ავტორი:

კრაკოვში სროლამდე თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, ჯერ საკუთარი მშობლები და და მოკლა - პოლონეთში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

კრაკოვში სროლამდე თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, ჯერ საკუთარი მშობლები და და მოკლა - პოლონეთში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

პოლონეთში ორდღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული. ხელისუფლებამ კრაკოვში მომხდარი სროლის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

  • ინციდენტი გუშინ, ქალაქის ცენტრში მოხდა. თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. მთავრობის განცხადებით, დანაშაული, სავარაუდოდ, ულტრამემარჯვენე იდეოლოგიით იყო მოტივირებული.

პოლონელი სამართალდამცველების ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. მამაკაცი მოედანზე ავტომობილით მივიდა და მანქანიდან ცეცხლი გახსნა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი პოლიციელი და სავარაუდო თავდამსხმელი - პოლონეთის 24 წლის მოქალაქე, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

  • ვინ არიან დაღუპულები და დაშავებულები?

კრაკოვის ისტორიული ცენტრი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი, ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. ადგილობრივების გარდა, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. ერთ-ერთი გარდაცვლილი ბრიტანეთის მოქალაქე იყო, ხოლო დაშავებულებს შორის ხუთი უცხოელია - ავსტრიის, გერმანიის, პორტუგალიის, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.

  • რას აცხადებს მომხდარზე ქვეყნის პროკურატურა

დღეს გავრცელდა შოკისმომგვრელი ცნობა იმის თაობაზე, რომ სროლამდე თავდამსხმელმა ჯერ საკუთარი მშობლები და და მოკლა.

კრაკოვიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარე ქალაქ ოსტროვიეც-სვიეტოკშისკში, პოლიციამ ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა და მისი მშობლებისა და დის ცხედრები აღმოაჩინა.

  • პროკურატურის პრესსპიკერის, დანიელ პროკოპოვიჩის განცხადებით, დიდი ალბათობით, ოსტროვიეც-სვიეტოკშისკსა და კრაკოვში მომხდარი მკვლელობები ერთი და იმავე პირის მიერ არის ჩადენილი, თუმცა ამ გარემოების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

პროკოპოვიჩის ინფორმაციით, გარდაცვლილებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. სამართალდამცველებმა სახლიდან შვიდი ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს.

"კრაკოვის სხვადასხვა ადგილებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იარაღების რაოდენობა 11-ს შეადგენს. ეს ემთხვევა ჩვენს ჩანაწერებს იმ ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, რომელთა ფლობის ნებართვებიც გაცემული იყო როგორც ეჭვმიტანილზე, ისე მის მამაზე“, - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

  • რას ჰყვებიან თვითმხილველები

თავდასხმა ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს შუასაუკუნეების მოედანზე მოხდა, რომელიც ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ბრიტანელი ჯონათან ბალშოუ, რომელიც მოედანზე პოლონელ შეყვარებულ დომინიკასთან ერთად იმყოფებოდა, იხსენებს: “წმინდა მარიამოს ბაზილიკასთან ვიდექით, როდესაც სროლა დაიწყო. ეკლესიის გვერდითა კარით შიგნით შევვარდით და სხვა ადამიანებთან ერთად მანამ ვიმალებოდით, სანამ სროლა არ შეწყდა. 20-ზე მეტი გასროლა განხორციელდა სხვადასხვა ტიპის იარაღიდან - ორი მკვეთრად განსხვავებული ხმა ისმოდა“.

კიდევ ერთი თვითმხილველი, კეითლინ შასბი ჰყვება, რომ სროლის ხმა სასტუმროს ნომერში გაიგო, რის შემდეგაც სასტუმროს ადმინისტრაციამ დაურეკა და ოთახში დარჩენა უბრძანა.

  • მომხდარმა პოლონეთის საზოგადოებაში ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა.

პოლონეთის ერთ-ერთმა წამყვანმა ყოველდღიურმა გაზეთმა "ჟეჩპოსპოლიტამ“ სარედაქციო სტატიაში დაწერა, რომ მასობრივმა სროლამ "დაასრულა ის ეპოქა, როდესაც პოლონეთი უსაფრთხოების კუნძულად მიიჩნეოდა“.

კრაკოვში ძველი ქალაქის მთავარი მოედანი და მიმდებარე ქუჩები კვლავ დაკეტილი რჩება. პოლიცია ტერიტორიაზე მხოლოდ აუცილებელი საჭიროების მქონე პირებს უშვებს. ახლომდებარე კაფეების ნაწილი არ მუშაობს, ხოლო მერიის შენობასთან სახელმწიფო დროშები ნახევრადაა დაშვებული. მოქალაქეები სხვადასხვა ადგილას სანთლებს ანთებენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

წყარო