პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს UFC-ის პრეზიდენტს მიმართა და შესთავაზა, რომ თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა დაეკავებინა.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დიად დანა უაითს, ძლიერ მებრძოლსა და მეომარს, შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზეთ. მოვითხოვე, რომ მან თავისთან ერთად მოიყვანოს ასისტენტები, იმისდა მიუხედავად, რომ ზოგიერთი ჩვენი ქვეყნიდან არ არიან, როგორებიცაა ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი, და კეილა ჰარისი.
ეს ხალხი გვჭირდება შეშლილი მემარცხენეებისგან საკუთარი თავის დასაცავად. დანა შეუდარებელი პრესმდივანი იქნება. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!” - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი თანაშემწის თქმით, ტრამპი ხუმრობდა, პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ გავრცელდა, რაც კაროლინ ლივიტისა და კეტი ზაქარიას წასვლის შემდეგ, იგი ახალ პრესმდივანს კვლავ ეძებს.
შაბათს თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩეუნგმა პრეზიდენტის მიმართვა გადააზიარა და დაამატა: “მაგარია! გააკეთე ეს, @DanaWhite!“
ამასთან, დანა უაითმა ინსტაგრამზე თეთრი სახლის ტრიბუნასთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “On to the next chapter“
"ახლავე ვაშინგტონში მივფრინავ... მას ორშაბათს ვხვდები, შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ მეტი მექნება სალაპარაკო“, - ასე უპასუხა დანა ვაითმა გუშინ ლონდონში, ბოქსის პრესკონფერენციაზე, ტრამპის მიერ პრესსპიკერობის შეთავაზებაზე დასმულ კითხვას.
აღსანიშნავია, რომ უაითი წლების განმავლობაში ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მოკავშირედ რჩება - ის გამოდიოდა რესპუბლიკური პარტიის ბოლო სამ ეროვნულ ყრილობაზე და ეხმარებოდა რესპუბლიკელებს ახალგაზრდა მამაკაცი ამომრჩევლების მოზიდვაში.
პრესსპიკერის პოსტი ვაკანტურია 16 ოქტომბრის შემდეგ.
იხილეთ ასევე: