ავტორი:

"ჩემთან მოვიდა, მისი ფეხსაცმელები გამოჩნდა, თვალი ავაყოლე, დავინახე ჩემ წინ მამაო იდგა... " - უჩვეულო მინიშნება და მთავარი როლი: "სახალხო ინტერვიუ" მსახიობთან, რომელმაც ბერი გაბრიელის როლი ითამაშა

"ჩემთან მოვიდა, მისი ფეხსაცმელები გამოჩნდა, თვალი ავაყოლე, დავინახე ჩემ წინ მამაო იდგა... " - უჩვეულო მინიშნება და მთავარი როლი: "სახალხო ინტერვიუ" მსახიობთან, რომელმაც ბერი გაბრიელის როლი ითამაშა

Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ზურაბ ავსაჯანიშვილი. მან ფილმში "ბრძოლა - ბერი გაბრიელი“ (მამა გაბრიელი) მთავარი როლი ითამაშა. ამჯერად გადაცემაში მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუს საინტერესო ეპიზოდების ელექტრონულ ვერსიას, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული გადაცემის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

თეა:

- მოგესალმებით. როგორ ხართ და ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?

- ვმუშაობ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ახლახან გამოვუშვით ახალი სპექტაკლი "ჭინჭრაქა“, სადაც მგლის როლს ვთამაშობ. ძალიან საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა, ბავშვებმაც ინტერესით მიიღეს. პარალელურად, ვარ კიდევ ერთი თეატრის - სანდრო მრევლიშვილის სახელობის მუნიციპალური დრამატული თეატრის მთავარი ადმინისტრატორი. ამ თეატრსაც ვუძღვები ისე, როგორც შემიძლია. მთელი ჩემი ძალითა და რესურსით მინდა, რომ წარმატებული თეატრი იყოს და წინ წავიდეს.

ნინო:

- როგორი ბავშვი იყავით და როგორი ბავშვობა გქონდათ?

- კარგი ბავშვობა მქონდა... ძალიან კარგ ოჯახში დავიბადე. მყავს და, რომელიც ჩემი სიცოცხლეა. დიდ სითბოში ვიზრდებოდით. ჩემს ოჯახში სულ სიყვარული იყო. ნებისმიერ გარემოში რაც უფრო დიდი სიყვარული და სითბოა, ბავშვიც ალბათ უფრო უბოროტო და თბილი იზრდება. მიყვარდა რაღაცების შეგროვება, მარკებს ვაგროვებდი, ფეხბურთს კარგად ვთამაშობდი. რა ვიცი, ეზოც მიყვარდა, ბავშვებიც და საერთოდ, ცხოვრება მიყვარდა, როგორც ყველა ბავშვს.

კახი:

- ოდესმე თუ გიფიქრიათ სასულიერო პირის როლი გეთამაშათ?

- როცა "თეატრალურში“ ჩავაბარე და მერე უკვე თეატრში დავიწყე მუშაობა არ მიფიქრია რას და როგორ ვითამაშებდი იმიტომ, რომ ყველაფერი თავისით მოდის - რისი ღირსიც ხარ ან რისი დროც არის. არის ასეთი პიესა "წმინდა ანტონიოს ცდუნება“, იქ ანტონიო ვიყავი. კი, სასულიერო პირი მითამაშია. მართლაც ბევრი როლი მაქვს თეატრში ნათამაშევი... დიდი ფილმი და მთავარი როლი ჩემთან ცოტა გვიან მოვიდა. კინოში მანამდე მხოლოდ ეპიზოდურ როლებს ვთამაშობდი. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში მოვიდა ეს პირველი დიდი როლი - მამა გაბრიელი. თუ სასულიერო პირი უნდა მეთამაშა, ალბათ მამა გაბრიელი უნდა უნდა ყოფილიყო ის.

ანა:

- როდესაც მამა გაბრიელის როლი შემოგთავაზათ რეჟისორმა გიორგი კაჭარავამ, როგორ შეხვდით ამას? გაგიკვირდათ? მაშინვე დათანხმდით?

