სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის 82 წლის მამა, თომას მარკლი, აშშ-ის ფედერალურმა სამართალდამცავებმა ფლორიდაში დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
FBI-ის აგენტებმა თომას მარკლი პარასკევს, ფლორიდის ქალაქ ლეიკლენდში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფრიდან, Maravida Senior Living-იდან გაიყვანეს.
დაკავების ამსახველი ფოტოები მედიაში გავრცელდა. მარკლი, რომელსაც 2025 წლის დეკემბერში ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, სამართალდამცავებმა ხელბორკილებით წაიყვანეს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა მარკლის საცხოვრებელი სახლი ფილიპინებში და ლოს-ანჯელესში მდებარე ორი საწყობი გაჩხრიკეს. ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, 78 ნივთი ამოიღეს, მათ შორის ფოტოები, სლაიდები, კინოფირის ნეგატივები და წიგნები, რომლებიც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველ მასალებს შეიცავდა.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში აღმოჩენილ ზოგიერთ ფოტოზე თავად თომას მარკლიც არის გამოსახული არასრულწლოვან გოგონებთან ერთად. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მასალების ნაწილი სქესობრივი მომწიფების ასაკამდე მყოფ ბავშვებს ასახავს. მარკლის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება განსაკუთრებით მძიმეა და მისი დამტკიცების შემთხვევაში, მას ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.

დაკავებიდან რამდენიმე საათში თომას მარკლი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლომ მას არასრულწლოვანებთან კონტაქტი აუკრძალა და ელექტრონული მონიტორინგი დაუწესა.
საქმის განხილვისას მოსამართლე ლინდსი გრიფინმა მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ თომას მარკლს დემენცია აქვს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება უჭირს. სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად აცნობიერებს ის მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების არსსა და შესაძლო შედეგებს.