ავტორი:

ჟესტურის თარჯიმანი - კომუნიკაცია ხმამაღალი ბგერების გარეშე

ჟესტურის თარჯიმანი - კომუნიკაცია ხმამაღალი ბგერების გარეშე

კომუნიკაცია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწავლაც, ექიმთან მისვლაც, სასამართლო პროცესშიც მონაწილეობაც, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობაც, სამსახურისა და ბიზნესის საქმეების მოგვარებაც, ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ინფორმაცია სრულად და ზუსტად მიიღოს და თავისი აზრი თავისუფლად გამოხატოს.

კომუნიკაციის ამ უწყვეტ პროცესში, მეტყველება გამოკვეთილი ბგერების გარეშეცაა შესაძლებელი - ჟესტების ენის გამოყენებით. ჟესტი - ხელების სპეციფიკური მოძრაობა, სრულფასოვან ენას ქმნის. ჟესტური ენა ვიზუალურ-სივრცითი ენაა, რომელშიც ინფორმაცია გადაეცემა ხელების მოძრაობით, სხეულის პოზიციით, სახის გამომეტყველებითა და მზერით. იგი სმენისარმქონე პირების კომუნიკაციის ძირითადი საშუალებაა.

მსოფლიოს მრავალ ნაწილში ჟესტების ენა დამოუკიდებლად ვითარდებოდა, შესაბამისად არ არსებობს ერთიანი, უნივერსალური ჟესტების ენა. მსოფლიოში 150-დან 300-ზე მეტი განსხვავებული ჟესტების ენა გამოიყენება; თითოეულ მათგანს საკუთარი რეგიონული ლექსიკა და გრამატიკა გააჩნია. ამერიკული ჟესტების ენა (ASL): ASL დომინანტური ენაა შეერთებულ შტატებსა და კანადის ზოგიერთ ნაწილში; მას მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. იგი 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბდა და ისტორიულად უკავშირდება ფრანგულ ჟესტების ენას (LSF), თუმცა სრულიად განსხვავდება ბრიტანული ჟესტების ენისა (BSL) და სალაპარაკო ინგლისური ენისგან. ჟესტები შედგება ისეთი პარამეტრებისგან, როგორიცაა ხელის ფორმა, ხელისგულის მიმართულება, ადგილმდებარეობა, მოძრაობა და არასაჟესტო (არამანუალური) სიგნალები (მაგალითად, სახის გამომეტყველება, თავისა თუ წარბების მოძრაობა).რაც შეეხება ქართული ჟესტურ ენას, იგი გარკვეულწილად განიცდიდა რუსული ჟესტური ენის გავლენას, განსაკუთრებით ლექსიკის დონეზე, თუმცა დამოუკიდებელი გრამატიკული სისტემის მქონე ენად ჩამოყალიბდა. საინტერესოა, რომ ქართული ჟესტური ენის ზმნებში მკვლევრებმა აღმოაჩინეს ისეთი მორფოლოგიური მახასიათებლები, რომლებიც მას სხვა ჟესტური ენებისგანაც გამოარჩევს.

სმენისარმქონე პირების კომუნიკაციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟესტური ენის თარჯიმნის ჩართულობა იმ პირებთან, რომლებიც თავის მხრივ არ ფლობენ ჟესტების ენას. ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს კომუნიკაციას ყრუ ან სმენადაქვეითებულ ადამიანებსა და სმენიან პირებს შორის. მისი მთავარი დანიშნულებაა ინფორმაციის ზუსტად, სრულად და ორმხრივად გადაცემა ისე, რომ ორივე მხარემ შეძლოს ერთმანეთის გაგება. ჟესტური ენის თარჯიმანი არ არის უბრალოდ შუამავალი ორ ადამიანს შორის. ის არის პროფესიონალი, რომელიც ენობრივ ბარიერს ამცირებს და ადამიანებს თანაბარი კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს.

