საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზადყოფნა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული და ვიღაცა დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოგვიყენონ - ასე არ გამოვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
"ევროპა რატომ გვინდა?! მთავარი მიზანი იყო თავისუფლება. თუ იგივე მეთოდებით აგრძელებენ დავალებების მიცემას, რომელიც თავიდანვე იცი რომ დამაზიანებელია, პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ, იცავ შენი ქვეყნის ინტერესს, შენი ხალხი გადარდებს, რა თქმა უნდა, არ უნდა გადაგა ეს ნაბიჯი. მხედველობაში მაქვს მაგალითად, სანქციებზე მიერთება. ხომ ვიცით რომ ეს დამაზიანებელი იქნება ეკონომიკისთვის, უბრალო ადამიანისთვის?! ბევრი ასეთი საკითხია, იგივე კანონებთან დაკავშირებით. „გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით გვიკრძალავენ, გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, რომ ეს არ უნდა გააკეთოთ, რატომ მიიღეთ, შემდეგ კი იმავეს აკეთებენ. საზოგადოებას ძალიან მარტივად შეუძლია, გააკეთოს შეფასებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან მოდის,“ - განაცხადა კალაძემ.