ავტორი:

“ვფიქრობ ICE-ის სამიგრაციო პოლიტიკა ძალიან ხისტი იყო“ - დონალდ ტრამპის აღიარება: შეჩერდება თუ არა აშშ-ში მასობრივი დეპორტაციები?

“ვფიქრობ ICE-ის სამიგრაციო პოლიტიკა ძალიან ხისტი იყო“ - დონალდ ტრამპის აღიარება: შეჩერდება თუ არა აშშ-ში მასობრივი დეპორტაციები?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი საიმიგრაციო მკაცრი ზომები “ზედმეტად ხისტი“ აღმოჩნდა. შუალედურ არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ, ეს განცხადება პრეზიდენტის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი მიმართულებიდან ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო საჯარო უკანდახევად შეფასდა.

CBS-ის გადაცემა “60 Minutes“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი A შეფასებას იმსახურებს პლუსით საზღვრის უკანონო კვეთის მკვეთრი შეზღუდვისთვის, თუმცა ფართომასშტაბიანმა დეპორტაციებმა მას პოლიტიკური ზიანი მიაყენა.

  • “საზღვრის ჩაკეტვაში ფრიადი დავიწერე, მაგრამ მასობრივმა დეპორტაციებმა დაგვაზიანა“

პრეზიდენტის თქმით, საიმიგრაციო პოლიტიკამ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებს “როგორც დაეხმარა, ისე აზარალა“.

არჩევნების დღეს ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ეკონომიკისა და დემოკრატიის მდგომარეობის შემდეგ, იმიგრაცია ამომრჩევლებისთვის მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ისეთ ისტორიულად კონსერვატიულ შტატში, როგორიცაა ტეხასი, ლათინოამერიკელი ამომრჩევლების მხარდაჭერის დემოკრატებისკენ გადახრამ ხელი შეუწყო დემოკრატიული პარტიის მიერ კონგრესში დამაჯერებელი უმრავლესობის მოპოვებას.

“მიმაჩნია, რომ საზღვრის ჩაკეტვისთვის ფრიადი პლუსით დავიწერე,“ - განაცხადა ტრამპმა კვირა საღამოს ეთერში გასულ გადაცემაში.

მან დასძინა: “ხალხის გაძევების ნაწილში, ცუდი ადამიანების გაძევებისთვის ძალიან მაღალ შეფასებას ვიღებ. თუმცა ზიანი მოგვადგა იმის გამო, რომ გავაძევეთ ადამიანებიც, რომლებსაც კარგი სამუშაო ადგილები ჰქონდათ და მხოლოდ ერთი დარღვევა ჩაიდინეს - ქვეყანაში უკანონოდ შემოვიდნენ. ვფიქრობ, ეს ძალიან ხისტი იყო“.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ “სიამოვნებით გააკეთებდა რამეს იმიგრაციის საკითხზე“ კონგრესმენ დემოკრატებთან ერთად, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ “60 Minutes“-თან ინტერვიუში ტრამპი აცხადებდა, რომ მისი ადმინისტრაციის საიმიგრაციო რეიდები “შორს არ წასულა“.

კვირას ტრამპის მიერ გაკეთებული შემრიგებლური განცხადებები მკვეთრად განსხვავდებოდა იმ პოზიციისგან, რაც თეთრმა სახლმა იმავე დღეს უფრო ადრე BBC-ის მიაწოდა. თეთრი სახლის სპიკერმა პირობა დადო, რომ “ადმინისტრაცია არ შეანელებს ძალისხმევას იმ კრიმინალი უკანონო მიგრანტების დაპატიმრებისა და დეპორტაციისა, რომლებიც ჩვენს თემებს ტერორში ამყოფებენ“.

ცვლილების ნიშნები არც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS) გამოუხატავს.

“საიმიგრაციო და საბაჟო დაცვის სამსახური (ICE) უკან არ იხევს და მუშაობას არ ანელებს“, - განუცხადა DHS-ის წარმომადგენელმა BBC-ს.

  • პროტესტის ტალღა, ჯეი დი ვენსის ინიციატივა და სტეფან მილერის დაწინაურება

სამშაბათის საარჩევნო მარცხის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მზადყოფნა გამოთქვა საიმიგრაციო სტრატეგიის კორექტირებისთვის.

“ღია ვარ იმ იდეისთვის, რომ აღსრულების მეთოდები შევცვალოთ. მაგალითად, მეტი ყურადღება გავამახვილოთ იმ ბიზნესებზე, რომლებიც უკანონო სამუშაო ძალას ასაქმებენ“, - დაწერა ვენსმა ვრცელ ონლაინ პოსტში, სადაც არჩევნების შედეგებს აფასებდა.

თუმცა, პარასკევს ტრამპის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის ხისტი კურსის მომხრის, სტეფან მილერის თეთრი სახლის აპარატის უფროსად დაწინაურება იმაზე მიუთითებს, რომ ადმინისტრაცია პოზიციების დათმობას არ აპირებს. მილერი წლების განმატებაში ტრამპის ახლო მრჩეველი იყო და იგი ფართოდ მოიაზრება ტრამპის პირველი და მეორე პრეზიდენტობის პერიოდში მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის არქიტექტორად.

ICE-ის წყაროებმა CBS-ს განუცხადეს, რომ ბოლო კვირებში ოფიციალურ პირებს დაევალათ დღეში დაახლოებით 2 700 უკანონო მიგრანტის დაკავება, რაც აღემატება მანამდე არსებულ 2 000-იან დღიურ მიზანს.

წელს განხორციელებულმა საიმიგრაციო რეიდებმა საპროტესტო აქციები გამოიწვია ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ჩიკაგო, მინეაპოლისი და ლოს-ანჯელესი. მინეაპოლისში საიმიგრაციო აგენტებმა ორ ამერიკელ მომიტინგეს, რენე გუდსა და ალექს პრეტის, სასიკვდილო ცეცხლსასროლი ჭრილობები მიაყენეს.

წყარო