ავტორი:

შეკრული ხელები, დასჯა “დახრჩობის მეთოდით“ და ბნელ ოთახში ჩაკეტილი აღსაზრდელები - ისრაელში კერძო საბავშვო ბაღის დირექტორსა და ორ მომვლელს ასამართლებენ: უმძიმესი საქმის დეტალები

შეკრული ხელები, დასჯა “დახრჩობის მეთოდით“ და ბნელ ოთახში ჩაკეტილი აღსაზრდელები - ისრაელში კერძო საბავშვო ბაღის დირექტორსა და ორ მომვლელს ასამართლებენ: უმძიმესი საქმის დეტალები

ისრაელში, ქალაქ არიელში მდებარე კერძო საბავშვო ბაღის დირექტორსა და ორ მომვლელს 17 ჩვილისა და მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. სახელმწიფო პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი ბრალდების თანახმად, ექვსი თვიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვების მიმართ ძალადობის 400-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ბრალდება კვირას ლოდის ცენტრალურ რაიონულ სასამართლოში შევიდა. საქმეში ფიგურირებენ 37 წლის ნატალია კასილევსკი, რომელიც “ლუჩიკის“ სახელით ცნობილი კერძო საბავშვო ბაღის დირექტორი იყო, და დაწესებულების ორი თანამშრომელი - 37 წლის დარინა ჰალუფა და 40 წლის ანა პაგელსკი.

პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის სასამართლო პროცესის დასრულებამდე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ბრალდების თანახმად, საბავშვო ბაღში ბავშვების მიმართ ძალადობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულები ბოროტად იყენებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მდგომარეობას და იმ ფაქტს, რომ მცირეწლოვანი ბავშვები მათზე სრულად იყვნენ დამოკიდებული. ისინი ბავშვებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.

საქმის მასალებში აღწერილია დასჯის რამდენიმე სასტიკი მეთოდი. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ბრალდების დოკუმენტში “დახრჩობის მეთოდი“ ეწოდება, ბავშვების სასუნთქი გზების ხელით, ქაღალდით ან ქსოვილით გადაკეტვას გულისხმობდა.

ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვებს სასუნთქ გზებს განმეორებით უკეტავდნენ მაშინაც კი, როდესაც მათ უკვე აღენიშნებოდათ ჰაერის უკმარისობა, სახე უწითლდებოდათ და სუნთქვა უჭირდათ. პროკურატურის მტკიცებით, ცალკეულ შემთხვევებში ისინი ამის შედეგად ორიენტაციასა და წონასწორობასაც კარგავდნენ.

კიდევ ერთი სავარაუდო მეთოდი ბავშვების მოძრაობის შეზღუდვას გულისხმობდა. ბრალდების მიხედვით, მომვლელები მათ ქსოვილსა და საბნებში მჭიდროდ ახვევდნენ, ხელებს სხეულზე უფიქსირებდნენ და ისე კრავდნენ, რომ მოძრაობა თითქმის შეუძლებელი გამხდარიყო. ზოგიერთ შემთხვევაში კი მუცელზე აწვენდნენ და ამ მდგომარეობაში ტოვებდნენ.

პროკურატურის მტკიცებით, მომვლელები ბავშვებს ზოგჯერ საკვებსაც იძულებით აჭმევდნენ. ბრალდებაში საუბარია სახის უხეშად გაწმენდის შემთხვევებზეც - მომვლელები ბავშვებს სახეს ქაღალდით მტკივნეულად უსუფთავებდნენ.

დასჯის ერთ-ერთი მეთოდი ბავშვების ბნელ, ჩაკეტილ ოთახში ხანგრძლივი დროით, ზედამხედველობის გარეშე დატოვება იყო. ბრალდების თანახმად, მათ ოთახში ტირილისა და გარეთ გამოსვლის მცდელობის მიუხედავად ტოვებდნენ.

სავარაუდო ძალადობის შემთხვევები ხშირად სხვა ბავშვების თანდასწრებით ხდებოდა. შესაბამისად, ისინიც არაერთხელ ხდებოდნენ ძალადობის სცენების უნებლიე თვითმხილველები.

საქმის მასალების მიხედვით, ბავშვები მომხდარზე ტირილითა და დაზარალებულებთან მიახლოებით რეაგირებდნენ. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სხვა ბავშვების მიმართ ძალადობის განმეორებითი შემთხვევების ხილვაც მათ ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებდა. სწორედ ამიტომ, ბრალდებულებს ფიზიკურ ძალადობასთან ერთად ფსიქოლოგიურ ძალადობაშიც ადანაშაულებენ.

წყარო