ქრისტინე ბაგრატიონი მისი ძმისა და ლიხტენშტეინის პრინცესა მარია-იმაკულატას საქორწინო ცერემონიის შესახებ წერს და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს.

"ლიხტენშტეინის პრინცესა მარია-იმაკულატას საქორწინო კაბა ქართულმა მოდის სახლმა "მარიონელამ" შექმნა. ქორწილის დაგეგმვის პირველივე ეტაპზე მარია-იმაკულატას სურვილი იყო, მისი საქორწინო კაბა ქართულ ბრენდს შეექმნა.
დიზაინს უნდა გაეერთიანებინა ბავშვობის ოცნება, ევროპული სამეფო საქორწინო ტრადიციების ელეგანტურობა და საგვარეულო დიადემის სტილი, რომელიც ასევე ჰარმონიულად უნდა შერწყმოდა ქართულ ეროვნულ სამოსს "ჩოხას".

ჯვრისწერისას გამოყენებული იყო ჩემი და იოანეს ქორწილისთვის შექმნილი ჯვრისწერის გვირგვინები, რომელთა დიზაინი შთაგონებულია თამარ მეფის ფრესკით. გვირგვინებზე უფლისა და ღვთისმშობლის მინანქრის ხატებთან ერთად გამოსახულია 12 ჯვარი, ქრისტეს მოციქულებისა და სვეტიცხოვლის სიმბოლიკით.
ზურაბს და ჩვენს ბაგრატს "სამოსელი პირველის" ქართული ჩოხები ემოსათ, ბაგრატი და ჩემი დისშვილი ნიკოლოზი ცერემონიის "პატარა მახარობლები" იყვნენ და პრინცესას ტაძარში შესვლისას წინ მიუძღოდნენ.


ამ დღემ გააერთიანა ქართული დიზაინი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და ევროპული ელეგანტურობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო "მარიონელას“ შესანიშნავ გუნდს და "სამოსელი პირველს“, რომლებმაც ამ დღეს ქართული კულტურა ულამაზესად წარმოაჩინეს." - წერს ქრისტინე ბაგრატიონი სოციალურ ქსელში.