ამჟამად ორ თეატრში და თერთმეტ სპექტაკლშია დაკავებული. მალე "თეატრი სახელოსნო 42“-ში პრემიერა ექნება და წლის ბოლომდე თორმეტ მოქმედ სპექტაკლში ითამაშებს. ამბობს, რომ სეზონის ბოლომდე სხვა სპექტაკლზე მუშაობაც იგეგმება, თუმცა ამაზე წინასწარ საუბრისგან თავს იკავებს. ვსაუბრობთ მრავალმხრივ ნიჭიერ და შემოქმედებითად აქტიურ მსახიობ ანკა ვასაძეზე. ის ახლა ambebi.ge-ს სტუმარია და გულწრფელად პასუხობს ჩვენს შეკითხვებს.
- ანკა, როდის მიხვდით, რომ სცენაზე იყო თქვენი ადგილი? რა გრძნობაა, როცა დარბაზში შუქი ქრება და სპექტაკლი იწყება?
- არ მახსოვს კონკრეტული მომენტი, როცა მივხვდი, რომ სცენა ჩემი ადგილი იყო. ალბათ ეს უფრო ხანგრძლივი და ბუნებრივი პროცესია. რაც შეეხება სპექტაკლის დაწყებას, პრემიერის წინ განსაკუთრებით ვღელავთ. არის სპექტაკლები, რომლებზეც წლების შემდეგაც არ გეკარგება მღელვარება. თუმცა ნერვიულობა ყოველთვის სევდიან ან ჩაფიქრებულ გამომეტყველებაში არ გამოიხატება - ზოგჯერ პირიქით, აჟიტირებული ხარ, საგრიმიოროში თითქოს ენერგიას აგროვებ...

თეატრი ცოცხალი ორგანიზმია და ყოველი დღე განსხვავებულია. მაგრამ არსებობს ერთი წამი, რომელიც თითქმის ყველა სპექტაკლში მეორდება: დაწყებამდე სუნთქვა გიჩერდება, გულისცემას მკაფიოდ გრძნობ. ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა სიბნელეში ზუსტად განსაზღვრულ ადგილას, კონკრეტულ მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდე პატარა ბავშვივით გეშინია. განათების ჩართვიდან ორ-სამ წამში კი ყველაფერი მშვიდდება. თითქოს სხვა რეალობაში გადადიხარ.
- როგორ პოულობთ საერთო ენას თქვენ გმირებთან მაშინაც კი, როდესაც პერსონაჟი თქვენთვის მიუღებელია?
- პარადოქსულია, მაგრამ მსახიობებს ანტაგონისტებისა და ანტიგმირების თამაში ხშირად განსაკუთრებით გვიყვარს. ადამიანებს საკუთარ თავზე, როგორც წესი, არც ისე კრიტიკული წარმოდგენა აქვთ, ამიტომ განსხვავებული ბუნების პერსონაჟის მორგება საინტერესო გამოცდილებაა.
ნებისმიერ ნიჭიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის თამაში, ამისთვის დიდი სამსახიობო განათლება სულაც არ არის აუცილებელი. გაცილებით რთულია, გაამართლო, შეიყვარო და მაყურებლამდე მიიტანო ე.წ. ბოროტი პერსონაჟის ტკივილი.

- რა როლი აღმოჩნდა თქვენთვის თეატრში ყველაზე დიდი გამოწვევა და რატომ?
- თითქმის ყველა მნიშვნელოვან როლს თავისი გამოწვევა ახლდა. პირველი მთავარი როლი ისააკ ბაშევის ზინგერის "ტოიბელე და მისი დემონი“ იყო.
"უსახელო ვარსკვლავში“ უცხო ენაზე თამაში, თანაც ორმოქმედებიან სპექტაკლში, განსაკუთრებული მღელვარებით მახსოვს. სპექტაკლი უკვე დაწყებული იყო და ჩემს გამოსვლამდე ვფიქრობდი, რომ კოსტიუმითვე გავიქცეოდი, უბრალოდ, გაქცევა და უკან დაბრუნება აღარ მინდოდა.
"ჰამლეტში“ ოფელიას თამაში თავისთავად დიდი გამოწვევაა, დიდი გარდატეხა მოახდინა და ძალიან მიყვარს ეს როლი.
