ავტორი:

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა განახლდა

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა განახლდა

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა.

დეპუტატების სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ნაწილში დასრულდა, დღეიდან კი საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განმარტა, პირველი კითხვებს სასამართლო მოსარჩელეებთან, შემდეგ კი მოპასუხეებთან დასვამს.

სარჩელთან დაკავშირებული სხდომები მიმდინარე კვირაში 11, 12 და 13 ნოემბერსაცაა დაგეგმილი.

მოპასუხე მხარისგან გარდა ყალბი, იაფფასიანი პათეტიკური ნარატივისა და პოლიტიკური განცხადებებისა, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია სასამართლო პროცესისთვის, იყო გარკვეულწილად მუქარანარევი განცხადებები საკუთრივ სასამართლოს მისამართით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ჭეიშვილის თქმით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა კითხვებით გაგრძელდება, სადაც სასამართლოსა და მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა კითხვები დასვან, თუმცა, მისივე თქმით, გასულმა ორმა კვირამ აჩვენა, რომ „მოპასუხე მხარე მეათე ხარისხოვანი თემებითა და ყალბი ნარატივით ცდილობს გაექცეს მთავარ კითხვებსა და კონსტიტუციურ ბრალდებას“.

"მოპასუხე მხარისგან გარდა ყალბი, იაფფასიანი პათეტიკური ნარატივისა და პოლიტიკური განცხადებებისა, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია სასამართლო პროცესისთვის, იყო გარკვეულწილად მუქარანარევი განცხადებები საკუთრივ სასამართლოს მისამართით, რომელიც ერთი მხრივ, ცდილობდა იმას, რომ დაეშანტაჟებინა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სამომავლო გადაწყვეტილებებთან მიმართებით, მეორე მხრივ ეს შეიძლება შეფასდეს მათივე მხრიდან როგორც კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რასაც ჰქვია აბსოლუტური უპატივცემულობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

ზოგადად ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიც და მიმდინარე დავის ფარგლებში. ვინაიდან, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციური წესრიგისა და ინსტიტუტების პატივისცემა იმთავითვე, თუნდაც მაშინ, როდესაც ისინი თავად ბრძანდებოდნენ ხელისუფლებაში არაფრად მიაჩნდა და ეს იყო მათი ხელწერა“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

  • ვფიქრობ, რომ სარჩელზე გადაწყვეტილება უკვე დაწერილია - ეს სასამართლო გადმოწერს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს და სათაურის მაგივრად დააწერს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის სხდომაზე დასწრების მთავარი მიზანი ხელისუფლების რეალური გეგმების მხილება და საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლის ბერკეტების შენარჩუნებაა. ლემონჯავას განმარტებით, ისინი პროცესში მონაწილეობას მანამ გააგრძელებენ, სანამ სხდომა საჯარო იქნება.

"ვფიქრობ, რომ სარჩელზე გადაწყვეტილება უკვე დაწერილია. ეს სასამართლო გადმოწერს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, უბრალოდ სათაურს შეცვლის და სარჩელის მაგივრად დააწერს გადაწყვეტილებას. ოღონდ ჩვენი აქ ყოფნის ამოცანა არის, რომ ვამხილოთ რეჟიმი, რათა საქართველოს მოსახლეობამ სინამდვილეში დაინახოს, რა მიზნები აქვს ხელისუფლებას. ეს მიზნები არის როგორც დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მკვლელობა, ისე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე დარტყმა, იმიტომ რომ საქართველოს აბრალებს 2008 წლის ომის დაწყებას. მეორე, რატომაც ვართ აქ - საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლის ბერკეტები შევინარჩუნოთ. ბუნებრივია, რომ მანამ, სანამ სხდომა არის საჯარო, მასში მონაწილეობას გავაგრძელებთ“- აცხადებს ლემონჯავა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.