- კასტინგზე ჩემი მეგობრის (ახლა უკვე ჩემი ოჯახის წევრის), ვახო ნოზაძის თქმით (საერთოდ კასტინგებზე არ დავდივარ მიზეზების გამო) მივედი. მოკლედ გავბედე და წავედი. ვიცოდი, რა როლიც იყო, დიდი სურვილიც მქონდა და მომზადებული მივედი. ყველაფერი ისე გავიარე (რამდენიმე ეტაპად), როგორც საჭირო იყო. როცა მითხრეს: "კი ბატონო, შენია ეს როლი“, - იქიდან რომ გამოვედი, გამოსვლისთანავე ჩემში რაღაც სხვა ძვრები და შეგრძნებები დაიწყო. როდესაც ამხელა მამის როლს გთავაზობენ, არ არის ადვილი. მამა გაბრიელი მთელ მართლმადიდებელ სამყაროში დიდი და საყვარელი მამაა! მოკლედ, მერე იმის გათავისება, გააზრება, რომ მისი როლი უნდა ითამაშო, რთული იყო. მაგრამ უფლის დახმარებით და მამა გაბრიელის შეწევნით, მგონი, რაღაც მოვახერხე. ფილმს მაყურებელიც ნახავს და შეაფასებს, ჩვენი პროფესია ხომ მაინც მაყურებელზეა დამოკიდებული, ისინი აფასებენ ჩვენს შრომას.

ლაშა:

- ფილმი - "ბრძოლა -ბერი გაბრიელი“ კინოთეატრებში უკვე გამოვიდა. სანამ ვნახავ, იქნებ მითხრათ, ბერი გაბრიელის ცხოვრების რა მონაკვეთს ასახავს ფილმი?

- ბევრი შეკითხვა არის ხოლმე იმასთან დაკავშირებით, ნაჩვენებია თუ არა ამ ბერი გაბრიელის სასწაულები და მისი ცხოვრება. კი ბატონო, ამასაც ნახავთ ფილმში, მაგრამ ფილმი იწყება 1965 წლიდან, როდესაც მამა გაბრიელმა აღლუმზე ლენინის პორტრეტი დაწვა. იქიდან დაიწყო მისი ტანჯული გზა. წარმოიდგინეთ, ეს ის პერიოდია, როდესაც მთელი სისტემა არარელიგიურია, ათეისტები ყველაფერს კრძალავენ. წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში 36 წლის ახალგაზრდა კაცმა (მაშინ ამდენი წლის იყო მამა გაბრიელი) გაბედა და ამ სისტემას თავისი რწმენისა და შეგრძნებების გამო დაუპირისპირდა. ამის გაბედვაც არ იყო ადვილი. მოკლედ, ფილმი გვიჩვენებს მან შემდგომი გზა როგორი ტანჯვით, წვალებითა და ბრძოლით გაიარა.

ლადო:

- როგორ დაიწყეთ როლზე მუშაობა? გრძნობდით წმინდანის მხარდაჭერას?

- რასაკვირველია... პირველი შიშია, როდესაც ასეთ როლს გაძლევენ: ფიქრობ, შევძლებ თუ არა, მოვახერხებ თუ არა? როდესაც მსახიობები რაღაცაზე ვმუშაობთ, ჩვენი სისტემა გვაქვს - როგორ ავაგოთ ესა თუ ის გმირი, როგორ გავიგოთ მისი ბუნება. მაგრამ მამა გაბრიელი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. რა უნდა შემატო მას, როდესაც ყველაფერი აქვს?!

ვიფიქრე, რომ მარტივად გავაკეთებდი და შევქმნიდი გმირს, ადამიანს, რომელიც ნამდვილი გმირი იყო. გმირი, რომელმაც ამხელა რაღაც დაიწყო, რომელმაც თავში იპოვა დიდი რწმენა, დიდი სიყვარული და ამ სიყვარულითა და ვაჟკაცობით ყველაფერი ბოლომდე მიიტანა. მინდა, რომ ამით ახალგაზრდა თაობამაც, ვინც ამ ფილმს ნახავს, იპოვოს თავისი გმირი. ბავშვები ხომ ეძებენ გმირებს? ჩვენც გვყავს წმინდანი - ბერი არავისზე ნაკლები კი არა, უდიდესი გმირი, რომელმაც ბევრი მაგალითი მოგვცა რწმენის, სიყვარულის და იმის, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

უცნობი:

- როგორი იყო რეჟისორთან თანამშრომლობა ამ როლზე მუშაობისას? რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მითითება, რომელიც მისგან მიიღეთ და რამაც პერსონაჟის პოვნა გაგიმარტივათ?

