ავტორი:

"ჩერნობილის მსგავსი კატასტროფა გველოდება“ - ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი შემქმნელი მსოფლიოს ლიდერებს აფრთხილებს

"ჩერნობილის მსგავსი კატასტროფა გველოდება“ - ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი შემქმნელი მსოფლიოს ლიდერებს აფრთხილებს

ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ფიგურა, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯეფრი ჰინტონი, ვარაუდობს, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა ხელოვნურმა ინტელექტმა ისეთი მასშტაბის კიბერშეტევა განახორციელოს, რომელიც ჩერნობილის კატასტროფას შეადარებენ. მისი თქმით, AI-ს შეუძლია ენერგეტიკულ სისტემებში შეღწევა და ისეთი შეფერხების გამოწვევა, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდებასა და მსოფლიო ფინანსურ სისტემას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

The Guardian-თან ინტერვიუში ჰინტონმა განაცხადა, რომ კაცობრიობა შესაძლოა უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო, ხელოვნური ინტელექტი საერთოდ რომ არ შეექმნა.

მისი შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი ხელოვნური ინტელექტის სისტემების მიერ განხორციელებული ბოლო კიბერშეტევებია. მისი თქმით, ზოგიერთი AI-მოდელი დამოუკიდებლად ახერხებდა უსაფრთხოების შეზღუდვების გვერდის ავლას და სამთავრობო თუ კორპორაციულ სისტემებზე თავდასხმას ან მათ მუშაობაში ჩარევას.

  • ჰინტონის ვარაუდით, მხოლოდ დროის საკითხია, როდის გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად. მისი თქმით, მსგავსი შეტევა შესაძლოა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდეს, რომ ჩერნობილის კატასტროფის მსგავსი გამაფრთხილებელი ეფექტი ჰქონდეს.

"ან ამ წლის ბოლოს, ან მომდევნო წელს ჩერნობილის მსგავს შემთხვევას ვიხილავთ და შესაძლოა, ეს საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ადამიანებმა საფრთხეს ნამდვილად მიაქციონ ყურადღება“, - განუცხადა მან The Guardian-ს.

ჰინტონი არ გულისხმობს აუცილებლად ბირთვულ ავარიას. მისი წარმოდგენით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით განხორციელებულმა თავდასხმამ შესაძლოა ენერგიის გამომუშავების სისტემა დააზიანოს და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვიოს. ასეთმა შეფერხებამ კი შესაძლოა მსოფლიო ფინანსური სისტემა ან ელექტროქსელები ხანგრძლივი დროით პარალიზებული დატოვოს.

"წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა. ჩვენ შევძლებდით აღდგენას, მაგრამ ეს მათ აიძულებდა, ყურადღება მიექციათ“, - აღნიშნა ჰინტონმა. მისი თქმით, გულისხმობდა მსოფლიოს ლიდერებს, დონალდ ტრამპის გარდა.

  • ჰინტონი ხელოვნური ინტელექტის შესაძლო საფრთხეებზე დიდი ხანია საუბრობს. მიუხედავად ამისა, The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავს AI-ის კატასტროფული სცენარების უპირობო მორწმუნედ არ მიიჩნევს. მან არაერთხელ გააფრთხილა საზოგადოება, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ბევრი სამუშაო ადგილი ჩაანაცვლოს და მომავალში კაცობრიობის არსებობასაც შეუქმნას საფრთხე.

ბოლო პერიოდში მისი ყურადღება განსაკუთრებით კიბერშეტევებსა და საშიში ვირუსების შექმნის შესაძლებლობას მიიპყრო. ხელოვნური ინტელექტის სისტემების მიერ უსაფრთხოების შეზღუდვების გვერდის ავლის შემთხვევებმა ეს საფრთხეები კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

ხელოვნური ინტელექტის კომპანიების ხელმძღვანელებიც საუბრობენ ჩერნობილის მსგავსი კატასტროფის რისკზე, თუმცა მათი შეშფოთება სხვა საკითხსაც უკავშირდება: მსგავსი შემთხვევა შესაძლოა ტექნოლოგიის რეპუტაციას სამუდამოდ დაარტყას, ისევე როგორც ჩერნობილის ავარიამ ბირთვული ენერგიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შეცვალა.