გუშინ, გვიან საღამოს პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების“ ოფიციალურ გვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ სერიალი ბრუნდება და გუნდი მუშაობას იწყებს. მაშინვე კომენტარებით აივსო სოციალური ქსელი, ამ ინფორმაციით გახარებული მაყურებელი თავის ემოციებს გამოხატავდა:
"-არ მჯერა… ღადაობაა? გვერდი გაგიტეხეს? ფული და სპონსორები საიდან? ვინ, როგორ, რანაირად?“
"-დღეს პირველი აპრილი არაა, ხო?“
"-ქართულ ყოფას აზრი მიეცა!“
"-აუ, რა კარგი ამბავია“...
"-როგორ მენატრებოდააა“...
"-ამაზე კარგი ამბავი არც მახსოვს, როდის გავიგე“...
"-მართვის მოწმობის აღება არ გამხარებია ასე“
"-ველოდებიი“...
ხუმრობა არ არის, "ჩცდ“-ს შემოქმედებით ჯგუფი აქტიური მუშაობის რეჟიმშია - მე-20 - საიუბილეო სეზონის დასაწყებად ემზადება. სერიალი, რომელსაც 15-წლიანი არსებობის ისტორია აქვს და რომელიც ასე უყვარს, მაყურებელს უბრუნდება.

- ირაკლი, გილოცავთ. ე.ი. იწყებთ?
- კი და გადავწყვიტეთ ახალი კამპანიის დაწყება - ძალიან კონკრეტულად, ზედმეტი ინფორმაციის გარეშე. ეს გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. მორჩა, გადაწყდა, რომ ვაკეთებთ... ამაზე დიდი ხანი ვმუშაობდით, ვემზადებოდით, ვმუშაობდით სპონსორებთან, მაგრამ გუშინ დავსვით ბოლო წერტილი. როგორც კი ეს წერტილი დავსვით, მაშინვე გამოვაქვეყნეთ ეს ამბავი.
ახლა ვიწყებთ ყველაფერს: ორგანიზებას, გუნდის შეკრებას. სანამ მოლოდინის რეჟიმში ვიყავით და პროცესში, რა თქმა უნდა, უკვე ყველასთან მქონდა საუბარი - ახლა ნელ-ნელა დავიწყებთ ყველაფერს. თანდათანობით გამოიკვეთება პრემიერის თარიღი: სად წავა, როდის გავა, რამდენი სერია იქნება, სეზონი რამდენ ხანს გაგრძელდება, როგორი იქნება შემდეგი სეზონი, რა სიახლეები იგეგმება და ა.შ.
- მოკლედ, როგორც კი კამპანია დაიწყო, დაიწყეთ მუშაობა და ამბობთ, რომ პროცესში ნელ-ნელა ყველაფერი გაირკვევა...
- კი, ეგ ცოტა შეგნებული მარკეტინგული სვლაც არის, რომ პროცესი ჩვენთვისაც ისევე წარიმართოს, როგორც მაყურებლისთვის - ანუ პრემიერამდე ერთად მისვლის გზა. აქედან გამომდინარე, როგორც კი რაღაც სიახლე გვექნება, მაშინვე გამოქვეყნდება. სავარაუდოდ, ამ ტემპით ვიმოქმედებთ.
მზა პროდუქტი ახლა, ამ გადასახედიდან, არ გვაქვს. მოდი, ესეც ივენთად ვაქციოთ - გვინდა, რომ პრემიერის თარიღის გამოცხადებაც წარმოდგენა იყოს.

- ბევრი სპონსორი ჩაერთო?
- უამრავი სპონსორია, რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანი და ვნახოთ. მგონი, კარგ შედეგს გამოიღებს. ეს არის სუფთა კომერციული პროცესი, არანაირი ინვესტორი არ დგას ამის უკან. პროცესი აგებულია მხოლოდ სარეკლამო ფულზე. აქედან გამომდინარე, ვნახოთ, საიდან რა გამოვა.
ჩვენთვის ეს ძალიან კარგი გამოწვევაა, რომ ერთჯერადი აქტივობა არ იყოს და ერთი სეზონით არ შემოიფარგლოს. გვინდა, დიდ მოძრაობად და პროცესად იქცეს. ამ სერიალს დიდი კომერციული პოტენციალი აქვს და მინდა, რომ ბიზნესი მაქსიმალურად ჩაერთოს და კარგი საქმის კეთებაში ხელი შეგვიწყოს. უკვე არიან კომპანიები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი და მზაობა, რომ სერიალი ეთერში ერთად დავაბრუნოთ. შესაბამისად, მაყურებელი და დაინტერესებული პირები მათ ხმებსა და შემოთავაზებებსაც გაიგებენ.
- რა თქმა უნდა, მაყურებელს და ყველას აინტერესებს: ძველი ხაზები გაგრძელდება? და ახალი სეზონი იქიდან გაგრძელდება, სადაც დასრულდა?
- კი, სადღაც იქიდან გაგრძელდება - ზოგი ხაზი უფრო აქტიურად, ზოგი - ნაკლებად. ეგ უკვე დრამატურგიის საკითხებია, რომლებსაც კამპანიის პერიოდში, ნელ-ნელა, პატარა სპოილერების სახით გამოვაქვეყნებთ. სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებულად დრამატურგიასა და შინაარსობრივ ნაწილზე მუშაობა ჯერ ძალიან საწყის ეტაპზეა. აქედან გამომდინარე, არ მინდა, რაღაც წინასწარი დეტალები ვთქვა და არასწორი დაპირებები გავცე. ჯობია, კამპანიის მსვლელობას დაველოდოთ. ხომ ვამბობ, ისეთი წესი და მეთოდი ავირჩიეთ, რომ როგორც ჩვენთვის ხდება სიახლის გაცნობა, მაყურებელმაც ზუსტად იმ წუთშივე შეიტყოს. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ პრემიერამდე.

- ქეთი დევდარიანმა დაიწყო წერა?
- რა თქმა უნდა, მოფიქრება, მონახაზების გაკეთება - ეს ყველაფერი პროცესშია და ერთი-ორი სერიის მონახაზიც არსებობს,
- მსახიობების შეკრება მოხერხდება? ალბათ ყველა გაფანტულია თავიანთ საქმეებზე...
- ეგ მოლაპარაკების საკითხია. გამომდინარე იქიდან, ვინ გვჭირდება, ვინ არის შესაძლებელი და ვინ - არა, დროთა განმავლობაში გამოჩნდება. რა თქმა უნდა, გაფანტულები არიან, ზოგი ქვეყანაშიც არ არის.
მაგრამ შევეცდებით, ძირითადი გუნდი შევკრათ, რომ მაყურებელს ვინმეს მოკლების გრძნობა არ ჰქონდეს და სიახლეებიც იქნება.

- მაგალითად, ნიკა ქავთარაძე ქვეყანაში არ არის... თუ ვინმე არ იქნება ასე ქვეყანაში, მის გმირს სხვა მსახიობი ჩაანაცვლებს?
- თუკი მსახიობი მსგავს სიტუაციაშია, არ გამოვრიცხავ, თუნდაც ონლაინ გვყავდეს, ეგ უკვე ტექნიკურად და შინაარსობრივად თუ მოითხოვს, შესაბამის მოწყობას მოვიფიქრებთ. ვიზუალურად როგორ აისახება და რამდენად წაადგება, ამის მიხედვით გადავწყვეტთ. ვფიქრობ, ასეთი შეზღუდვები არ იქნება და ტექნიკური დაბრკოლებები ხელს არ შეგვიშლის.

- ემოციურად როგორია პირადად თქვენი განწყობა, მდგომარეობა?
- პირადად მე მაქვს მოჭარბებული დოფამინით გამოწვეული ეიფორია. ასეა, როცა ძალიან ბევრი წელია, ამას აკეთებ - ეს არის მთელი შენი სული და გული, ენერგია, დრო, ნერვები, 1000 ტკივილი და ამასთან ერთად, გაცილებით დიდი სიხარული და სიამოვნება. ეს პროცესი უკვე შვილივით არის. ახლა მისი დაბრუნება ჩემთვის ახალი ენერგიის, ახალი სიცოცხლის და ახალი ეტაპის დასაწყისია. ასე გრძნობს თავს თითოეული ჩვენი გუნდის წევრი და ვფიქრობ, ეს სულისკვეთება ეკრანზეც აისახება. მაყურებელს ძალიან საინტერესო, სახალისო და ემოციურ სანახაობას შევთავაზებთ.