ავტორი:

"ბატონო ბიძინა, გთხოვთ, დადექით სიმართლის მხარეს. ისევე სტკივათ ქუჩის ძაღლებს, როგორც თქვენს ფუმფულა პომერანულ შპიცებს" - რას წერს თამარ ივერი

"ბატონო ბიძინა, გთხოვთ, დადექით სიმართლის მხარეს. ისევე სტკივათ ქუჩის ძაღლებს, როგორც თქვენს ფუმფულა პომერანულ შპიცებს" - რას წერს თამარ ივერი

ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი ცხოველების სავარაუდო წამებისა და დახოცვის საკითხს ეხმაურება და ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

  • ამის თაობაზე ვრცელ პოსტს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ბატონო ბიძინა, მოგმართავთ დიდი პატივისცემით. ვიცი, რომ გყავთ ძაღლები და, როგორც ამბობენ, სხვა ცხოველებიც და ფრინველებიც. მეც არაერთი ცხოველის პატრონი ვარ და განსაკუთრებულად მიყვარს ყველა ადამიანი, რომელსაც ცხოველები უყვარს.

  • ჩემი დიდი თხოვნაა: გთხოვთ, დადექით სიმართლისა და გულანთებული ცხოველთა დამცველების მხარეს! დაიკავეთ მათი პოზიცია და ნუ დარჩებით გულგრილი იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვითარდება.

მერწმუნეთ, გავა დრო და ისტორიაში სამარცხვინო ასოებით ჩაიწერება ცხოველების ჟლეტისა და დაწვის ეს შემზარავი ფაქტები! მოვა დრო, როდესაც საზოგადოება ყველას მოსთხოვს პასუხს - იმ ჩინოვნიკებსაც, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა, მათაც, ვინც ამაზე ხმა აიმაღლა და მათაც, ვინც დუმილი არჩია.

ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს!

მინდა გითხრათ, რომ ისევე სტკივათ ქუჩის ძაღლებს, როგორც თქვენს ოჯახში მცხოვრებ საყვარელ, ფუმფულა პომერანულ შპიცებს. მათაც ისევე უხარიათ, ისევე განიცდიან ტკივილს და ისევე სჭირდებათ სიყვარული და დაცვა.

ნაგავსაყრელებზე ცხოვრება მათ არ აურჩევიათ! რა ქნან, თუ განგებამ ერთს ბუნკერთან მიუჩინა ადგილი, მეორეს კი - თბილ ბალიშებზე და ლიმუზინში? ადამიანს შეუძლია იშრომოს და უკეთესი ცხოვრება შეიქმნას, მიუსაფარ ძაღლს კი საკუთარი ბედის შეცვლის ასეთი შესაძლებლობა არ აქვს. მას მხოლოდ მაშინ ეძლევა უკეთესი ცხოვრების შანსი, თუ ვინმე კეთილი ადამიანი იშვილებს - თუმცა ასეთი იღბალი ათასიდან ერთს თუ ხვდება.

მათ ყველას ერთნაირად სტკივათ, ერთნაირად უხარიათ, ერთნაირი ერთგულება და მადლიერება შეუძლიათ. ხშირად კი ადამიანების მიმართ იმაზე მეტ ერთგულებასაც იჩენენ, ვიდრე წარმოგვიდგენია.

დღეს კი ვხედავთ და გვესმის შემზარავი ბრალდებები იმის შესახებ, რომ სრულიად ჯანმრთელ ცხოველებს ყოველდღიურად იჭერენ, ადგილებიდან აქრობენ და სასტიკად უსწორდებიან. ცხოველთა დამცველები არაერთ შემაშფოთებელ ფაქტზე საუბრობენ და საზოგადოებას ვიდეო- და აუდიომასალებსაც უზიარებენ, თუმცა მათ კითხვებსა და ბრალდებებს სათანადო პასუხები არ მოჰყვება. ხალხს კი არწმუნებენ, რომ თავშესაფრებში ყველაფერი გამჭვირვალედ და კანონიერად ხდება. სამწუხაროდ, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, რომელთა უგულებელყოფაც შეუძლებელია.

ალბათ, წარმოდგენაც გაგიჭირდებათ, ვინმემ იგივე თქვენს პომერანულ შპიცებს რომ გაუკეთოს. აი, ქუჩის ძაღლებს კი ყოველდღიურად ექცევიან ისე, თითქოს მათი სიცოცხლე არაფერს ნიშნავდეს!

ახლა, როდესაც ამ წერილს გწერთ, ცხოველთა დამცველები კვლავ საუბრობენ უბნებიდან ძაღლების გაქრობისა და მათი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. ამ ყველაფერს კი თან ახლავს მუქარა, დაპირისპირება და ადამიანების დაშინების მცდელობები.

