ევროპაში ავიარეისებისა და მედიაორგანიზაციების მიმართ ბომბის მუქარის მორიგი ტალღა დაიწყო.
პარალელურად, პრაღის, სოფიისა და კოპენჰაგენის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ევროპაში ავიამიმოსვლა უკვე მესამე დღეა შეფერხებულია.
RTÉ - სთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ ამ კვირაში მომხდარი ინციდენტები "მხოლოდ დასაწყისია“. წერილის ავტორი ამტკიცებდა, რომ მაუწყებლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, რომელიც 45 წუთში აფეთქდებოდა.

ირლანდიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუქარა დილის 9 საათამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო. ამის შემდეგ დუბლინში მდებარე RTÉ-ს კამპუსი დაიკეტა და პოლიციამ შენობის შემოწმება დაიწყო. მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემები გარკვეული დროით შეფერხდა.
მუქარის წერილი მიიღო ბრიტანულმა Sky News-მაც, ხოლო ბულგარეთში სამიზნე ტელეკომპანია Nova TV გახდა.

პარასკევს საფრთხის შესახებ შეტყობინებები მიიღეს პრაღის აეროპორტშიც. ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, მუქარა სულ მცირე ცხრა რეისს შეეხო - ოთხს, რომლებიც პრაღაში უნდა ჩაფრენილიყვნენ, და ხუთს, რომლებიც აეროპორტიდან უნდა გაფრენილიყვნენ. მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთის მიმართულებით შესრულებული ფრენებიც.
საფრთხის შესახებ შეტყობინებები მიიღეს სოფიისა და კოპენჰაგენის აეროპორტებშიც.
სოფიაში ლონდონის სტენსტედისა და ბრიუსელის მიმართულებიდან ჩაფრენილი ორი თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა. კოპენჰაგენის აეროპორტში კი პოლიცია საჰაერო მიმოსვლის წინააღმდეგ მიმართული მუქარის გამო იყო მობილიზებული. დანიის პოლიციის განცხადებით, მგზავრებს საფრთხე არ ემუქრებოდათ.
მუქარის წერილებს შორის იყო შეტყობინებები, რომლებსაც ხელს აწერდნენ "მამაკაცთა სახელმწიფოს მებრძოლები“ - რუსული რადიკალური მიზოგინისტული მოძრაობის სახელით მოქმედი პირები. თუმცა, მოძრაობის დამფუძნებელმა ვლადისლავ პოზდნიაკოვმა ჯგუფის კავშირი მომხდართან უარყო. მისი განცხადებით, მოძრაობა 2021 წლიდან აღარ არსებობს და ვიღაცები მის სახელს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.