ბრიტანელი პროდიუსერი და სცენარისტი, რასელ ბრენდის ყოფილი პარტნიორი, ჯემიმა გოლდსმიტი მსახიობის მხრიდან ძალადობის შესახებ პირველად საჯაროდ ალაპარაკდა.

"აღფრთოვანებული ვარ იმ მამაცი ქალებით, რომლებიც სასამართლო პროცესზე გამოვიდნენ, თავიანთ ისტორიებს მოყვნენ, ჩვენება მისცეს და სამართლიანობის აღდგენას შეუწყვეს ხელი“, - დაწერა მან.

მისივე თქმით, მაშინ გადაწყვიტა, ბრენდის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა არ დაეწყო და მომხდარის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა. ამის მიზეზად მან შვილების დაცვა დაასახელა - გოლდსმიტს ეშინოდა, რომ პრესის ყურადღება მის იმდროინდელ მოზარდ შვილებზე უარყოფითად იმოქმედებდა.

პროდიუსერმა ისიც გაამხილა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ეხმარებოდა ჟურნალისტებს, რომლებიც ბრენდის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებებს იძიებდნენ. 2023 წელს გამოცემა The Sunday Times-ის, The Times-ისა და Channel 4-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მსახიობის წინააღმდეგ რამდენიმე ქალის ბრალდება გასაჯაროვდა.
შეგახსენებთ, ჯემიმა გოლდსმიტი და რასელ ბრენდი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, 2013-2014 წლებში ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათი ურთიერთობა 2014 წლის სექტემბერში დასრულდა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, 51 წლის რასელ ბრენდი გასულ კვირას ლონდონის სასამართლომ დამნაშავედ ცნო გაუპატიურების ერთ და სექსუალური ძალადობის სამ ეპიზოდში. საქმე ოთხ ქალს ეხებოდა, შემთხვევები კი 2004-2009 წლებში მოხდა.
9 ნოემბერს სასამართლომ მსახიობს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრენდი ბრალდებებს უარყოფდა და სასამართლო პროცესზე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.