რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეროვნული სამსახურის (“როსპოტრებნადზორის“) ეპიდემიოლოგიის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყნის 27 რეგიონში აივ-ინფექციამ საყოველთაო ეპიდემიის მასშტაბებს მიაღწია.
ვირუსი აღარ იზღუდება მხოლოდ ტრადიციული რისკ-ჯგუფებით და მოსახლეობაში მასობრივად ვრცელდება, რის გამოც ათასობით ინფიცირებულმა საკუთარი სტატუსის შესახებ არც კი იცის.
აღნიშნულ 27 რეგიონში აივ-ინფექცია ორსულ ქალთა 1%-ზე მეტს აღენიშნება, ხოლო ყველაზე მძიმე ვითარება კემეროვოს, ირკუტსკისა და სვერდლოვსკის ოლქებშია დაფიქსირებული.
მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს რუსეთში აივ-ინფექციის 45 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (რაც 2024 წელთან შედარებით 13.4%-ით ნაკლებია), გასულ წელს სამედიცინო დაწესებულებებში აივ-ითა და ჰეპატიტით პაციენტების მასობრივი დაინფიცირების 15-წლიანი ანტირეკორდი დამყარდა.
“როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენლის, ელენა იგონინას განცხადებით, 2025 წელს საავადმყოფოებში ვირუსული ჰეპატიტისა და აივ-ის 8 მასობრივი კერა გამოვლინდა, სადაც 104 პაციენტი დაინფიცირდა. 2026 წელს კი გამოძიება რუსეთის 10 რეგიონის 11 სამედიცინო კერაზე გაგრძელდა, მათ შორის მოსკოვში, სადაც C ჰეპატიტის 22 შემთხვევა დაფიქსირდა.
ყველაზე მასშტაბურ ინციდენტად ყაბარდო-ბალყარეთის სანატორიუმი დასახელდა, სადაც სამედიცინო მომსახურების მიღებისას 82 პირი დაინფიცირდა (76 C ჰეპატიტით, ხოლო 6-ს შერეული ინფექცია დაუდგინდა). მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა კამჩატკისა (147 ინფიცირებული) და ბურიატის (42 ინფიცირებული) ონკოლოგიურ კლინიკებში, ასევე სამარასა და კურსკის დიალიზის ცენტრებში (26 ინფიცირებული).
ექსპერტთა შეფასებით, სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირების მთავარი მიზეზი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების უხეში დარღვევებია, მათ შორის ერთჯერადი კათეტერებისა და გლუკომეტრების მრავალჯერადი გამოყენება სხვადასხვა პაციენტზე. გარდა ამისა, 2026 წელს, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად, სისხლის კომპონენტების გადასხმის შედეგად აივ-ით დაინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
რუსეთში აივ-ინფექციით გამოწვეული წლიური სიკვდილიანობა 30 000-დან 34 000-მდე მერყეობს. მსოფლიოში სულ 15 ქვეყანაა, სადაც წელიწადში აივ-ით 15 000-ზე მეტი ადამიანი კვდება და მათ შორის ერთ-ერთი რუსეთია. ევროპის რეგიონში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ რუსეთში, უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ფიქსირდება.