ავტორი:

მამამ რიგში ადგილის შესანარჩუნებლად 6 წლის ქალიშვილი ღამით მაღაზიის წინ მძინარე დატოვა და თავად სახლში წავიდა - აშშ-ში კაცი დააკავეს

მამამ რიგში ადგილის შესანარჩუნებლად 6 წლის ქალიშვილი ღამით მაღაზიის წინ მძინარე დატოვა და თავად სახლში წავიდა - აშშ-ში კაცი დააკავეს

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში მცხოვრებმა 35 წლის კაცმა 6 წლის ქალიშვილი ჩარლსტონში, Target-ის მაღაზიის წინ, ღამით, რიგში მძინარე დატოვა, რათა ამ გზით ახალი Pokémon-ის ბარათების შესაძენად რიგში ადგილი შეენარჩუნებინა.

  • ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცელი უწყება ავრცელებს.

ჩარლსტონის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევა პარასკევს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა. ჯონ-მაიკლ დულიმ, რომელიც ჯონს-აილენდის მცხოვრებია, ქალიშვილს ბალიში და საბანი მისცა და რიგში მარტო დატოვა, თავად კი სახლში წავიდა.

ერთ საათზე მეტი ხნის შემდეგ, რიგში მყოფმა ადამიანებმა, რომლებმაც მცირეწლოვანი ბავშვი მარტო შენიშნეს, პოლიციას შეატყობინეს. სამართალდამცველებმა დული დაახლოებით დილის 2:30 საათზე, მაღაზიაში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

პოლიციის ცნობით, კაცმა სამართალდამცველებს დაუდასტურა, რომ სახლში წავიდა, თუმცა ქალიშვილი Target-ის წინ დატოვა, რათა რიგში ადგილი შეენარჩუნებინა და ბარათების შეძენის შესაძლებლობა არ დაეკარგა.

დულის ბავშვის მიმართ უკანონო ქმედების ბრალდება წაუყენეს და ალ კენონის დაკავების ცენტრში გადაიყვანეს. ონლაინ სასამართლო ჩანაწერების მიხედვით, მას 40 000 დოლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. სასამართლო პროცესი 12 დეკემბერს არის ჩანიშნული.

პოლიციის ინფორმაციით, ბავშვს საფრთხე არ ემუქრება, ამჟამად ის სამხრეთ კაროლინის სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

წყარო