ავტორი:

6 დაღუპული და 15 დაშავებული - "თავდამსხმელს სამხედრო სტილის ტანსაცმელი ეცვა და რამდენიმე იარაღი ჰქონდა“: კრაკოვში მომხდარი სროლის ახალი დეტალები

6 დაღუპული და 15 დაშავებული - "თავდამსხმელს სამხედრო სტილის ტანსაცმელი ეცვა და რამდენიმე იარაღი ჰქონდა“:  კრაკოვში მომხდარი სროლის ახალი დეტალები

პოლონეთში, კრაკოვის მთავარ მოედანზე სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაშავდა.

  • Reuters-ის უახლესი ცნობით, თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიჭრა. დაშავებულებს შორის ორი პოლიციელია, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

პოლონელი სამართალდამცველების ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. მამაკაცი მოედანზე ავტომობილით მივიდა და მანქანიდან ცეცხლი გახსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ადამიანებს, სავარაუდოდ, განურჩევლად ესროდა.

  • დაღუპულთა შორის ოთხი ქალი და ორი მამაკაცია.

Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით, სავარაუდო თავდამსხმელს სამხედრო სტილის ტანსაცმელი ეცვა. სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მამაკაცი დაიჭრა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • რა არის ცნობილი თავდამსხმელის შესახებ

პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი პოლონეთის მოქალაქეა და თავდასხმაში, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა. ამ დროისთვის სამართალდამცველები სხვა შესაძლო მონაწილეებს არ ეძებენ.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სხვა შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

კრაკოვის პოლიციის წარმომადგენელმა, კატაჟინა ცისლომ, TVN24-თან განაცხადა, რომ თავდამსხმელის ავტომობილში პოლიციამ სხვა იარაღები და საბრძოლო მასალაც აღმოაჩინა.

  • რას აცხადებენ ქვეყნის პირველი პირები

მომხდარს გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ პოლიცია "ტრაგიკულ სროლას“ იძიებს და შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის შესახებ ინფორმაციას აწვდის.

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ კი განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი კრაკოვში მიემგზავრება.

"ჩემი ფიქრები მსხვერპლთან, დაშავებულებთან და მათ ოჯახებთანაა“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის მსგავსად, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასა და ტარებაზე მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. იარაღის ფლობისა და საჯაროდ ტარების უფლება მხოლოდ შეზღუდულ წრეს აქვს.

წყარო