რეალითი შოუს ვარსკვლავისა და მილიარდერ, კიმ კარდაშიანის კომპანია Skims-ი მომხმარებლებს $148-იან საახალწლო (“ადვენტის“) კალენდარში გადახდილ თანხას უბრუნებს. აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალურ ქსელებში აგორებული მკვეთრი კრიტიკისა და იუმორისტული ვიდეოების ტალღას მოჰყვა.
Skims-ის აქსესუარების საახალწლო კალენდარი მომხმარებლებს “12-დღიან მხიარულ სიურპრიზებს“ ჰპირდებოდა, თუმცა ინტერნეტში მისი შიგთავსი: თმის სამაგრები და გასაღების საკიდები, მასობრივად გააშარჟეს.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კალენდარში მოთავსებული ნივთები შეადარეს იმ საგნებს, რომლებიც “დივანის უკან შეიძლება იპოვო“.
TikTok-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ კალენდრის შიგთავსი ჰგავდა იმ ნივთებს, რომლებსაც “მისი კატა სახლში აგროვებს“. სხვა მომხმარებლის თქმით კი, ეს ყველაფერი წააგავდა “იმ საგნების ნაკრებს, რომლებიც კიმ კარდაშიანმა თავისი ლოგინის გვერდითა ტუმბოდან უბრალოდ გადმოყარა“.
TikTok-ის მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს ვიდეოებიც, სადაც თავიანთ დივნებს წმენდენ და ხუმრობენ, რომ შემთხვევით Skims-ის საახალწლო კალენდარი შექმნეს.

კრიტიკის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ $148-იანი ღირებულების კალენდარში ძირითადად თმის რეზინები და პლასტმასის მცირე აქსესუარები აღმოჩნდა:
Skims-ის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ “ზოგიერთი მომხმარებლისთვის კალენდარმა მოლოდინი ვერ გაამართლა“, რის გამოც კომპანია “პირადად დაუკავშირდა თითოეულ მყიდველს“. კომპანია მათ სთავაზობს თანხის სრულად დაბრუნებას ან ვაუჩერს (კრედიტს), რომლის გამოყენებაც Skims-ის სხვა პროდუქციაზეა შესაძლებელი.
Skims-ი 2019 წელს კიმ კარდაშიანმა თანადამფუძნებლებთან ერთად დააფუძნა. Forbes-ის ცნობით, სწორედ ამ ბრენდმა აქცია იგი მილიარდერად.
2025 წელს, ახალი ინვესტიციების მოზიდვის შემდეგ, Skims-ის საბაზრო ღირებულება $5 მილიარდად შეფასდა.