ავტორი:

საფრანგეთი სუპერმარკეტების მაცივრებზე კიბერთავდასხმებში ირანს ადანაშაულებს

საფრანგეთი სუპერმარკეტების მაცივრებზე კიბერთავდასხმებში ირანს ადანაშაულებს

საფრანგეთმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დაადანაშაულა იმ კიბერშეტევების ორგანიზებაში, რომლის შედეგადაც გასულ თვეში ქვეყნის მასშტაბით სუპერმარკეტებში არსებულ მაცივრებსა და საყინულეებში ტემპერატურამ მოიმატა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ეს თავდასხმა "უპრეცედენტო იყო როგორც მასშტაბით, ისე აგრესიის დონით“ და დასძინა, რომ პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციები დაწესდება.

"დღეს, სამთავრობო უწყებების მუშაობის წყალობით, ვიცით, ვინ არის პასუხისმგებელი: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი. ეს არის პირველი მასშტაბური კიბერთავდასხმა, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე დივერსიის მიზნით განხორციელდა; ეს წარმოადგენს სერიოზულ დარტყმას ქვეყნის ინტერესებსა და ფრანგი ხალხის უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა

მისი თქმით, საფრანგეთის მთავრობამ ირანის ელჩი დაიბარა, რათა "ამ უკიდურესად მძიმე ქმედების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატოს“.

  • ჟან-ნოელ ბარომ ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი მიმართავს ყველა სხვა საჭირო და პროპორციულ ზომას ინციდენტზე რეაგირებისთვის და შექმნის შემაკავებელ ბარიერს ნებისმიერი პირისთვის, ვინც შესაძლოა მისი გამეორება სცადოს.

პარიზის პროკურორმა განაცხადა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული კიბერდანაყოფის ხელმძღვანელისა და მისი ორი მოადგილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის, 11 ოქტომბერს ჰაკერებმა კონტროლი მოიპოვეს იმ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც საფრანგეთის მრავალ სუპერმარკეტში არსებული სამაცივრე დანადგარების ტემპერატურას არეგულირებს. თავდასხმა შეეხო Coopérative U-ს 100-ზე მეტ სუპერმარკეტს, ასევე Intermarché-სა და მისი ბრენდის - Netto-ს 180 მაღაზიას. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ მაღაზიაში ღამის განმავლობაში მაცივრებში ტემპერატურა 50°C-მდე გაიზარდა. თავდასხმის სამიზნე გახდნენ სხვა მსხვილი სურსათის სავაჭრო ქსელებიც, მათ შორის -Carrefour-ი, Monoprix-ი და E.Leclerc-ი.

ამასთან, მიმდინარე თვის დასაწყისში ჰაკერული თავდასხმების მეორე ტალღა განხორციელდა, რომელმაც ევროპის მასშტაბით 100-ზე მეტი მაღაზია მოიცვა. დაზარალდნენ სუპერმარკეტები ბელგიასა და ლუქსემბურგში, ხოლო შედარებით ნაკლები რაოდენობის მაღაზიები დაზარალდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ესტონეთი და ფინეთი.