"ფრეკენ ჟული“ დღემდე მაღელვებს, ალბათ პერსონაჟის სირთულის გამო. "კარმენი“ კი სრულიად განსხვავებული შემთხვევაა - რთული ქორეოგრაფია, თამაში და ამ ყველაფერთან ერთად, დიდი ფიზიკური დატვირთვა.
- როგორ ემზადებით ახალი როლისთვის - არსებობს რამე რიტუალი, რომელიც სპექტაკლის წინ გეხმარებათ?
- ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ ყველა სპექტაკლს რაიმე განსაკუთრებული რიტუალით ვიწყებ. ზოგიერთ სპექტაკლს თავისი პატარა თილისმა აქვს, მაგრამ არ მიყვარს, ასეთ რამეებზე იმედს რომ ვამყარებ.
ახალ სპექტაკლზე მუშაობა დიდი სიხარულია, თუმცა თავიდან ყოველთვის სრული ბურუსია. ჯერ არაფერი იცი - როგორ უნდა ითამაშო, რა მიმართულებით წახვალ, რამდენ ხანს გაგრძელდება ძიება. ყოფილა შემთხვევა, როცა პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე ყველაფერი შეგვიცვლია, მათ შორის, ისიც, რაც თავიდან გვეგონა, რომ უკვე ნაპოვნი გვქონდა. ალბათ სწორედ ეს არის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარე.

- დიდი მსახიობების შთამომავლი ხართ. მოგვიყევით მათზე... ალბათ გარკვეულ სულიერ კავშირს გრძნობთ კიდეც?
- აკაკი ვასაძეს ნამდვილად არ მოვსწრებივარ, თუმცა მარინა თბილელი რომ გარდაიცვალა, ცხრა წლის ვიყავი და ის კარგად მახსოვს. ბავშვობიდან მამსგავსებდნენ და ეს მარინასაც ძალიან უხაროდა. უკვე ავად იყო და ის ენერგია და ხასიათი აღარ ჰქონდა, რომლითაც მაყურებელი იცნობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისმა მეუღლემ, კაკო დვალიშვილმა, ბევრი რამ მიამბო მასზე და ქართულ თეატრზე.
ემოციურ კავშირზე საუბარი შეიძლება ცოტა პათეტიკურად ჟღერდეს, თუმცა მათი სახელი მთელი ცხოვრება თან მდევს. თითქმის ყველა ოჯახში, სადაც მივდიოდი, ამ წარმომავლობას აღნიშნავდნენ. ეს ერთდროულად სიხარულსაც იწვევდა და გარკვეულ უხერხულობასაც. მით უმეტეს, რომ საბოლოოდ თავადაც იგივე პროფესია ავირჩიე და მათზე ბევრი მიფიქრია.
- ემოციურად რას ნიშნავს, როცა ასეთი ადამიანების მემკვიდრე ხართ? საშუალება რომ გქონდეთ, რა კითხვას დაუსვამდით მათ, რაზე ისურვებდით მათთან საუბარს?
- მათი სახელის გამო ყოველთვის განსაკუთრებული კეთილგანწყობით მხვდებიან და ამისთვის მადლიერი ვარ. თუმცა, როგორც აღვნიშნე, გარკვეულ უხერხულობასაც ვგრძნობდი - თითქოს გამადიდებელი შუშის ქვეშ იყავი. პროფესიაში მოლოდინიც მაღალი იყო და ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა.
დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი მათთან, მოვისმენდი პირადად მათგან სამსახიობო გამოცდილებასა და ისტორიებს. აკაკი ვასაძის "მოგონებები და ფიქრები“ პირველად ბავშვობაში წავიკითხე, როცა ყველაფერს ბოლომდე ვერ ვიაზრებდი. მოგვიანებით, უკვე გააზრებულად დავუბრუნდი და მივხვდი, რომ ეს წიგნი მხოლოდ ქართული თეატრის ისტორია არ არის - პროფესიის ერთგვარი სახელმძღვანელოცაა. იქ ჩანს, როგორ მუშაობდა აკაკი როლზე და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა თეატრისადმი.
რა თქმა უნდა, კითხვებიც მექნებოდა, რომლებსაც მხოლოდ პროფესიული ხასიათი არ ექნებოდა,ზოგს შვილიშვილი დაუსვამდა წინაპარს, ზოგს კი მსახიობი დიდ მსახიობს.
