არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. ოფიციალური შეხვედრა დაახლოებით 4.5 საათს გაგრძელდა, დიალოგი კი 11 ნოემბერს გაგრძელდება.
“იმის მიხედვით, რაც სტივთან ერთად მისგან მოვისმინეთ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ: დიახ, შესაბამისი პირობების არსებობისას. რუსები იმავე კითხვებს უსვამენ უკრაინელებსა და ევროპელებს: ნამდვილად არიან თუ არა ისინი გულწრფელად მზად მშვიდობისთვის?“, - აღნიშნა კუშნერმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან, კირილ ბუდანოვთან დაახლოებული Telegram-არხის (“Ukraine context“) ცნობით, უკრაინული დელეგაცია უახლოეს ხანში ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრის მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებას მოახდენს, რის შემდეგაც გუნდი ახალ დირექტივებს მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ამ ეტაპზე მხოლოდ სამხედრო ტყვეების ახალ ცვლაზე შეძლეს შეთანხმება. სხვა დეტალები ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც დელეგაციები თავიანთი ქვეყნების ლიდერებთან კონსულტაციებს გაივლიან.
მოლაპარაკებების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ომის დასასრულებლად ყველაზე სწრაფი გზის მოძებნა. მან მხარეებს მოუწოდა შეჩერდნენ ფრონტის ხაზზე და გადავიდნენ დიპლომატიურ პროცესზე, რომელიც შესაძლოა თვეები ან წელიწადზე მეტიც გაგრძელდეს.
“ჩვენ ვასრულებთ ომის ცხელ ფაზას და ადამიანები წყვეტენ დაღუპვას. როდესაც პოზიციებს ინარჩუნებთ, საუბრობთ შეხების ხაზზე, ანელებთ მობილიზაციის ტემპს და ეკონომიკა იწყებს მუშაობას. იარაღს სიტყვებით ცვლით. რა თქმა უნდა, გაჩნდება ათასობით შეკითხვა, თუმცა სწორედ ასეთი ფორმატი იძლევა ცეცხლის შეწყვეტის საშუალებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
თუმცა, რუსეთში ეს წინადადება ფაქტობრივად უარყვეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჯერ რეგიონული უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურა უნდა ჩამოყალიბდეს და რუსეთი მორიგ ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, თუ არ იცის, რა იქნება შემდეგ.
უკრაინის უმაღლესი რადის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ მერეჟკომ UNIAN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბუ-დაბის შეხვედრისგან საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ცალკეული ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას უნდა ველოდოთ. მისი თქმით, რუსული დელეგაციის შემადგენლობა მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვში მოლაპარაკებებს სერიოზულად არ ეკიდებიან.