- დღეს ვსაუბრობდით მე და რეჟისორი, ბატონი გია კაჭარავა (მოკლედ, ამ ძიების პროცესში რეჟისორს თავისი ხედვა აქვს, მან 12 წელი მოანდომა ამ სცენარის დაწერას და ფილმის გადაღებას, რადგან ძალიან ბევრი იბრძოლა და ენერგია დახარჯა). მომიყვა ერთ-ერთი ისტორია თავისი ცხოვრებიდან, რაც მისთვის გარდამტეხი იყო და მითხრა, რომ ამით სიცოცხლე გადაარჩინა. მომიყვა შინაგან ხმაზე, რომელიც ჩაესმა და რომელმაც სადღაც გაიყვანა. მეც ამ ხმას ჩავეჭიდე! როდესაც ადამიანს რაღაც ესმის, აფრთხილებს... აი, აქედან დაიწყო ჩემი ამბავი - გავყევი შინაგან ხმას. მერე ამ მუშაობის დროს თითქოს ეს ხმა დავაკარგვინე, შემდეგ კი მე და პერსონაჟმა ერთად დავიწყეთ მისი ძიება. ბოლოს ისევ სადღაც გაჩნდა ეს ხმა და ისე ჯაჭვურად აეგო ეს ყველაფერი. ისეთი ტექნიკით გამოვიდა, რომ რასაკვირველია, ძალიან ლამაზად და ფრთხილად გავიარეთ ეს გზა. ეს იყო რეჟისორის სწორი მიმართულება. გია კაჭარავას კარგი ახსნის უნარი აქვს. როდესაც ადამიანი 12 წელი წვალობ შენს საქმეზე და შენც იმავე ბრძოლას გადიხარ, გიადვილდება ნაბიჯების გადადგმა.

ნატალია:

- ამ ფილმამდე როგორი იყო თქვენი ეკლესიასთან დამოკიდებულება?

- ფილმზე მუშაობამ მთლიანად შეცვალა ჩემი შეხედულება - უფრო მეტად დავუახლოვდი ეკლესიას, ვცდილობ, რწმენაში უფრო მეტად შევიდე და გავიცნო ჩემი ღმერთი და უფალი. ამ ფილმმა ცხოვრების ხედვა შემიცვალა და რწმენა უფრო მეტად გამიღვივა.

როდესაც ეს როლი მივიღე, სახლში ვფიქრობდი, რა და როგორ გამეკეთებინა. მეუღლემ მითხრა: ჩვენთან, ვაკეში არის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია, სადაც არის მოძღვარი - შალვა კეკელიაა და ჩადი, მას გაესაუბრეო. ჩავედი, ვიკითხე, მაგრამ მითხრეს, წასულია და ერთი კვირა არ იქნებაო. "ახლა სხვა მოძღვარი წირავს და მას გაესაუბრეთო“... მეჩქარებოდა, იმ საღამოს ფოთში მივდიოდით გადაღებაზე, მაგრამ თავი დავხარე და დაველოდე... რაღაც პერიოდის შემდეგ ჩემთან ვიღაც მოვიდა, მისი ფეხსაცმელები გამოჩნდა, რასაც თვალი ავაყოლე და დავინახე ჩემ წინ მამაო იდგა. მის ოლარს თვალი ავაყოლე და მასზე მამა გაბრიელი იყო ამოქარგული! არადა, მანამდე მინიშნება ვთხოვე: "მამა გაბრიელ, იქნებ რამე მინიშნება მომცე, ღირსი ვარ თუ არა ამ ფილმზე მუშაობის-მეთქი?“ რადგან ოლარზე ამოქარგული მამა გაბრიელი დამხვდა, ყველაფერი გასაგები იყო! ის ადამიანი ჩემი სულიერი მოძღვარი, მამა ლუკა გახდა. ძალიან კარგი ადამიანია, ჩემთვის სანთელია ღმერთთან...

მოკლედ, თვალებში ვუყურებდი მამა ლუკას, მაგრამ ჩემ თვალწინ მამა გაბრიელი იდგა. ამაზე მეტი მინიშნება რა უნდა ყოფილიყო?! მივხვდი, რომ უნდა დაგვეწყო მუშაობა...

