ავტორი:

"პედი პიმბლეტი იქნება შემდეგი, მას ძეხვივით შევჭამ“ - ილია თოფურია UFC-ში დაბრუნებაზე, გეიჯისთან მარცხსა და სამომავლო გეგმებზე

"პედი პიმბლეტი იქნება შემდეგი, მას ძეხვივით შევჭამ“ - ილია თოფურია UFC-ში დაბრუნებაზე, გეიჯისთან მარცხსა და სამომავლო გეგმებზე

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ოქტაგონზე დაბრუნებას აპრილში გეგმავს. "მატადორმა" სასურველ მეტოქედ თავისი დიდი ხნის კონკურენტი, ბრიტანელი პედი პიმბლეტი დაასახელა.

  • თოფურიას ბოლო ბრძოლა ივნისში, თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე ჰქონდა, სადაც ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ამ მარცხის შედეგად ქართველმა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა. ეს მის პროფესიულ კარიერაში პირველი მარცხი იყო.

"ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომელშიც მებრძოლი შეიძლება აღმოჩნდეს. ჩემი კარიერის ყველაზე ცუდი დღე განვიცადე. რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი? სიკვდილი? ბოლო ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში საკუთარ თავს მუდმივად ვეკითხებოდი: რა მოხდა? ყველაფერი რიგზე იყო? თუმცა ერთი რამ ცხადია: ან იგებ, ან აგებ - მე კი წავაგე“ - განუცხადა ქართველმა მებრძოლმა ესპანურ გამოცემა ABC Diario-ს.

აღსანიშნავია, რომ თოფურია საწყის რაუნდებში გეიჯის დამარცხებასთან ახლოს იყო, თუმცა ამერიკელმა ბრძოლის შემოტრიალება შეძლო და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა. "ელ მატადორმა“ ბრძოლის დროს სახის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო. მან მეხუთე, გადამწყვეტი რაუნდის დაწყებამდე ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა.

29 წლის მებრძოლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მარცხზე საჯაროდ არ საუბრობდა, თუმცა თანდათან ოქტაგონზე დაბრუნებაზე ფიქრი დაიწყო. ახლა მან სამომავლო გეგმებიც გაამხილა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მომდევნო მეტოქე შესაძლოა კვლავ ჯასტინ გეიჯი გახდეს, თუმცა ამ ეტაპზე საჩემპიონო ბრძოლის მთავარ პრეტენდენტად არმან ცარუკიანი მიიჩნევა.

"ყველაფერს მივაღწიე და ამ ბრძოლის შემდეგ კიდევ რა უნდა გავაკეთო? შესაძლოა, პენსიაზეც კი გავიდე“, - იხუმრა თოფურიამ. თუმცა იქვე დასძინა, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს, პირიქით - ოქტაგონზე ისეთი დაბრუნდება, როგორიც მაყურებელს ჯერ არ უნახავს.

"აპრილში დაბრუნებას ვგეგმავთ“, - განაცხადა მან და სასურველი მეტოქეც დაასახელა:

"პედი, პედი, პედი იქნება შემდეგი. მას ძეხვივით შევჭამ“.

თოფურიასა და პიმბლეტს შორის დაპირისპირება 2022 წლიდან იწყება. მაშინ "ელ მატადორი“ ლივერპულელ მებრძოლს UFC London-ის ღონისძიებამდე, სასტუმროში დაუპირისპირდა. თოფურია პიმბლეტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს აპროტესტებდა, რომლებსაც ანტიქართულად მიიჩნევდა.

მიუხედავად მრავალწლიანი დაპირისპირებისა, სპორტსმენებს ერთმანეთის წინააღმდეგ ჯერ არ უბრძოლიათ.

წყარო