ლეგენდარული რეპერის, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული დუეინ "კეფი დი“ დევისის ადვოკატი, მაიკლ სანფტი, ლას-ვეგასში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 55 წლის იურისტის ცხედარი პარასკევს დილით აღმოაჩინეს. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

63 წლის დევისს 2026 წლის 13 ოქტომბერს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ნაფიცმა მსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს პირველი ხარისხის მკვლელობაში.
შაკურს 1996 წლის სექტემბერში, ლას-ვეგასში, ავტომობილიდან ესროლეს. რეპერს ოთხი ტყვია მოხვდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექვსი დღის შემდეგ, 25 წლის მუსიკოსი გარდაიცვალა.

დუეინ დევისი შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც მან 2008 წელს, შესაძლო სისხლისსამართლებრივი ბრალდებების თავიდან აცილების მიზნით, მომხდარში საკუთარი მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.

გამოძიების მიხედვით, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, შაკურმა დევისის ძმისშვილი, ორლანდო ანდერსონი, ლას-ვეგასის სტრიპზე მდებარე MGM Grand-ის კაზინოში სცემა. პროკურატურის ვერსიით, სწორედ ამ დაპირისპირებას მოჰყვა შურისძიების მიზნით დაგეგმილი თავდასხმა. ანდერსონი სავარაუდო თავდამსხმელად სახელდებოდა, ხოლო დევისს მკვლელობის ორგანიზებაში ედებოდა ბრალი. ანდერსონი შაკურის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, სხვა შეიარაღებული დაპირისპირების დროს მოკლეს.