ავტორი:

"უბრალოდ ვიხუმრე" - რას ამბობს ტრამპი დანა უაითისთვის თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობის შეთავაზებაზე

"უბრალოდ ვიხუმრე" - რას ამბობს ტრამპი დანა უაითისთვის თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობის შეთავაზებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითისთვის თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობის შეთავაზებისას ხუმრობდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • შაბათს ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ დანა უაითი თეთრი სახლის პრესმდივნის შესანიშნავი კანდიდატი იქნებოდა და მას ამ შეთავაზების მიღებისკენ მოუწოდა.

"დანა შესანიშნავი პრესმდივანი იქნება. დანა, გთხოვ, მიიღე ეს სამსახური!“ = დაწერა პრეზიდენტმა.

თუმცა, კვირას ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შეთავაზება სერიოზული არ ყოფილა.

"გეტყვით, რომ უბრალოდ ვხუმრობდი, მაგრამ დანას ეს იდეა ძალიან მოეწონა“, - თქვა მან.

როგორ გამოეხმაურა შეთავაზებას დანა უაითი

ტრამპის პოსტს დანა უაითი Instagram-ზე გამოეხმაურა. მან თეთრი სახლის ბრიფინგების ოთახში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც პრესმდივნის ტრიბუნასთან დგას. ფოტოს კი წარწერა დაურთო: "შემდეგ ეტაპზე გადავდივართ“.

  • მანამდე, ლონდონში გამართული კრივის ტურნირის შემდეგ, უაითმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორშაბათს ტრამპს თეთრ სახლში შეხვდებოდა."დაკავებული ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ გვექნება განსახილველი“, - განაცხადა მან. ამასთან, UFC-ის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, აპირებდა თუ არა შეთავაზების მიღებას.

ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა, რომ უაითმა შეთავაზება უარყო, ტრამპის ერთ-ერთმა თანაშემწემ კი პრეზიდენტის განცხადებას ხუმრობა უწოდა.

ტრამპისა და დანა უაითის მრავალწლიანი ურთიერთობა

დონალდ ტრამპსა და დანა უაითს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. UFC-ის ხელმძღვანელი აშშ-ის პრეზიდენტის აქტიური მხარდამჭერია.

  • უაითმა UFC 2001 წელს შეიძინა, როდესაც ორგანიზაცია ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა. იმ პერიოდში შერეული საბრძოლო ხელოვნება აშშ-ში ფართო აღიარებით არ სარგებლობდა. 1996 წელს სენატორმა ჯონ მაკკეინმა UFC-ის "ადამიან მამალთა ბრძოლა“ უწოდა, რის შემდეგაც სპორტის ეს სახეობა აშშ-ის 36 შტატში აიკრძალა.

უაითის თქმით, ორგანიზაციის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ტრამპს მიუძღვის. როდესაც არაერთი სპორტული არენა UFC-ის ღონისძიებების მასპინძლობაზე უარს ამბობდა, ტრამპი დათანხმდა, ბრძოლები ატლანტიკ-სიტიში მდებარე საკუთარ კაზინოში, "ტრამპ ტაჯ მაჰალში“ გამართულიყო.

მათი მეგობრობა წლების განმავლობაში კიდევ უფრო გამყარდა. 2025 წელს უაითმა CBS-თან ინტერვიუში გაიხსენა, რომ ტრამპის მხარდაჭერა UFC-ისთვის განსაკუთრებით რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

დანა უაითი ჟურნალისტებთან დაპირისპირებითაც არაერთხელ მოხვედრილა ყურადღების ცენტრში. 2020 წელს მან საჯაროდ გააკრიტიკა ჟურნალისტები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს UFC-ის ღონისძიებების ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ. 2009 წელს კი სპორტულ მედიაში გამოქვეყნებული კრიტიკული მასალის საპასუხოდ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ჟურნალისტებს შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მიმართა.

წყარო