ალეკო:

- საბოლოოდ მამა გაბრიელის შესახებ, როლზე მუშაობის შედეგად როგორი დასკვნა გააკეთეთ? რა იყო მისი მთავარი ტკივილი?

- რა პერიოდში იცხოვრა მამა გაბრიელმა? - შუა კომუნიზმის დროს. მისი ტკივილი ალბათ ეს ურწმუნოება და უსიყვარულობა იყო, რაც დღემდეც არის. ის ცდილობდა, ხალხში რწმენა და სიყვარული გაეღვივებინა. უფალი სიყვარულია...დათო ტურაშვილი რეზო გაბრიაძეზე ცოტა ხნის წინ ჰყვებოდა: რეზო წერდა, ქუთაისიდან რომ წამოვედი, არაფერი გამაჩნდა სიყვარულის გარდაო. დღესაც როგორი სიტუაცია გვაქვს? ყველაფერი გვაქვს სიყვარულის გარდა. ეს სიყვარული გვაკლია. ერთმანეთის სიყვარულია ჩემთვის მთავარი ამბავი. გვიყვარდეს ერთმანეთი და ყველაფერი იდეალურად იქნება!

ვახო:

- მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობობას ალბათ კიდევ რაღაც სხვა სჭირდება, როცა დარბაზში მოზრდილებთან ერთად ბავშვებიც არიან... რას იტყვით?

- მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჩემთვის მეორე სახლი კი არა, პირველი სახლია! იქ გავატარე ყველაფერი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე იქ დავიწყე მუშაობა და მთელი ცხოვრებაა იქ ვარ. ჩემი მეუღლეც იქ გავიცანი, შვილებიც იქ დადიოდნენ, მეგობრები და ნათესავებიც იქ მყავს. რაც შეეხება იქაურ მაყურებელსა და აუდიტორიას, ძალიან საყვარელი რამე ხდება იქ. პასუხისმგებლობაც დიდია: ბავშვს შენ ზრდი, ცდილობ, მისცე გემოვნება, განათლება. თეატრი არის ერთგვარი ხიდი დიდობასა და პატარაობას შორის, განათლებასა და ხელოვნებას შორის. ყოველი სპექტაკლის მერე შეგრძნება გაქვს, რომ ბავშვი იქიდან უფრო გაზრდილი, ცხოვრებისთვის მზად გავუშვი.

ანა:

- სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანის ნიღაბი მოგირგიათ, მათ შორის, ლოთის, მეფის, პოლიციელის, ინტელიგენტის, ასევე ცხოველების და ფრინველების. არ არის რთული კატის, ან ყვავის თამაში?

- მთელი ცხოვრებაც ასეთია - ხან რა ხარ და ხან რა, ცხოვრებაც თეატრია! ჩვენც, "მოზარდ მაყურებელში“ როლებს ცოცხალ არსებებად აღვიქვამთ, ვცდილობთ, ბავშვებს შევაყვაროთ ეს ამბავი და რაღაც კარგი შეგრძნებები ვაჩუქოთ.

უცნობი:

- მსახიობობა რატომ გადაწყვიტეთ და იყო თუ არა ეს სწორი არჩევანი?

- ბავშვობიდან სამი სპექტაკლი მახსოვს, რომლებმაც გადამაწყვეტინა, რომ მსახიობი უნდა ვყოფილიყავი: მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის "ჯაყოს ხიზნები“, თუმანიშვილის თეატრში - "ჩემი პატარა ქალაქი“ და რუსთაველის თეატრში - "კავკასიური ცარცის წრე“. ამ სამი სპექტაკლის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ის სამყარო ჩემი სამყარო იყო. სხვა პროფესიებიც მქონია, ცხოვრება რთული იყო და თეატრის გარდა სხვა საქმის კეთებაც გვიწევდა, მაგრამ პროფესიისთვის არასდროს მიღალატია.

დედას უნდოდა, გინეკოლოგი ვყოფილიყავი (და ცუდი გინეკოლოგი არ ვიქნებოდი, სწავლა მიყვარდა), მამას უნდოდა, ბევრი ფული მქონოდა, მაგრამ მერე "თეატრალურში“ ჩავაბარე და დავრჩი იქ.