- მსახიობი ბაია დვალიშვილი თქვენი როგორი ნათესავია და პროფესილი მხარდაჭერა მიგიღიათ თუ არა მისგან?
- ბაია ბაბუაჩემის დაა. მისგან პროფესიული და მეგობრული მხარდაჭერა ყოველთვის მქონდა. თუ რაიმე პროექტზე ან როლზე რჩევა მჭირდება, პირველ რიგში მას მივმართავ. განსაკუთრებით მაშინ, როცა წინასწარ რთულია განსაზღვრო, რა გადაწყვეტილება იქნება სწორი, რადგან მსგავსი გამოცდილება ჯერ არ გაქვს. ბაია თავისი ნიჭით, ფასეულობებით და განსაკუთრებული თვისებებით ყოველთვის ზუსტ და სწორ რჩევას მაძლევს.
- თქვენზე ბევრს უთქვამს - ანკა ვასაძე ნიჭიერი მსახიობია... რეჟისორები გწყალობენ?
- მგონია, რომ რეჟისორებს დისკომფორტს არ ვუქმნი. მე ასე ვფიქრობ. მადლობელი ვარ, რომ სამუშაო მაქვს და ალბათ, მწყალობენ კიდეც. თუმცა მიმაჩნია, რომ პროფესიულ ურთიერთობაში მხოლოდ კეთილგანწყობა არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რამდენად შეგიძლია რეჟისორის ნდობის გამართლება. მადლობელი ვარ და ალბათ მმადლობენ კიდეც.
- გენეტიკამ განსაზღვრა თქვენი მსახიობობა?
- ამ კითხვას ხშირად მისვამენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ ვიცი, სად გადის ზღვარი გენეტიკურ მემკვიდრეობასა და პირად არჩევანს შორის. ბუნებრივია, ასეთი ოჯახური გარემო გავლენას მოახდენდა ჩემს პროფესიულ ინტერესებზე, თუმცა მსახიობობა უფრო შინაგან მოთხოვნილებად მიმაჩნია. ამას ისიც მიმყარებს, რომ დღემდე ერთხელაც არ მიფიქრია პროფესიის შეცვლაზე ან იმაზე, სწორად ავირჩიე თუ არა ჩემი გზა.
- ვინ არის პროფესიაში თქვენი მთავარი კრიტიკოსი?
- ოჯახში მაკა ვასაძე მყავს - მამიდა, თეატრის კრიტიკოსი. ოჯახის წევრები, ზოგადად, შეფასებისას გულწრფელები არიან, თუმცა ჩემი ქმრის აზრი განსაკუთრებით მაინტერესებს. ის ამ პროფესიის წარმომადგენელი არ არის და სწორედ ამიტომ აქვს ჩემთვის საინტერესო, მაყურებლის დამოუკიდებელი ხედვა. ხშირად ძალიან ზუსტ შეფასებებს აკეთებს.
- რა რჩევას მისცემდით ანკას, ახლა რომ იწყებდეს სამსახიობო გზას?
- ვეტყოდი, რომ უფრო გაბედული იყოს. ალბათ, ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ვფიქრობდი და საკუთარ თავსაც მეტ შეზღუდვას ვუწესებდი. დღეს ვურჩევდი, უფრო თამამად ეცადა ის, რისი გაკეთებაც უნდოდა და გაებედა ის, რაც ვერ გაბედა.
- მარჯანიშვილის თეატრი რას ნიშნავს თქვენთვის?
- მარჯანიშვილის თეატრში პირველად მეორე კურსზე ვითამაშე. შემდეგ, მესამე კურსზე, ლევან წულაძემ დამაკავა და თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შტატშიც ამიყვანეს. დაახლოებით 27 როლი მაქვს შესრულებული და ბუნებრივია, ამ თეატრთან ძალიან ძლიერი ემოციური კავშირი მაკავშირებს. ჩემი, როგორც მსახიობის, ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ მარჯანიშვილში გავატარე.
არ მოვყვები იმას, რაც მარჯანიშვილის თეატრზე ისედაც ყველამ იცის. უბრალოდ, ძალიან მიყვარს იქ თამაში და განსაკუთრებით ერთი საგრიმიორო. რეპეტიციების დროს ნათია გუბენკომ სწორედ იქ დამსვა და მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ იმავე ადგილას მანამდე ბაია იჯდა, მასზე ადრე კი - მარინა. ასეთი პატარა დამთხვევები თეატრში განსაკუთრებულად ძვირფასია.

