ავტორი:

"არ გამოვრიცხავ, დემოკრატიულ უკუსვლას და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას, რაც ჩვენთანაა, მეტი ყურადღება დაეთმოს" - რა შეიძლება შეცვალოს აშშ-საქართველოს ურთიერთობაში დემოკრატების გამარჯვებამ?

"არ გამოვრიცხავ, დემოკრატიულ უკუსვლას და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას, რაც ჩვენთანაა, მეტი ყურადღება დაეთმოს" - რა შეიძლება შეცვალოს აშშ-საქართველოს ურთიერთობაში დემოკრატების გამარჯვებამ?

წინასწარი კვლევები მიუთითებდა, რომ რესპუბლიკურ პარტიას 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ძალიან გაუჭირდებოდა და მარცხის ნიშნებიც იკვეთებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, დემოკრატებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ის, რომ რესპუბლიკელებმა წააგეს ისეთი შტატებიც კი, რომლებიც წლების განმავლობაში მათ ტრადიციულ საყრდენად, ე.წ. წითელ შტატებად მიიჩნეოდა. რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა: რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთან მიმართებით? აქამდე ვხედავდით, რომ ტრამპს არ აინტერესებდა საქართველო - ელჩიც კი არ დაუნიშნავს ამდენი ხნის განმავლობაში. მეორე მხრივ, ვიცით დემოკრატების მკაფიო დამოკიდებულება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ. მოსალოდნელია თუ არა რაიმე ცვლილება ამ არჩევნების შემდეგ? - ამ საკითხზე ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი გაზეთ კვირის პალიტრასთან ვრცელ ინტერვიუში საუბრობს:

- კარგად გვახსოვს, როგორი ილუზიები და იმედი ჰქონდა "ქართულ ოცნებას" ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, ყაველაშვილი მის ზარს, ალბათ, დღესაც ელის... საზოგადოებას აჯერებდნენ, რომ ურთიერთობები ხან იანვარში, ხან მაისში დალაგდებოდა, თუმცა რეალურად არაფერი შეცვლილა. რატომ? იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" აირჩია ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღება და ანტიდასავლური რიტორიკის გაღრმავება. ამ პირობებში, ვინც არ უნდა იყოს თეთრ სახლში, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში არანაირი პოზიტიური ცვლილება არ არის მოსალოდნელი, ვიდრე თვითონ "ქართული ოცნება" არ მოეგება გონს. რაც შეეხება დემოკრატებს, მათთვის ფუნდამენტურია ადამიანის უფლებები და პრიორიტეტულია გლობალური დემოკრატიული დღის წესრიგი. შესაბამისად, კანონზომიერია, რომ წნეხი "ქართულ ოცნებაზე" გაცილებით გაიზრდება.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია საკადრო ფაქტორიც: "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა მთავარმა კრიტიკოსმა, ჯო უილსონმა შეინარჩუნა საკუთარი პოზიცია კონგრესში, ხოლო დემოკრატების მხარეს - ჯინ შაჰინმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, მიიღო გადაწყვეტილება, რომ კენჭი აღარ ეყარა. შესაბამისად, დემოკრატებს მოუწევთ ახალი სახეების წინა პლანზე წამოწევა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ახალი პოლიტიკოსებისთვის საქართველოს საკითხი - ის დემოკრატიული უკუსვლა და ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია, რაც ჩვენთან ხდება, განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდეს.

დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე რუსეთის ფედერაციის სერიოზული წნეხი სრულიად აშკარაა. დაწყებულია ფაქტობრივი ანექსიური პროცესები ცხინვალის რეგიონში, ასევე ვიხილეთ ქართული კომპანიების დასანქცირება. ეს ყველაფერი ადასტურებს უმარტივეს ჭეშმარიტებას: რაც უფრო მეტს დაუთმობს ქართული სახელმწიფო რუსეთს, მით უფრო გაიზრდება კრემლის მადა.

რაც უფრო ღრმად გავებმებით რუსულ ხაფანგებში - იქნება ეს "ნეიტრალიტეტი", "გეორგიევსკის ტრაქტატი 2" თუ "რუსული კონფედერაციის" იდეა, მით უფრო მეტი ეროვნული ინტერესის დათმობა მოუწევს საქართველოს, რადგან რუსეთის ფედერაციის ერთადერთი და საბოლოო მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებაა. მათ არ აინტერესებთ არც დათმობები და არც დიპლომატია.

ამ ხნის განმავლობაში "ქართული ოცნება" ან მიამიტურ შეცდომებს უშვებდა (როდესაც ჰქონდათ ილუზია, რომ რუსეთთან ურთიერთობას "დაალაგებდნენ"), ან მოქმედებდა მიზანმიმართული მავნებლობით. ამაზე საბოლოო დასკვნა ქართველმა საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს, თუმცა ორივე შემთხვევაში ფაქტია: "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა იყო სრულიად არაადეკვატური, ყველა გათვლა აღმოჩნდა მცდარი, ხოლო ამ შეცდომების საფასურს დღეს ქართველი საზოგადოება იხდის.

- ევროკომისიის ანგარიშს გაეცნობოდით...

- ევროკავშირის პოზიცია საქართველოს შესახებ არის უაღრესად თანმიმდევრული, მკაფიო და უცვლელი. მათ მოგვანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, გაფორმებულია მთელი რიგი შეთანხმებები, რომლებიც უდიდესი სიკეთის მომტანია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ მოცემულობაში სწორედ "ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მმართველი პარტია ცდილობს შეაცდინოს საზოგადოება, თითქოს პასუხისმგებლობა ევროკავშირს ეკისრება. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბრალეულობა ამაში ნულოვანია - პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება "ქართულ ოცნებას", რომელმაც მიიღო რუსული კანონი, მიაყოლა ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო პაკეტები და რომლის მაღალჩინოსნებიც აგრძელებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას. ევროკავშირი პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებას და მაქსიმალურად ცდილობს არ გავრცელდეს სასანქციო რეჟიმი რიგით მოქალაქეებზე, რომელთაც სურთ ევროპასთან ინტეგრირება. თუმცა გვყავს ხელისუფლება, რომელიც ბრიუსელშიც კი ჩადის ანტიდასავლური ნარატივების გასავრცელებლად.

- გულისხმობთ ირაკლი კობახიძის გამოსვლას "Euronews"-ის ფორუმზე?

- დიახ, ის შეეცადა ანტიდასავლური რიტორიკის ტირაჟირებას. როგორც ჩანს, ეგონათ, ბრიუსელშიც ისეთივე უპირობო, არაკრიტიკული გარემო დახვდებოდათ, როგორიც ადგილობრივ პროპაგანდისტულ მედიაშია. თუმცა დახვდათ მომზადებული ჟურნალისტი, რომელმაც საზოგადოებას თვალნათლივ აჩვენა საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატურობა. როდესაც კობახიძეს ან ხელისუფლებას საქართველოში უსვამენ კრიტიკულ კითხვას, ისინი პასუხის ნაცვლად თავდასხმასა და შეურაცხყოფაზე გადადიან. ბრიუსელში კი, სადაც კობახიძეს არ ჰქონდა აგრესიული შეტევის საშუალება, ის სრულიად უარგუმენტო და უმწეო ჩანდა. ამანაც აჩვენა, რომ მათი "ძალაუფლების მითი" აგებულია მხოლოდ ძალისმიერ მეთოდებზე, ცივილიზებულ დისკუსიაში მათ არ გააჩნიათ არც არგუმენტები, არც ზრდილობა და არც სათანადო ინტელექტუალური რესურსი.