არსებობს ინფორმაცია, რომ ეს პროცესი არაბი ინვესტორების მოთხოვნას უკავშირდება. თუ ეს სიმართლეა, ნუთუ შეიძლება უცხოელი ინვესტორების მოთხოვნას ჩვენ გვერდით მცხოვრები უდანაშაულო ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლე შეეწიროს? წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორ შეიძლება ასეთი არგუმენტი გამართლება იყოს. ეს ყოველგვარ ზნეობრივ საზღვარს სცდება!

ვიცი ისიც, რომ თქვენი პარტიის შიგნითაც არიან ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენებით აღშფოთებულნი არიან, თუმცა სხვადასხვა გარემოების გამო საჯაროდ საუბარს ერიდებიან. მესმის მათი მდგომარეობა, მაგრამ ამ საკითხზე დუმილი გამოსავალი არ არის.

მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ: იმ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც დღეს ამ მოვლენებს აპროტესტებენ, თქვენი პარტიის ამომრჩევლები არიან და არა პოლიტიკური ინტერესით მოტივირებული პირები. არ შეიძლება ყველას, ვინც ცხოველების დაცვას ითხოვს, ერთი იარლიყი - „პოლიტიკურად ანგაჟირებული“ - მივაკრათ. ცხოველების საკითხი სრულიად დამოუკიდებელი, განსაკუთრებულად მტკივნეული თემაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად აერთიანებს.

შესაბამისად, უმორჩილესად გთხოვთ, დადექით გულანთებული და აღშფოთებული ქართველი ცხოველთმოყვარეების გვერდით!

მოითხოვეთ, რომ ყველა ბრალდება ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ, გამოავლინონ შესაძლო დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები და კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა, ვისი დანაშაულიც დადასტურდება.

ასევე, მოითხოვეთ ყველა თავშესაფარში 24/7 რეჟიმში მოქმედი პირდაპირი ინტერნეტკამერების დამონტაჟება, რათა მათი საქმიანობა მართლაც გამჭვირვალე იყოს და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლოს ცხოველების პირობებისა და მოვლის პროცესის ნახვა. ეს ბევრ ეჭვს გააქარწყლებს, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და საზოგადოებას ნდობას დაუბრუნებს.

მერწმუნეთ, ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, რომ მას შეუძლია ამომრჩეველს იმ პარტიისგანაც კი გაუცრუოს გული, რომელსაც წლების განმავლობაში ენდობოდა და მხარს უჭერდა.

გაიხსენეთ, როგორ იმოქმედა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ პატიმრების უფლებებთან დაკავშირებულმა საკითხებმა - როდესაც ადამიანებმა საკუთარ ახლობლებში წარმოიდგინეს ის, რაც სხვებს ხდებოდა, ამ თემამ საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება შეცვალა.

დღესაც თითქმის ყოველ მეორე ოჯახში ჰყავთ შინაური ცხოველი. თითოეული ასეთი ადამიანი უნებურად საკუთარ ოთხფეხა მეგობარს წარმოიდგენს იმ ძაღლების ადგილას, რომელთა ბედზეც დღეს საზოგადოება ღელავს. ცხოველების პატრონებისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეული საკითხია. ისინი ვერ დაივიწყებენ იმ შემზარავ კადრებს, რომლებშიც შეშინებული, ტკივილისგან დატანჯული და დაუცველი ცხოველები ჩანან.

ხალხში ძალიან დიდი აღშფოთებაა. ადამიანებმა, რომლებიც პასუხებსა და სამართლიანობას ითხოვენ, სანაცვლოდ მუქარა, საჩივრები და შეურაცხყოფა მიიღეს. მათ არ სჭირდებათ დაპირისპირება - მათ მხოლოდ სიმართლის გაგება და ცხოველების დაცვა სურთ.

ბატონო ბიძინა, ვფიქრობ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა - ნაბიჯის, რომელიც სიკეთის, სამართლიანობისა და ადამიანური თანაგრძნობის მხარეს დაგაყენებთ.

ქართველი ხალხი თქვენს რეაგირებას ელის. გთხოვთ, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ამ უმძიმეს საკითხს, რომელიც უკვე მთელი საზოგადოების ტკივილად იქცა.

ძალიან გვინდა, თქვენი დამოკიდებულება და მხარდაჭერა არა მხოლოდ სიტყვებში, არამედ თქვენს რეალურ, თუნდაც არასაჯარო ნაბიჯებშიც დავინახოთ.

გთხოვთ, ნუ დაუშვებთ, რომ უდანაშაულო ცხოველების სიცოცხლე გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას შეეწიროს!" - წერს თამარ ივერი.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, "ტვ პირველმა“ გაავრცელა მასალა, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები მოითხოვდნენ ნეშტების ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები. თბილისის მერიამ სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცხოველთა სამარხების შესახებ. უწყების განმარტებით, "ფაქტების დამახინჯებაა თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს”.

უკვე რამდენიმე დღეა, თბილისის ქუჩებში ცხოველთა დამცველები საპროტესტო აქციას მართავენ.