რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორი) დელეგაცია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როსსელხოზნადზორი“ ავრცელებს.
"კერძოდ, რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნარჩენ რაოდენობებს იკვლევს. მათ შეაფასეს ლაბორატორიის ორგანიზაციული სტრუქტურა, ტექნიკური აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდები და შენობა-ნაგებობების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან“, - აღნიშნულია "როსსელხოზნადზორის” ინფორმაციაში.
რუსეთის დელეგაცია გორის მუნიციპალიტეტში ეწვია თესლოვანი და კურკოვანი კულტურების მოყვანის, შენახვისა და საექსპორტო პარტიების ფორმირების ხუთ ობიექტს.
"აუდიტის შედეგების საფუძველზე, როსსელხოზნადზორი ლაბორატორიას გაუგზავნის აუდიტის აქტს, რომელიც დაადასტურებს მის კომპეტენციას, კვლევის მეთოდებისა და მიღებული შედეგების სანდოობას. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ მცენარეთა კარანტინის სფეროში ეროვნული სისტემის შემუშავება მიმდინარეობს. ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრაცია ინფორმაციის გაცვლას გააუმჯობესებს, საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ორმხრივ მიწოდებას გაზრდის და მისი უსაფრთხოების კონტროლს გააძლიერებს“,- აღნიშნულია "როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციაში.