ავტორი:

რა მოხდა თბილისი - თელ-ავივის რეისზე: ჰქონდა თუ არა ადგილი გატაცების მცდელობას და რატომ დაკითხეს ბორტის მგზავრები?

რა მოხდა თბილისი - თელ-ავივის რეისზე: ჰქონდა თუ არა ადგილი გატაცების მცდელობას და რატომ დაკითხეს ბორტის მგზავრები?

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავიაკომპანია “არკიას“ თბილისი - თელ-ავივის რეისზე საგანგაშო შემთხვევა მოხდა.

როგორც მოქალაქეები წერენ, ერთ-ერთმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე მგზავრმა თვითმფრინავის გატაცება სცადა.

“სცადეს თბილისი-თელ-ავივის თვითმფრინავის გატაცება. თითქმის იგივე მოხდა, რაც ხდებოდა flydubai-ს რეისზე, უბრალოდ სისხლის გარეშე“, - აცხადებს კახა ჯანაშვილი.

  • ისრაელში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, მიმდინარეობს ფაქტებისა და ვითარების განზრახ ან გაუგებარი დამახინჯება.

“მეორე დღეა, ჩემი ტელეფონი არ ჩერდება. ტელევიზიები, სააგენტოები, უბრალოდ ადამიანები მეკითხებიან, რა მოხდა გუშინ თბილისი - თელ-ავივის რეისზე. ჩემთვის, როგორც ისრაელში მოქმედი ჟურნალისტისთვის, ეს შემთხვევა გუშინვე ცნობილი იყო. დეტალებიც, ისტორიაც და ფაქტებიც...

ისრაელში მოქმედმა ერთადერთმა აკრედიტებულმა ქართულენოვანმა საინფორმაციო სააგენტომ, “ახალმა ამბებმა ისრაელიდან“, არც გუშინ და არც დღეს არ გამოაქვეყნა ამბავი, მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე სპეკულაციები მიმდინარეობდა და ქართულმა მედიასაშუალებებმაც ბორტზე საყოფაცხოვრებო შეკამათებას ტერორიზმის კვალიფიკაცია მისცეს. ყოველგვარი სახელმწიფო უწყებებთან გადამოწმების გარეშე.

მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ფაქტებისა და ვითარების განზრახ ან გაუგებარი დამახინჯება.

ბორტზე მგზავრებს შორის ჩხუბი მოხდა. თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ადგილი არ ჰქონია. სწორედ ამიტომ, ამ გაუგებრობას რომ თავი ავარიდოთ...

  • სწორედ იმიტომ, რომ მედიაში საქართველო “ტერორისტების ბუდედ“ და “არაბების სამოთხედ“ არ მოიხსენიონ, აუცილებელია, ვთქვათ სიმართლე!

“არკიას“ თბილისი - თელ-ავივის რეისზე მგზავრებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა შეკამათება და დაპირისპირება. თვითმფრინავით მგზავრობდნენ როგორც ისრაელის მოქალაქე ებრაელები, ასევე ისრაელის მოქალაქე არაბები. რეისზე იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც...

თვითმფრინავი შეფერხების გარეშე დაეშვა ბენ-გურიონის აეროპორტში და ჩხუბში მონაწილე პირები აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურებმა პირდაპირ დაკითხვაზე გადაიყვანეს. დაკითხეს მგზავრებიც და ბორტის თანამშრომლებიც.

საყოფაცხოვრებო, პირადულ ჩხუბში მგზავრების ეროვნებაზე სპეკულაციები უბრალოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

გუშინვე, ისრაელის დროით 18:00 საათზე, ყველა სახელმწიფო უწყებას, აეროპორტს, ავიაკომპანიას, ორივე ქვეყნის დიპლომატიურ და უსაფრთხოების სამსახურებს ვესაუბრე და ყველამ ერთი და იგივე ფაქტი დაადასტურა. ბორტზე საყოფაცხოვრებო ნიადაგზე რამდენიმე მგზავრი დაუპირისპირდა ერთმანეთს და ტერორიზმის ბრალდება, თვითმფრინავის გატაცება და ისრაელში 11 სექტემბრის მოწყობის მცდელობა უბრალოდ ფაქტების დამახინჯება და ინტერპრეტაციაა.

მესმის იმ მგზავრების შიშიც, რომლებიც ამ რეისით მგზავრობდნენ. რამდენიმე მგზავრს პირადად ველაპარაკე და არც ისინი ადასტურებენ, რომ ვინმეს თვითმფრინავის გატაცება სურდა ან რომ რეისით ტერორისტები მგზავრობდნენ.

სამწუხაროდ, ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის მედიაში გავრცელება ორი ქვეყნის ურთიერთობას მხოლოდ დააზიანებს.

ამიტომ, როდესაც საქმე ორი ქვეყნის ისტორიულ ურთიერთობასა და ტერორიზმის ბრალდებას ეხება, ყველამ სიტყვები მეტი დაფიქრებით უნდა შევარჩიოთ...

გუშინ “არკიას“ რეისზე არც თვითმფრინავის გატაცების მცდელობას და არც რაიმე ტერორისტულ აქტს ადგილი არ ჰქონია. რამდენი არაბი ცხოვრობს ისრაელში, საქართველოში ან საფრანგეთში - ამ ფაქტების ტერორიზმთან ავტომატურად დაკავშირება უბრალოდ ძალიან ცუდია! ცუდი და მცდარი, - წერს ხეცოიძე.