ბესო:

- ვინ არის ადამიანი, ვისთან შეხვედრაც არასოდეს დაგავიწყდებათ?

- როცა ჩემი პირველი შვილი, ლიზი დაიბადა და პირველად ვნახე, ეს დაუვიწყარი რამ იყო. მან სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მანამდე ასეთი სილამაზე არ მენახა...

ზურა:

- რას ნანობთ ცხოვრებაში და რატომ?

- ვნანობ, რომ კიდევ ბევრი რამ არ ვისწავლე - მიუხედავად იმისა, რომ ოთხი ენა ვიცი და ბევრი პროფესია შევითვისე, დღემდე ვსწავლობ და ვნანობ, რომ კიდევ უფრო მეტი რამის ცოდნა მინდოდა.

დავითი:

- ყოფილა თუ არა ისეთი ფაქტი, რომ სპექტაკლის დროს დარბაზიდან მაყურებლის რეპლიკას თქვენზე სერიოზულად უმოქმედია?

- იყო სახალისო ამბებიც. ერთხელ აჭარაში გასტროლზე ვიყავით, სპექტაკლი მიდიოდა, სცენის წინ, ნაპირზე ვიჯექი. ვიღაც კაცი მოვიდა, ჩემი ძმა, მალე მორჩება, გასასლელი ვარ... რა უნდა მექნა, - ვუთხარი, - კი-მეთქი.

იყო ასეთიც - სპექტაკლის მსვლელობის დროს უცებ კარი გაიღო (დარბაზში შუა ნაწილში იყო შესასვლელი) და შემოვიდნენ ვიღაც ტიპები მაგიდით — "აუ, აქ კარგად გრილა, მოდი, აქ დავჯდეთ, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და თქვენ თქვენსასო,“ - წარმოიდგინეთ, სპექტაკლი მიდოდა. ცალკე დასხდნენ, ჩვენ სპექტაკლს ვთამაშობდით...

უცნობი:

- კრიზისული პერიოდი ყველას გვაქვს ცხოვრებაში, რა მეთოდი თუ ხერხი გაქვთ მის დასაძლევად და გადასატანად? იქნებ რაიმე რთული პერიოდიც გაიხსენოთ თქვენ მიერ დაძლეული?

- ის თაობა ვართ, რომელმაც ყველანაირი კრიზისი გამოიარა. "ზუკო“ წვენი დაგვილევია, "კერასინკაზე“ გავმთბარვართ. მახსოვს, მეზობლებთან ერთად აჩმას ვაკეთებდით: პურს მარილიან წყალში ვასველებდით, ვწვავდით და ისეთი გემრიელი იყო, დღემდე არაფერი მიჭამია ისეთი. მეტი რა კრიზისი უნდა ყოფილიყო? მაშინ ვისწავლეთ ყველაფრის გადალახვა. მთავარია უფლის რწმენა და ყველაფერს გავუმკლავდები.

ნიკოლოზი:

- გაგვაცანით თქვენი ოჯახი და აქვე როგორია ოჯახის წევრების დამოკიდებეულება თქვენი პროფესიისადმი?

- მყავს მეუღლე - ანა მღებრიშვილი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის უნიჭიერესი და ძალიან ლამაზი მსახიობი. ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ და ხელს ვუწყობთ. მყავს ორი შვილი: ლიზი - მიუნხენის ნაციონალური ბალეტის სოლისტია, მათე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. ოჯახი ჩემთვის მამოძრავებელი ძალაა. 23 წლის ვიყავი, რომ შევქმენი და მაშინვე შრომა დავიწყეთ. ანა ჩემ გამო ხშირად წევს უკან საკუთარ კარიერას, შვილებიც სულ გვერდში მიდგანან.

მარიამი:

- რაზე ოცნებობთ?

- ვოცნებობ, რომ სამყარო შეიცვალოს სიკეთისკენ, ხალხში უფლის სიყვარული და რწმენა გაიზარდოს. ერთმანეთი გვიყვარდეს და ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ კარგად. არავინ არავისზე მეტი არ არის. მთავარია სიყვარული, სიყვარული და კიდევ ერთხელ სიყვარული! ყველას ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ!

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/8h7nSVlz1WY?si=un7sQtblAaltvBUj" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>