ავტორი:

"ჩატეხილი ხიდი" - ქართული წიგნი, რომლის გამოც აფხაზეთში სკანდალია: რამ გამოიწვია აფხაზების უკმაყოფილება

"ჩატეხილი ხიდი" - ქართული წიგნი, რომლის გამოც აფხაზეთში სკანდალია: რამ გამოიწვია აფხაზების უკმაყოფილება

საქართველოში გამოცემულმა წიგნმა "ჩატეხილი ხიდი“ აფხაზეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. წიგნი, რომელიც აფხაზეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და 1992-1993 წლების ომს ეხება, აფხაზურმა საინფორმაციო სააგენტო "აიშარამ“ პროპაგანდისტულად შეაფასა და ავტორი ისტორიის დამახინჯებაში დაადანაშაულა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ხუთი ეგზემპლარი აგვისტოში ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს. მომხდარის შემდეგ ავტორსა და მის გამოცემაში მონაწილე პირებს აფხაზეთში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ სტატიას გამოცემა vektorkavkaza..com აქვეყნებს.

წიგნის ავტორი ნუგზარ სართანიაა, რომელიც წლების განმავლობაში ენგურჰესის გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

გთავაზობთ სტატიის თარგმანს:

რატომ გახდა წიგნი კრიტიკის მიზეზი?

"აიშარას“ მთავარი პრეტენზია წიგნში 1992-1993 წლების ომისა და კონფლიქტში რუსეთის როლის შეფასებას უკავშირდება. სააგენტოს მტკიცებით, ავტორი ომს ძირითადად საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებად წარმოაჩენს და უარყოფს აფხაზურ-ქართული კონფლიქტის არსებობას.

"აიშარამ“ ყურადღება წიგნში გამოქვეყნებულ მადლობაზეც გაამახვილა. ნუგზარ სართანია გამოცემის მომზადებაში დახმარებისთვის ენგურჰესის თანამშრომლებს - ხარისხის მართვის სპეციალისტ ბარან ბაძაღუასა და ოთარ მიქავას - მადლობას უხდის. სააგენტომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რატომ აგრძელებენ აღნიშნული პირები მუშაობას საწარმოში და რატომ არ დაწყებულა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

  • თემასთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, წიგნის ხუთი ეგზემპლარი 2026 წლის 18 აგვისტოს, ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოდან შესული Mercedes Vito-ს შემოწმებისას ავტომობილში ქართულ ენაზე გამოცემული "ჩატეხილი ხიდის“ ხუთი ეგზემპლარი იპოვეს. მანქანას ავთანდილ ბერაია მართავდა, რომელიც "ენგურჰესის" თანამშრომელი და გალის რაიონის სოფელ აბააკითის მკვიდრია.

აფხაზეთის "უსაფრთხოების სამსახურისა" და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრეებმა ბერაიას ავტომობილი შეამოწმეს. მძღოლის განმარტებით, წიგნები ნუგზარ სართანიას თხოვნით გადაჰქონდა. მათივე ცნობით, სართანია 1951 წელს არის დაბადებული.

წიგნები ენგურის გამშვებ პუნქტზე 18 აგვისტოს აღმოაჩინეს, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 4 ნოემბერს, "აიშარას“ პუბლიკაციის შემდეგ გაავრცელა.

სოციალურ ქსელებში წიგნის განადგურებას ითხოვენ

"აიშარასა“ და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებების შემდეგ, აფხაზების ნაწილი წიგნის ავტორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, გამოცემის მთელი ტირაჟის კონფისკაციასა და ამოღებული ეგზემპლარების განადგურებას ითხოვს.

გამოცემის ინფორმაციით, დისკუსიაში კიდევ უფრო რადიკალური მოწოდებებიც გაჩნდა, მათ შორის გალის რაიონის მცხოვრებლების დეპორტაციისა და მათთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების მოთხოვნები. ზოგიერთი კომენტარი მთლიანად ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებსაც შეიცავდა.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ასევე მსჯელობენ, შეიძლება თუ არა წიგნმა ახალგაზრდების შეხედულებებზე გავლენა მოახდინოს და შეცვალოს მათი დამოკიდებულება 1992-1993 წლების ომის მიმართ.

წყარო