"მერი ნაკლებად კონტაქტობდა ლევილში მცხოვრებ ქართველებთან, ამიტომ მას ცივ და ქედმაღალ ქალბატონად თვლიდა ბევრი, მერიმ კი კარგად იცოდა, რომ ემიგრანტებში საბჭოთა უშიშროების აგენტები და გადაბირებული პირები ერივნენ“, - სამეგრელოს ისტორიის მკვლევარი - ციცინო ყურაშვილი ლეგენდარულ მერი შარვაშიძის შესახებ უნიკალურ ცნობებს გვაწვდის.
- მერი შარვაშიძე 2026 წლის 17 ოქტომბერს(ძველი სტილით) 137წლის გახდა. ორი წლის წინ მერი შარვაშიძის ოჯახის სენაკთან კავშირზე ჩემი ვრცელი კვლევა გამოქვეყნდა. შემდეგ უკვე სხვა პიროვნებებზე - ემიგრანტ ძმებ ბერიძეებზე მასალების ძიებისას მერი შარვაშიძის ემიგრაციაში ცხოვრების წლებზე რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია და მერის ჯერაც გამოუქვეყნებელი რამდენიმე ფოტო შემხვდა.
ფოტოები ქალბატონებმა, მარინა და ირინა ჭიჭინაძეებმა გადმომცეს, იცოდნენ რა ჩემი სიმპათიები მერის მიმართ და ჩემი კვლევის შინაარსი მასზე. მათ კი მერის ფოტოები ემიგრანტმა ნათესავმა, დედის ბიძაშვილმა ციცა (თამარ) ბერიძემ აჩუქა 1995 წელს ესპანეთში სტუმრობისას. ქალბატონი ციცა ბერიძე გახლდათ 1921 წელს ოჯახით ემიგრაციაში გადახვეწილი კალისტრატე ბერიძის, მეფის არმიის პოლკოვნიკის, შემდეგ კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცრის, თავდაცვის მინისტრის - გრიგოლ გიორგაძის მრჩევლის ქალიშვილი.
ემიგრაციაში ყოფნის მეხუთე წელს კალისტრატე ბერიძე ავადმყოფობით გარდაიცვალა და საფრანგეთში ობლად დარჩენილ ციცაზე, მის ძმაზე და რძალზე კალისტრატეს უმცროსმა ძმამ - გრიგოლ(გრიშა) ბერიძემ იზრუნა. სწორედ გრიშა ბერიძესთან მეგობრობდნენ მერი შარვაშიძე და მისი მეუღლე გიგუშა ერისთავი ჯერ კიდევ საქართველოდან ემიგრაციაში წასვლამდე.
თავის წიგნში "მოგონებათა დღიური“ აი, რას იხსენებს ქალბატონი ბაბო დადიანი-მასხარაშვილისა უკვე სტამბოლში, ემიგრაციაში ყოფნის პერიოდიდან:
"1922 წლის 18 იანვარს გაჩნდა გიორგი... ზაფხულში ვიქირავეთ დიდებული აგარაკი... ბოსფორის ნაპირას. ვიღაც ფაშას სასახლე ყოფილა და გაუყიდია. ისევ მხიარულება ჩვენ საყვარელ ახლობლებთან, მაგრამ საქართველოზე ფიქრი, დარდი არ გვშორდებოდა და უკვე ალიოშამ მტკიცედ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება. გიორგი 7 თვის იყო. დავიწყეთ მზადება. წასვლის წინ, ჩვენთან აგარაკზე ამოვიდნენ ძალიან სასიამოვნო და საყვარელი სტუმრები: მერი შარვაშიძე, ქმრით გიგუშათი, მერის და - თამარ ზარნიკაუ, აკაკი ხოშტარია, გრიშა ბერიძე, ოლია სვანიშვილი, რიმაც ჩვენთან იყო. დიდებულად მივიღეთ“.
ცნობილია, რომ ბაბო და მისი მეუღლე - ალიოშა მასხარაშვილი საქართველოში დაბრუნდნენ, დანარჩენებმა კი საფრანგეთს მიაშურეს. მიუხედავად ურთულესი ყოფისა ემიგრაციაში, იქაც ურთიერთობდნენ, შეძლებისდაგვარად ხვდებოდნენ და რა თქმა უნდა ფოტოებსაც ჩუქნიდნენ ერთმანეთს.

- მერი შარვაშიძეზე და მის მეუღლე გიგუშა-ერისთავზე თითქოს ბევრი არ არის ცნობილი...
