ავტორი:

“ადამიანებო, საოცარი ძალა გვქონია! გაასმაგებული ძალებით გავაგრძელებ თქვენს მსახურებას“ - ექიმი მაია კოხტაშვილი მიმართვას ავრცელებს

“ადამიანებო, საოცარი ძალა გვქონია! გაასმაგებული ძალებით გავაგრძელებ თქვენს მსახურებას“ - ექიმი მაია კოხტაშვილი მიმართვას ავრცელებს

ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებული ექიმი მაია კოხტაშვილი მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

“სიტყვებს განსაკუთრებული ძალა აქვთ - ერთხელ რომ დაწერ, სამუდამოდ იწყებენ არსებობას. მინდა, რომ ჩემმა მადლობამაც სამუდამოდ იარსებოს, რადგან ჩემი ხალხის მიერ გაღებული სიყვარული აუწონელი და შეუფასებელია, რადგან უსასრულოა მათი სიკეთე და უსასრულოა ჩემი მადლიერებაც.

ჩემს თავს დატეხილ ამ საშინელებას, ამ მძიმე დღეებსა და დარდს მხოლოდ თქვენით გადავურჩი, მხოლოდ თქვენგან წამოსულმა საოცრად დადებითმა ენერგიამ შემაძლებინა წამოდგომა და ცხოვრების გაგრძელება.

მადლობა მთელ საქართველოს, ყველას - ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენგან გაღებული თითო სიტყვაც კი ჩემთვის ხელის გამოწვდენის ტოლფასი იყო. ადამიანებო, საოცარი ძალა გვქონია!!! ბოროტებას სწორედ ასე ერთად შეკრულები თუ დავამარცხებთ!

გაასმაგებული ძალებით გავაგრძელებ თქვენს მსახურებას, რადგან მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ვალის დაბრუნება იქნება - მათთვის ვინც საქმით, სიტყვით, ჩახუტებითა და უბრალოდ მოკითხვით მხარი შემაშველა ამ რთულ გზაზე, მათთვის, რომლებმაც საკუთარი თავის რწმენა ისევ დამიბრუნეს, სასოწარკვეთაში არ დამტოვეს და მზის სხივებად შემოიჭრნენ ჩემთვის შექმნილ უკუნში.

მადლობა ხალხო, თქვენ რომ არა, თქვენი მაია ექიმი მარტო ვერ გაუმკლავდებოდა ამხელა ბოროტებას და დანებდებოდა.

მადლობა, რომ არა მხოლოდ მე, არამედ მთელ საქართველოს იმედი და სიხარულის განცდა დაუბრუნეთ!“ - წერს ექიმი.

  • ექიმი მაია კოხტაშვილი თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების თანახმად, ექიმს 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სწორედ აღნიშნული ოდენობის გირაოს სანაცვლოდ იყო ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებული.მაია კოხტაშვილს გირაოს თანხა სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიის მეშვეობით მოქალაქეებმა შეუგროვეს.

მაია კოხტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. მას ედავებოდნენ, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.