ავტორი:

მორიგი სამმხრივი რაუნდი აბუ-დაბიში - ვინ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან დახურულ კარს მიღმა?

მორიგი სამმხრივი რაუნდი აბუ-დაბიში - ვინ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან დახურულ კარს მიღმა?

აბუ-დაბი გლობალური დიპლომატიის ცენტრშია - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მაღალი რანგის დელეგაციები სამმხრივი ფარული მოლაპარაკებებისთვის შეიკრიბნენ. 10-11 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრებზე მთავარი განხილვის თემა ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული საკითხები იქნება, რის შემდეგაც ამერიკელი დიპლომატები, შესაძლოა, უშუალოდ მოსკოვს ეწვიონ.

მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს.

  • რუსეთის დელეგაცია სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში უკვე ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, მოლაპარაკებების მთავარი თემა უსაფრთხოების გარანტიების საკითხი იქნება.

რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს მედინსკისთან ერთად რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი, ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იური ჟიგარლოვსკი.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვია. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, საპარლამენტო ფრაქცია "ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კისლიცა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი.

  • რაც შეეხება აშშ-ის დელეგაციას. აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს, ტრადიციულად, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგნენ.

შესაძლოა, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთში ჩავიდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ შესაძლებელია, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, აბუ-დაბიში დაგეგმილი ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვში ჩავიდნენ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

ასევე, ოფიციალური პირის თქმით, უკრაინა და რუსეთი ტერიტორიების შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით დახურულ კარს მიღმა გარკვეულ მოქნილობას იჩენენ.

"ნებისმიერი სახის ტერიტორიული შეთანხმების მიღწევა, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების ბოლოს მოხდება, როდესაც სხვა საკითხებზე შეთანხმება მიიღწევა, მათ შორის ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ“, - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მისი განცხადებით, აბუ-დაბიში, 10-11 ნოემბერს დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი იქნება, მათ შორის, უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები.

ოფიციალური პირის განცხადებით, ამერიკული მხარე ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა შესაძლებელია.

"ვფიქრობ, პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსულ მხარეს [ომის] დასრულების რეალურ სურვილს ვხედავთ“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სამმხრივი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

"პრესას არ დაუშვებენ“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.