- მერი შარვაშიძეზე და მის მეუღლე გიგუშა ერისთავზე, ბევრი რამაა ცნობილი როგორც ემიგრაციამდელ, ისე საფრანგეთში ცხოვრების პერიოდზე. მერი ნაკლებად კონტაქტობდა ლევილში მცხოვრებ ქართველებთან, ამიტომ მას ცივ და ქედმაღალ ქალბატონად თვლიდა ბევრი, მერიმ კი კარგად იცოდა, რომ ემიგრანტებში საბჭოთა უშიშროების აგენტები და გადაბირებული პირები ერივნენ, ამიტომაც არიდებდა თავს მათ საზოგადოებას.
აი ძველ მეგობრებთან, თავისი წრის და სტატუსის ქართველ და რუს ემიგრანტებთან ახლობლობდა. მათ შორის იყო, გრიშა ბერიძეც, რომელიც ქართველი მკითხველისათვის ნაკლებად ცნობილი ფიგურაა, არადა დამოუკიდებელ საქართველოში ის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი იყო. გრიშა ბერიძე უაღრესად განათლებული, დახვეწილი გემოვნების, დიდი ფინანსისტი, ცნობილი მილიარდერი, საფრანგეთისა და ესპანეთის მაროკოს უმდიდრესი ვერცხლის, ტყვიისა და მანგანუმის მაღაროების მფლობელი - გრიშა ბერიძე ტრიალებდა იმდროინდელი ევროპის ელიტარული წრეებში, პირადად იცნობდა მის არაერთ ცნობილ წარმომადგენელს: საზოგადო მოღვაწეებს, სწავლულებს, მსახიობებს.
საკმარისია დავასახელოთ XX საუკუნის უდიდესი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, თითქმის 30 წლის მანძილზე, პარიზის "გრანდ ოპერის“ საბალეტო დასის ხელმძღვანელი, ბალეტმაისტერი სერჟ ლიფარი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გრიშა ბერიძის ფინანსური დახმარებით ბალეტ "ვეფხისტყაოსნის“ დადგმაზე დაიწყო მუშაობა და რომლის პრემიერაც მონტე-კარლოს საოპერო თეატრში 1946 წლის 5 მაისს წარმატებით შედგა. ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის ორგზის ლაურეატი ინგრიდ ბერგმანი, ჰოლივუდის კინოვარსკვლავი ავა გარდნერი, ვისთანაც იმდენად ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, რომ ხშირად უმართავდა გრანდიოზულ საღამოებსა და წვეულებებს და რომლის დიდი ფოტოც ავტოგრაფით მადრიდის ბინაში ერთერთ კედელს ამშვენებდა(ჟურნალი ქართული ემიგრაცია 12.2025. ც.ყურაშვილი, "ემიგრანტი ძმები ბერიძეები“ ).
ქალბატონმა მარინამ და ქალბატონმა ირინამ დეიდა ციცასგან გადმოცემით იციან, რომ გრიშა ბერიძეს ახლო მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობებიც ჰქონდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მეთაურთან ირაკლი ბაგრატიონთან, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ესპანელ გენერალსა და დიქტატორ - ფრანკოსთან, მეგობრობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, რომლის მკურნალობის (ნაწილობრივ) და დაკრძალვის ხარჯები მთლიანად გრიშა ბერიძემ გაიღო.
ურთიერთობდა ექვთიმე თაყაიშვილთან, რომელსაც განძის გერმანელთაგან დახსნაში გარკვეული დახმარება გაუწია. მეგობრობდა მერი პროკოფის ასულ შარვაშიძე-ერისთავთანაც; ამიტომაც არაა გასაკვირი მისი ფოტოების სიმრავლე ბერიძეების საოჯახო ალბომში.
თუმცა, სამწუხაროდ, ფოტოები წარწერების გარეშეა, ამდენად ფოტოების გადაღების თარიღები არაა ცნობილი.
ასევე, მერის გარდა ფოტოებზე აღბეჭდილი სხვა პირები უცნობია ჩვენთვის.
ერთადერთი, რის დადგენაც შევძელი ისაა, რომ ორი ფოტო, რომელზეც მერი შარვაშიძე უცნობ ქალბატონთან და უცნობ მამაკაცთან ერთადაა აღბეჭდილი, გადაღებულია ავსტრიაში, ზალცბურგის ბადგაშტაინთან, ეკლესიასთან ახლოს.
ამბობენ, მერი არასოდეს იცინოდა, მხოლოდ იღიმოდაო. ალბათ ასეც იყო, ყველა ფოტოზე, ან თითქმის ყველაზე, ულამაზეს მერი შარვაშიძეს იდუმალი, მშვიდი და ოდნავ სევდიანი მზერა აქვს, მისი გამომეტყველება ერთდროულად გამოხატავს ღირსებას, შინაგან სიფაქიზესა და ემოციურ თავშეკავებულობას. მასში არის რაღაც მიუწვდომელი და აუხსნელი... ეს ფოტოები კი, რომელიც პირველად ქვეყნდება, ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც მერი იცინის და აქაც ულამაზესია.