- "თეატრი-სახელოსნო 42“-ის შეყვარება უკვე მოასწარით? რა ადგილი დაიკავა მან თქვენს ცხოვრებაში?
- პირველად იქ რემონტის დროს მოვხვდი. თბილისის მოდის კვირეულზე გამოვდიოდი და მაშინ, მგონი, City Factory-ც კი არ ერქვა. თეატრის ტერიტორიაზე გადავედი და სცენის მხოლოდ ფიცარნაგი იყო დაგებული. მაშინ ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდი, როგორი სივრცე შეიქმნებოდა.
შემდეგ, გახსნამდე, რემონტის პარალელურად დავიწყეთ რეპეტიციები და პირველივე სეზონზე ხუთ სპექტაკლში ვითამაშე. ეს სრულიად განსხვავებული, თანამედროვე და არასტანდარტული სივრცეა. რაც შეეხება შეყვარებას - თავიდანვე შემიყვარდა, დრო საერთოდ არ დამჭირვებია.
- რას გვეტყვით რეჟისორ ლევან წულაძეზე? როგორია მასთან მუშაობა? მკაცრია?
- მგონი, ყველამ იცის, როგორია ლევან წულაძე. რომ გითხრათ, ძალიან მძიმე და მკაცრია, დამიჯერებთ? სინამდვილეში პირიქით - რთულად სათამაშო ეპიზოდსაც ისე მსუბუქად გაწვდის, რომ თავიდანვე გიჩნდება განცდა, შეძლებ მის შესრულებას.
სწრაფი რეჟისორია და სჭირდება სხარტი მსახიობი, რომელსაც თანამედროვე ტემპით მუშაობა შეუძლია. პრემიერის წინ ყვირილი, მგონი, ყველა რეჟისორს ეპატიება და მსახიობებიც არ ვბრაზდებით. განსაკუთრებით მიყვარს, როცა ამბავს გვიყვება ან რაიმე ფილოსოფიურ საკითხს წამოჭრის, რაზეც შემდეგ ვმსჯელობთ. ასეთი საუბრები ჩემთვის მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
- გაგვაცანით პირადი ოჯახი - მეუღლე, შვილები... ალბათ დიდი მხარდაჭერა გაქვთ მათგან. ასეა?
- ჩემი მეუღლე ხელოვნების სფეროში არ არის და საჯაროობა არ სურს. მესმის და პატივს ვცემ მის სურვილს. უფროსი შვილიც უკვე დიდი ბიჭია, არც ის მაძლევს უფლებას, მისი ფოტოები გამოვაქვეყნო. პატარა გოგონას ჯერ ამ მხრივ პრობლემა არ აქვს და თეატრშიც ხშირად დამყავს სპექტაკლებზე.
ჩემი ოჯახი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მათი პირადი სივრცის დაცვა ჩემთვის აუცილებელია.
- რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი?
- ბოლო ორი წელია ყველაზე მეტად პოლიტიკური მდგომარეობა მაწუხებს - განსაკუთრებით ის უსამართლობა, რომელიც თითქოს საზოგადოებისთვის თანდათან ჩვეულებრივ ამბად იქცა და ისე აღარ გვაღელვებს, როგორც უნდა გვაღელვებდეს.
რაც შეეხება ჩემს პირად, პროფესიულ სურვილს, ძალიან მინდა, საკუთარი შესაძლებლობები მრავალფეროვან ჟანრებსა და ფორმებში გამოვცადო. მსახიობები, ალბათ, ცოტა გაუმაძღარი ადამიანები ვართ - ყოველთვის გვინდა ახალი გამოცდილება, განსხვავებული სათქმელი, სხვა სტილი და ახალი გამოწვევები.
მინდა ვითამაშო ისეთი სპექტაკლები, რომლებიც ერთდროულად დიდ სიამოვნებასაც მომანიჭებს და პროფესიულადაც გამომცდის. მინდა, წლების შემდეგ უკან რომ მოვიხედავ, არ ვინანო ის, რაც ვერ გავბედე, და მადლიერი ვიყო იმ ყველაფრისთვის, რაც შევძელი.