პაკისტანში 41 წლის ტელეწამყვანი რაბია აჰსანი საკუთარ სახლში მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ქმარმა, აჰსან თაჰირმა ესროლა. შემთხვევა კვირას, რავალპინდიში მოხდა - რამდენიმე საათით ადრე აჰსანს YouTube-არხზე აშშ-ის შუალედური არჩევნების შესახებ ვიდეო ჰქონდა გამოქვეყნებული.


რაბია აჰსანსა და მის ქმარს ორი შვილი ჰყავდათ. გავრცელებული ცნობებით, წყვილს ოჯახური კონფლიქტის ისტორია არ ჰქონია.
რავალპინდის პოლიციის წარმომადგენელმა, ჰასან მუშტაკ სუხერეამ, განაცხადა, რომ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდება. ტელეწამყვანის გარდაცვალებას პაკისტანის ოფიციალური პირებიც გამოეხმაურნენ.

"ასეთი შემთხვევები სერიოზულ ყურადღებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ქალებს უნდა შეეძლოთ ცხოვრება და მუშაობა შიშის გარეშე“, - განაცხადა პაკისტანის პირველმა ლედიმ, ასიფა ბჰუტო-ზარდარიმ.