წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც ცხოვრება მიწის ზემოთ კი არა, მის სიღრმეში გრძელდება - სადაც ქუჩების ნაცვლად გვირაბებია, მზის მცხუნვარე სხივებს კი მიწისქვეშა სიგრილე ცვლის. აქ ადამიანები მიწის ქვეშ ცხოვრობენ, მუშაობენ, ლოცულობენ და ერთობიან. ეს კუბერ პედია - ავსტრალიის უნიკალური მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც მსოფლიოს ოპალის დედაქალაქის სახელითაც არის ცნობილი.
ზაფხულის პიკში აქ ტემპერატურა 48°C-ს აღწევს, ამიტომ ქალაქის დაახლოებით 2 000 მცხოვრებმა სიცხესთან გამკლავების უჩვეულო გზა იპოვა - საცხოვრებელი სივრცეები მიწის სიღრმეში გადაიტანა. მიწისქვეშა გვირაბებში დღეს სრულფასოვანი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი: აქ შეხვდებით სახლებს, ეკლესიებს, ბარებსა და სილამაზის სალონებს.

კუბერ-პედი სამხრეთ ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის მიწისქვეშა ნაგებობები დაახლოებით 4 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული, რაც მათი ჭერის ჩამოშლის რისკს ამცირებს. მიწისქვეშა საცხოვრებლები ყველა იმ აუცილებელი პირობით არის აღჭურვილი, რაც ტრადიციულ სახლებს ახასიათებს - მათ შორის ინტერნეტით, ელექტროენერგიითა და წყალმომარაგებით.

აქ სახლები უშუალოდ ბორცვების ფერდობებშია გამოკვეთილი, რაც მათში მთელი წლის განმავლობაში ბუნებრივი ტემპერატურის - 19-25°C-ის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
ადგილობრივებს სურვილის შემთხვევაში საკუთარი სახლების გაფართოებაც შეუძლიათ - ამისთვის საკმარისია ქვიშაქვის ქანებში უფრო ღრმად გათხრა. თუმცა ამ პროცესს შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზიც მოჰყვეს: ვინ იცის, იქნებ თხრისას ძვირფას ოპალსაც კი გადააწყდნენ.

სიცხისგან თავის დაღწევის გარდა, მიწისქვეშ ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ფინანსური მხარეცაა: აქ სახლს ბევრად უფრო იაფად შეიძენთ, ვიდრე ავსტრალიის სხვა ქალაქებში: მაგალითად, ერთ-ერთმა ოჯახმა აქ ბინა $176 000-ად შეიძინა, როცა ადელაიდაში ბინის საშუალო ფასი $550 000-ია. ოთხი მეტრის სიღრმეში მდებარე ეს უჩვეულო საცხოვრებელ ორ მისაღებ ოთახს, ორ სააბაზანოს და საცურაო აუზსაც კი მოიცავს.

"მიწისქვეშ ცხოვრება ბევრად უფრო იაფია, ვიდრე მიწის ზემოთ. იაფია იმიტომ, რომ ოთახების გათბობა ან გაგრილება არ გჭირდება: შიგნით მხოლოდ განათებაა საჭირო. გარედან ხმაურიც არ ისმის. კარს რომ დახურავ, სიწყნარეა - იდეალური პირობებია ძილისთვის. მიყვარს მიწისქვეშ ძილი" -, ამბობს ერთ-ერთი მკვიდრი. მართალია, ფანჯრების გარეშე გაღვიძება იმას ნიშნავს, რომ ამინდის შემოწმება შეუძლებელია, მაგრამ მისივე აზრით, ეს არც ისე დიდი პრობლემაა ასეთ ქალაქში, სადაც წელიწადში სულ რაღაც 5-10-ჯერ წვიმს.
ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა სერბული მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომლის ინტერიერს კლდეში გამოკვეთილი ორნამენტები და ფერადი ვიტრაჟები განსაკუთრებულ იერს სძენს.

თუმცა კუბერ-პედის საოცარი ისტორია მხოლოდ მის მიწისქვეშა ცხოვრებას არ უკავშირდება. ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო - შემთხვევითი აღმოჩენით, რომელმაც ავსტრალიის ამ ერთი შეხედვით უნაყოფო უდაბნოს ბედი სამუდამოდ შეცვალა.
თავდაპირველად ადგილზე ჩასულმა ადამიანებმა მცხუნვარე სიცხისგან თავის დასაღწევად მიწაში თავშესაფრების გამოკვეთა დაიწყეს. მოგვიანებით კი ამ უჩვეულო ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ჯარისკაცებმაც შეასრულეს, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ.

1960-იანი წლების ბოლოსთვის კუბერ-პედიში ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მაღაროელები დასახლდნენ. ასე შეიქმნა მულტიკულტურული საზოგადოება, რომლის წევრებსაც ერთი მიზანი აერთიანებდათ - ძვირფასი ქვების პოვნა.

წყარო: thesun.co.uk
მოამზადა: ანა სიბოშვილმა