა, ამ მიწას რომ ვიკანონებდით, მაშინ რომ მკითხეს, ვუთხარი თქვენ სადმე გინახავთ დათვი ტყეში ღობეს ბროწეულის ხეებით აკავებდეს-მეთქი? - ეს ამბავი მოვყევი და შემდეგ უფრო ადვილად დავიკანონეთ მიწა.

სადავო აღარაფერი იყო, რაც პეტრე ჭაბუკიანის დამსახურება გახლდათ.

ბაბუა ამბობდა, ყველა თავის შეხვედრის დროს პეტრე ჭაბუკიანი სიამაყით იხსენებდა, მე დინოზავრის ნაკვალევი ვიპოვეო. ეს მისთვის ძალიან საამაყო იყო და ყველა თავის ინტერვიუს ამ ამბით იწყებდა.

ერთხელაც, ბაბუას პეტრე შეხვედრია, რომელიც თურმე ბანოჯადან ქუთაისში ფეხით მიდიოდა. მანქანა გაუჩერებია და დაუპატიჟებია, წამობრძანდით ბატონო პეტრეო. ბაბუს თურმე მეზობელი ეჯდა მანქანაში, იმ დროს პეტრეს მეუღლე ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ამ კაცს უთქვამს, ახლა ბატონო პეტრე თავისუფალი კაცი ბრძანდებით და რუსის ქალებს გაეარშიყებითო - ამ ნათქვამზე პეტრეს ხმა არ ამოუღია, მაგრამ მეზობელი ქუთაისის შესასვლელში რომ ჩამოსულა, ბაბუამ რა თქმა უნდა პეტრე სახლამდე მიაცილა და მას გზაში უთქვამს, - "რა სულელია ეს კაცი, მე ჩემი მოხუცი ცოლის მოგოზილი მჭადი მირჩევნია, რუსის ფითქინა ქალის დამცხვარ თეთრ პურსო" და თვალცრემლიანი ჩასულა მანქანიდან.

დაახლოებით 25 წლის წინ ვიყავი პეტრე ჭაბუკიანის ოჯახში მისული, მისი ფოტოების შესახებ მაინტერესებდა. ოჯახში მისულს მისი რძალი დამხვდა, ვესაუბრე, გაიხსენა პეტრეს შესახებ, ოჯახში შემორჩენილი იყო მისი თეთრი ლაბადა.

სამწუხაროდ მისი ფოტოები, არქივის ნაწილი სახლში აღარ იყო. რედაქციებმა წაიღეს და ოჯახში ერთი შავ-თეთრი ფოტო იყო მხოლოდ, სადაც მეგობრებთან ერთად არის აღბეჭდილი.