თარჯიმანი მხოლოდ სიტყვებს არ თარგმნის — ის გადმოსცემს აზრს, ემოციას, საუბრის კონტექსტსა და კომუნიკაციის მნიშვნელოვან ნიუანსებს. იურიდიული ტერმინების თარგმნა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, რადგან მასში ბევრი ცნება აბსტრაქტულია. იურიდიული ტერმინის ჟესტური თარგმანი არ უნდა იყოს მხოლოდ მისი გარეგნული ან ყოველდღიური მნიშვნელობის ვიზუალური გამოსახვა. მაგალითად, „საკუთრების უფლება“ და „ნივთის ფლობა“ სამართლებრივად სხვადასხვა ცნებაა. თუ თარჯიმანი ორივეს ერთი და იმავე ზოგადი ჟესტით გადმოსცემს, შესაძლოა დაიკარგოს სამართლებრივი განსხვავება.

ამიტომ საჭიროა:

1. ტერმინის ზუსტი სამართლებრივი განმარტება;

2. მისი კონტექსტის დადგენა;

3. შესაბამისი ჟესტის მოძიება;

4. საჭიროების შემთხვევაში, განმარტებითი კონსტრუქციის გამოყენება;

5. სმენისარმქონე საზოგადოების წარმომადგენლებისა და პროფესიონალი ჟესტური ენის თარჯიმნების მონაწილეობით ტერმინის შემოწმება.

ამ მხრივ საინტერესო შემთხვევას მიეკუთვნება, იურიდიული თარგმანის პროფესიული თვალსაზრისით, Clarence Taylor-ის საქმე. საქმე ყურადღებას იპყრობს ამერიკული ჟესტების ენის (ASL) თარჯიმნების მონაწილეობით დაკითხვის პროცესით. სააპელაციო სასამართლოში განიხილებოდა საპირისპირო კითხვის უფლება (Confrontation Clause / Crawford v. Washington) — ჰქონდა თუ არა ბრალდებულ მხარეს უფლება, ჯვარედინად დაეკითხა ის თარჯიმანი, რომელიც პოლიციის მიერ მისი დაკითხვისას მუშაობდა. ბრალდებულის დაკითხვაში მონაწილეობდა ორი თარჯიმანი: - ერთი სმენიანი ASL თარჯიმანი; - მეორე — სერტიფიცირებული სმენისარმქონე თარჯიმანი (Certified Deaf Interpreter). მათი მეშვეობით ხდებოდა ინფორმაციის გადაცემა ინგლისურ ენასა და ჟესტურ ენას შორის. პრობლემა სასამართლოში წარმოიშვა: ბრალდების მხარემ მტკიცებულებად გამოიყენა აუდიოჩანაწერი, რომელშიც თარჯიმნის მიერ ინგლისურად გადმოცემული ტეილორის პასუხები ისმოდა. ტეილორი ამტკიცებდა, რომ თარჯიმანმა მისი პასუხები არაზუსტად გადმოსცა და კონკრეტული შეხების ფაქტის აღიარება მას არ გაუკეთებია.

საქმე მივიდა მერილენდის სააპელაციო სასამართლომდე. 2016 წლის 27 იანვარს სასამართლომ დაადგინა, რომ თარჯიმნის მიერ ნათქვამი განმარტებების მტკიცებულებად გამოყენება, შესაბამისი ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობის გარეშე, არღვევდა ბრალდებულის კონსტიტუციურ უფლებას მოწმეებთან დაპირისპირების შესახებ, განაჩენი გაუქმდა. აღნიშნულმა საქმემ ასევე შექმნა პრეცედენტი - საქმემ ხაზი გაუსვა სმენადაქვეითებული პირების დაკითხვისას სრული ვიდეოჩანაწერის წარმოების კრიტიკულ მნიშვნელობას, რათა დამოუკიდებელ ექსპერტებს შეეძლოთ ჟესტების ენის ზუსტი თარგმანის გადამოწმება.

სამართლებრივ და სავალდებულო პროცესებში პროფესიონალი თარჯიმნის როლი მრავალმხრივი და კრიტიკულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სისხლის სამართლის დაკითხვებსა და სასამართლო განხილვებს, თარჯიმანი ასრულებს არა მხოლოდ ენობრივი გადამტანის, არამედ უფლებების დამცავი ბუფერის ფუნქციას.

NS